Ford V Ferrari: რეალური ისტორია ფილმის მიღმა
1960-იან წლებში Ford Motor Company-ს ახალგაზრდა მძღოლების გულის მოგება სჭირდებოდა. ამისთვის მათ უფრო სწრაფი და ძლიერი ავტომობილი უნდა აეწყოთ. ჰენრი ფორდ მეორემ არც მეტი, არც ნაკლები, „ფერარის“ შეძენა გადაწყვიდა. ეს ორივე ავტომწარმოებლისთვის სარფიანი გარიგება ჩანდა. „ფორდს“ ევროპულ რბოლებში მონაწილეობა უნდოდა, ენცო ფერარის კი ფული სჭირდებოდა.
1963 წელს, რამდენიმე თვიანი შრომის შემდეგ, დეტალები შეათანხმეს. „ფორდი“ „ფერარის“ სამგზავრო ავტომობილებზე სრულ კონტროლს მიიღებდა, სარბოლო დივიზია კი ისევ „ფერარის“ რჩებოდა. როცა ენცო ფერარის შეთანხმება წარუდგინეს, მნიშვნელოვანი დეტალი დამატებული აღმოჩნდა. „ფორდს“ სარბოლო დივიზიის ბიუჯეტის კონტროლი შეეძლო. ენცომ და მისმა ადვოკატმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს, სასადილოდ გავიდნენ და უკან აღარც დაბრუნებულან. „ფორდმა“ შურისძიება გადაწყვიტა.
გარიგების ჩაშლიდან სამი წლის შემდეგ Ford-ის GT40-მა დაიტონას 24 საათი, სებრინგის 12 საათი და ლე მანის 24 საათი მოიგო. 1966 წელს „ფორდმა“ „ფერარი“ დაამცირა. მისმა ავტომობილებმა ლე მანზე 1-2-3 ადგილი დაიკავა. ეს იყო პირველად, როცა საფრანგეთში ამერიკულმა ავტომობილებმა პრესტიჟულ რბოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. 6 წლის განმავლობაში პირველად „ფერარი“ დამარცხდა.
კენ მაილსი და ქეროლ შელბი, ლე მანი, 1966 წელი
ფილმში Ford V Ferrari ეს ისტორიაა გაცოცხლებული. მრბოლელი კენ მაილსი (კრისტიან ბეილი) ცნობილ კონსტრუქტორ ქეროლ შელბისთან (მეთ დეიმონი) ერთად მუშაობს ავტომობილზე, რომელმაც ბაზრის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს და ლე მანიც მოიგოს. ეს ფილმი მხოლოდ შურისძიებაზე როდია. ეს არის ფილმი ინოვაციაზე, შრომისმოყვარეობასა და რისკზე.
ეს იყო ახალი, ინოვაციური ავტომობილის შექმნის სურვილი, რომელიც „ფორდს“ დიდ გამარჯვებებსა და ბაზარზე წარმატებას მოუტანდა. ამას კი ხელი „ფერარისთან“ დაპირისპირებამ შეუწყო.