საინტერესო, სასარგებლო ინფო
Aa
Aa

რას ნიშნავს „Check Engine“ სიგნალი და როგორ გავუმკლავდეთ მას

როცა ავტომობილის მონაცემთა დაფაზე „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი ანთებს, ეს შესაძლოა ბევრ რამეს ნიშნავდეს. პრობლემა შეიძლება მარტივად მოსაგვარებელიც იყოს და რთულიც. ყოველ შემთხვევაში, თქვენს ავტომობილს შეკეთება დასჭირდება.

„შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი - იგივე მრავალფუნქციური ინდიკატორი - არის სიგნალი ავტომობილის ძრავის კომპიუტერიდან, რომელიც მიგვითითებს, რომ რაღაც რიგზე არაა.

ადრე ავტომწარმოებლებს საკუთარი დიაგნოსტიკური სისტემები ჰქონდათ, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამონაბოლქვს აკონტროლებდა. 1996 წლიდან ავტომწარმოებლებმა თავიანთი პროდუქტები OBD-II პროტოკოლის ქვეშ გააერთიანეს. პროტოკოლის მიხედვით, ყველა პრობლემას თავისი კოდი აქვს და ინფორმაცია უნივერსალური კონექტორის საშუალებით გადაიცემა. ეს კონექტორი, საჭის სვეტის ქვეშ მდებარეობს. 

„შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი, როგორც წესი სტაფილოსფერი, ყვითელი, ან ქარვისფერია. ეს უკვე ავტომწარმოებელზეა დამოკიდებული. თუ სინათლე ციმციმებს, ეს უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, კატალიზური კონვერტერი იყოს გადახურებული.

სიგნალები შესაძლოა აგვერიოს

ზოგ გამოუცდელ მძღოლს, „სერვისის“ სიგნალი „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალში ერევა. ეს სინათლეები ერთმანეთთან კავშირში არ არის. სერვისის სიგნალი, როგორც წესი, უფრო მსუბუქი პრობლემის მანიშნებელია, მაგალითად, ზეთის გამოცვლის საჭიროების. ის უფრო გეგმურ შემოწმებაზე მიგვითითებს, მაშინ, როცა ძრავის შემოწმების საჭიროების სიგნალი უფრო დიდი პრობლემის ნიშანია.

თანამედროვე, ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში პრობლემის დადგენის მიზეზის გარკვევა მექანიკოსის დახმარების გარეშეც შეიძლება. სპეციალური კოდის წამკითხველი ავტომობილის საბორტო დიაგნოსტიკურ სისტემას უერთდება. ეს მოწყობილობა ძვირი არ ღირს და მისი შეძენა სპეციალურ, ან ონლაინმაღაზიებშია შესაძლებელი. კოდის მნიშვნელობები ინტერნეტში მარტივად იძებნება.  

როგორ ჩავაქროთ „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი?

კოდის წამკითხველების უმეტესობა სინათლის ჩაქრობის ან გადატვირთვის საშუალებას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ვერ მოგიგვარებთ და რაღაც დროის შემდეგ სინათლე ისევ აინთება.

კოდი ყოველთვის ზუსტი არ არის

მაშინაც კი თუ კოდს გავიგებთ, შესაძლოა, პრობლემის მოგვარება ვერ შევძლოთ. დენ ედმუნდსი თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

„ჩემი ცოლის ავტომობილი ცუდად იძვრებოდა. „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალს ანთებდა. ჩემმა კოდის წამკითხველმა ღერძის პოზიციის სენსორის გაუმართაობა აჩვენა. ახალი სენსორი შევიძინე. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სენსორი წესრიგში იყო. დრო და ფული უაზროდ დავხარჯე. თურმე, კაპოტის ქვეშ თაგვები შემძვრალან და დამაკავშირებელი კაბელები გადაუღრღნიათ“. - აღნიშნავს ედმუნდსი.

რამ შეიძლება „შეამოწმეთ ძრავა“ სიგნალი აანთოს?

ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

  • ანთების კოჭი და ანთების სანთელია გამოსაცვლელი;
  • ჟანგბადის სენსორებია შესაცვლელი;
  • კატალური კონვერტერია შესაცვლელი;
  • შეამოწმეთ საწვავის ავზის თავსახური. მოუშვით, ან მოუჭირეთ. თუ ჩანაცვლებაა საჭირო, გამოცვალეთ;
  • გამოცვალეთ MAF-სენსორი;
  • გამოცვალეთ საწვავის ფრქვევანა;
  • გამოცვალეთ თერმოსტატი.

ინჟინრების ნაწილის აზრით, შესაძლოა სიგნალი აინთოს და ავტომობილს სინამდვილეში არაფერი სჭირდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა სინათლის ანთება ჰაერში ტენიანობის ცვლილებამ და სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში სინათლე ცოტა ხნის შემდეგ თავისით ჩაქრება.

სიგნალი უყურადღებოდ არ დატოვოთ!

ზოგიერთი მექანიკოსის თქმით, ბევრი ადამიანი სიგნალს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ისინი ნიშანზე უბრალოდ რაიმეს აკრავენ და სიარულს აგრძელებენ. ეს დაუშვებელია და ამ გულგრილობამ შესაძლოა ბევრად დიდ პრობლემამდე მიგვიყვანოს.

მაგრამ, რა უნდა ვქნათ, თუ სინათლე არ ციმციმებს და მუდმივად ანთია? პასუხი მარტივია: მექანიკოსია საჭირო. რა თქმა უნდა, ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ბევრ ადამიანს უბრალოდ ძველი მანქანა ჰყავს. სურს, რომ ის ბენზინის ბოლო წვეთამდე გამოიყენოს და მისი შეკეთება არ უღირს. ტექნიკური დათვალიერება ამ შემთხვევაში ყველასთვის კარგი მოტივატორია.

კოდის წამკითხველი ხელსაწყოსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას. მაშინაც კი თუ მექანიკოსთან კონსულტაციას გადაწყვეტთ, უკვე გეცოდინებათ, დაახლოებით რა სჭირს თქვენს ავტომობილს. თუ მექანიკოსიც დაგიდასტურებთ, მიხვდებით, რომ სწორ გზას ადგახართ და თავიდან არასაჭირო ხარჯებს აიცილებთ.

მსგავსი სიახლეები