ალენ მარი პასკალ პროსტი, მსოფლიოში ცნობილი, როგორც ალენ პროსტი, ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოიგო. თუმცა, ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს ეს რატომღაც ავიწყდებათ და ყველაზე ხშირად მას აირტონ სენასთან მეტოქეობის გამო იხსენებენ.
ფორმულა 1-ში „პროფესორმა“ 13 სეზონი ჩაატარა და ტიტული 4-ჯერ მოიგო. ის ერთ-ერთია ამ სპორტის ისტორიაში იმ ხუთი ადამიანიდან, ვინც მსგავს ან უფრო მაღალ შედეგს მიაღწია. აგრეთვე 2-დან ერთი, ვინც რბოლა მიატოვა, დაბრუნდა და ტიტულის მოგება შეძლო.
წარმატებას 1985, 1986, 1989 და 1993 წლებში მიაღწია და ფორმულა 1-ის გულშემატკივრების ტოპ 10 საუკეთესო პილოტში აღმოჩნდა.
თუმცა, მისი შეპყრობილობა და მიზანდასახულობა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს უფრო აფრთხობდა, ვიდრე მათ გულებს იგებდა. რბოლისადმი მისი მეწვრილმანე დამოკიდებულება ბევრისთვის მიუღებელი იყო.
ის პრინციპული პილოტი იყო. 1989 წელს ავსტრალიის გრან პრიზე სიცოცხლის გარისკვას საჩემპიონე ქულების გარისკვა და ბოქსებში ჯდომა ამჯობინა.
„უბრალოდ ვიფიქრე, რომ ზედმეტად საშიში იყო. მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს“. - თქვა მან.
და მაინც... ის არის ადამიანი, რომელიც სენას წმინდანობის მითს ბღალავს.
სენა რბოლას ვნებას და სანახაობრივობას მატებდა. პროსტის გამარჯვებები კი რბოლას მარტივად წარმოაჩენდა. რბოლისადმი მისი ინტელექტუალური მიდგომის გამო, ფრანგს „პროფესორი“ შეარქვეს.
პროსტის მრავალი სახე ბევრი ადამიანისთვის დღესაც ამოუცნობი და საინტერესოა.
კარგი: 1981 წლის საფრანგეთის გრან პრი
პროსტის დებიუტი „მაკლარენში“ 1980 წელს შედგა. 1981 წლის სეზონში კი ის ფრანგულ გუნდ Equipe Renault Elf-ში გადავიდა.
„რენოს“ ბოლიდი პრობლემური იყო. როცა ტემპი ჰქონდა, წარმატების მოტანა შეეძლო. როცა პრობლემა უჩნდებოდა, მაშინ ყველაფერი ფინიშის ხაზამდე სრულდებოდა.
პირველი 7 რბოლიდან პროსტმა 6 რბოლის დასრულება ვერ შეძლო. შემდეგ კი საფრანგეთის გრან პრის ჯერი დადგა.
ფრანგი ატარებს ფრანგულ ავტომობილს საფრანგეთში. ეს სამმაგი წნეხი იყო. მითუმეტეს წინა წელს მან ამ ტრასაზე რბოლის დასრულება ვერ შეძლო.
მრბოლელებს რთულ პირობებთან გამკლავება უწევდათ. ამინდი იცვლებოდა. პრობლემა „რენოსაც“ ჰქონდა, მაგრამ სწორ მონაკვეთზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო.
პროსტმა კვალიფიკაციაზე მესამე ადგილი დაიკავა. მან ჯონ უოტსონის მსგავსი დრო აჩვენა, თუმცა, წესების მიხედვით, ვინც ეს დრო პირველმა დააფიქსირა, ის უფრო მაღალ პოზიციას იკავებდა.
ნაცრისფერი ღრუბლები და ცივი ამინდი... პროსტის გუნდელი რენე არნო „პოლ პოზიციას“ იკავებდა. „რენოს“ გუნდი იმედიანად გამოიყურებოდა.
ნელსონ პიკემ არნოს გასწრება მალევე შეძლო. პროსტმა უოტსონს გაასწრო და „ბრებჰემის“ პილოტს დაედევნა.
მოულოდნელად, პროსტის ბოლიდს პრობლემა შეექმნა. მეოთხე სიჩქარეში აღარ ირთვებოდა. თუმცა, პრობლემები პიკესაც ჰქონდა. ფრანგი ბრაზილიელს უკვე უახლოვდებოდა, როცა საქმეში ბუნება ჩაერთო და წვიმა დაიწყო.
59 წრეზე რბოლა დროებით შეაჩერეს. გავლილი წრეების რაოდენობა შედეგის დასაფიქსირებლად არ იყო საკმარისი. წვიმამ გადაიღო და რბოლა გაგრძელდა. „რენოს“ გუნდმა მეოთხე სიჩქარის შეკეთება მოასწრო.
პროსტი Michelin-ის რბილ საბურავებზე იყო. მან უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლო. საბოლოოდ, კი ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.
საფრანგეთში ფრანგმა ფრანგული გუნდის ბოლიდით თავისი პირველი რბოლა მოიგო.
„ადრე ფიქრობდი, რომ შეგეძლო ამის გაკეთება, ახლა იცი, რომ შეგიძლია“. - თქვა მან და ასე დაიწყო მისი გამარჯვებების ისტორია ფორმულა 1-ში.
ცუდი: 1984 წლის სეზონი
1983 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პროსტმა ნელსონ პიკესთან 2 ქულით წააგო.
პროსტი ჩემპიონატში ბელგიის გრან პრიდან ბოლო, სამხრეთ აფრიკის რბოლამდე ლიდერობდა.
მის RE40-ს ოცდამეთხუთმეტე წრეზე ტურბომ უმტყუნა. მისთვის რბოლა დასრულდა, პიკე კი მესამე ადგილზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პროსტმა „რენო“ წლის ბოლოს დატოვა და „მაკლარენში“ გადავიდა, სადაც მისი მეწყვილე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკი ლაუდა იყო.
სეზონის განმავლობაში „მაკლარენი“ ან იგებდა რბოლას, ან ვერ ასრულებდა. პროსტმა 7-ჯერ გაიმარჯვა, ლაუდამ - 5-ჯერ. ფრანგმა 5-ჯერ ვერ დაასრულა რბოლა, ავსტრიელმა 6-ჯერ.
პროსტი ფინალურ რბოლაში ლაუდას მხოლოდ 3.5 ქულით ჩამორჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, ლაუდას მეორე ადგილი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. ალენ პროსტს ჩემპიონობამდე 0.5 ქულა დააკლდა.
მაგრამ, რატო მოხდა ასე? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს იმ რბოლის ბრალია, რომელიც პროსტმა მონაკოში მოიგო.
ისედაც უკვე საშიშ წრეზე ძლიერი წვიმა მოდიოდა. რბოლა 45 წუთით გვიან დაიწყო. „პოლ პოზიციაზე“ პროსტი იდგა. მის უკან ადგილს ნაიჯელ მენსელი და რენე არნო იკავებდნენ.
არნოს „ფერარი“ დერეკ უორვიკის „რენოს“ დაეჯახა. ბრიტანელი დამცავ ჯებირს შეეჯახა. მას მისი გუნდელი პატრიკ ტემბეი დაეხმარა. ორივე პილოტმა ფეხი დაიზიანა.
პროსტმა ლიდერობა მენსელთან დათმო. TAG-ის ძრავამ უმტყუნა. ლიდერობა 6 წრის მერე დაიბრუნა, მაშინ, როცა მენსელს ავარია მოუვიდა. ლაუდას ბოლიდმა 23-ე წრეზე ძალა დაკარგა და ავსტრიელს რბოლის შეწყვეტა მოუხდა.
პროსტს აირტონ სენა უახლოვდებოდა, რომელმაც Toleman-Hart-ის ბოლიდით, რბოლა მეცამეტე პოზიციაზე დაიწყო.
პროსტმა 29-ე წრეზე სტიუარდებს ანიშნა, რომ რბოლა ზედმეტად საშიში გახდა, მაგრამ მათ წითელი დროშა არ გამოფინეს.
31-ე წრეზე პროსტმა კიდევ ერთხელ ანიშნა. შენელებულ ფრანგს სენამ 32-ე წრეზე გაუსწრო.
32-ე წრეზე ჯეკი იკიქსის გადაწყვეტილებით, რბოლა შეწყდა. წესების თანახმად, რბოლა 31-ე წრის შედეგებით დაასრულეს. ასე აღმოჩნდა პროსტი სენას წინ.
[ArticleBannerPlaceholder]იკიქსმა გადაწყვიტა, რომ რბოლა არ უნდა გაგრძელებულიყო. რადგან დისტანციის 75% გავლილი არ იყო. მრბოლელებს განახევრებული ქულები მიანიჭეს. შესაბამისად, პროსტს 4.5 ქულა ერგო.
ეს გადაწყვეტილება საეჭვო იყო. პროსტის TAG-ის ძრავის დიზაინი „პორშესგან“ იყო. ჯეკი იკიქსი კი თვითონ „როტმანს-პორშეს“ პილოტი იყო.
პროსტმა მონაკოს რბოლა მოიგო, მაგრამ ტიტული ლაუდასთან წააგო. რბოლის 75% დასრულებული რომ ყოფილიყო, მაშინაც კი თუ პროსტი სენასთან დამარცხდებოდა და მეორე ადგილს დაიკავებდა, სრულ 6 ქულას მოიპოვებდა და ეს ტიტულის მოსაგებად საკმარისი იქნებოდა.
ბოროტი: სენასთან მეტოქეობა
„პროფესორს“ თავისი „მაკლარენისთვის“ „ჰონდას“ ძრავა უნდოდა. იცოდა, „ჰონდა“ დაინტერესდებოდა, თუ გუნდში აირტონ სენა იქნებოდა.
ფრანგმა „მაკლარენი“ დაარწმუნა, რომ გუნდში სენა აეყვანათ. ასე დაიწყო ლეგენდარული მეტოქეობა ალენ პროსტსა და ბრაზილიელ პილოტს შორის.
„მაკლარენი“ 1988 წლის სეზონში დომინირებდა. მათ 16 რბოლიდან გამარჯვება 15-ში მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული საბოლოოდ სენას დარჩა. მან ფრანგს სამი ქულით აჯობა.
ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო!
1989 წელს სენამ პირველი 4 რბოლიდან სამი მოიგო. შემდეგი 4 რბოლიდან სამში კი გამარჯვება პროსტმა მოიპოვა. სეზონის განმავლობაში სენამ კიდევ სამი რბოლა მოიგო. პროსტმა მხოლოდ ერთი.
თუმცა, ფრანგი უფრო სტაბილური აღმოჩნდა და იაპონიის გრან პრიზე ის ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა. სენას პროსტის დასამარცხელბლად ბოლო ორი რბოლის მოგება სჭირდებოდა.
პროსტი მეორე პოზიციაზე იდგა. სენა პირველზე. ბრაზილიელის გაუფრთხილებლად ფრანგის ბოლიდს აეროდინამიკული ფრთა მოხსნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სწორ მონაკვეთზე პროსტი უფრო სწრაფი იქნებოდა.
მან გუნდელს მალევე გადაუსწრო და და ლიდერობას ამყარებდა. სენამ დაწევა 40-ე წრეზე შეძლო. სენას სიარული დაბინძურებულ ჰაერში უწევდა და საბურავებიც სწრაფად ცვდებოდა.
6 წრის შემდეგ, სენამ შეტევა გადაწყვიტა. პროსტმა სივრცე ჩაუკეტა და ერთმანეთს შეეჯახნენ. თვლები დაიბლოკა, ძრავები ჩაქრა. რბოლა ორივე პილოტისთვის დასრულებული ჩანდა.
პროსტმა რბოლა შეწყვიტა. სენამ კი ბოლიდის თავიდან დაქოქვა შეძლო. პიტ-სტოპზე მისი ბოლიდი შეაკეთეს. სენა ტრასაზე მეორე ადგილზე დაბრუნდა. საბოლოოდ, კი რბოლის ლიდერიც გახდა და პირველი ადგილი დაიკავა.
რბოლის შემდეგ, სენას ფრანგთან შეჯახების გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს. ასე მოიგო პროსტმა 1989 წლის სეზონი.
გაბრაზებულმა სენამ განაცხადა, რომ პროსტი FISA-ს ხელმძღვანელ ჟან მარი ბალესტრესგან განსაკუთრებულ მოპყრობას იღებდა:
„ცხადია, რომ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წნეხმა, პროსტის ჩემპიონად გამოცხადება განაპირობა“. - თქვა მან.
საპასუხოდ პროსტმა განაცხადა, რომ სენა „სახიფათოდ მართავდა“ და ამტკიცებდა, რომ „მაკლარენი“ და „ჰონდა“ უპირატესობას ბრაზილიელს ანიჭებდნენ.
ამ ორი პილოტის ერთ გუნდში ყოფნა შუეძლებელი გახდა და 1990 წელს პროსტი „ფერარიში“ გადავიდა. ამან მეტოქეობა ვერ დაასრულა.
1990 წლის სეზონიც დაძაბული გამოდგა. ტიტულის საკითხი ისევ პროსტსა და სენას შორის წყდებოდა და ისევ იაპონიაში.
როგორც წინა წელს, სენა „პოლ პოზიციაზე“ იყო. თუმცა, ამჯერად კმაყოფილი ამით არ ყოფილა. მან ითხოვა, რომ მისი სასტრარტო ადგილი ტრასის სუფთა მხარეს გადაეტანათ. ბალესტრემ უარი განაცხადა.
პროსტს უკეთესი სტარტი ჰქონდა. პირველივე მოსახვევში სენამ ისეთი მანევრი ჩაატარა, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ არ გაამართლებდა.
ორივე პილოტს რბოლის შეწყვეტა მოუხდა.
პროსტმა სენას „საზიზღარი და ადამიანი ღირებულებების გარეშე უწოდა“. იაპონიის გრან პრიზე ფინიშის ხაზის ვერ გადაკვეთა პროსტისთვის ტიტულის წაგებას ნიშნავდა.
1991 წლის სეზონში სენა „მაკლარენში“ დარჩა, პროსტი „ფერარიში“. „ფერარიმ“ კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო. სენამ ტიტული მოიგო. პროსტი კი მხოლოდ მეხუთეზე გავიდა.
ფრანგმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი იყო და წლის ბოლოს ფორმულა 1 დატოვა. 1993 წელს კი „უილიამსის“ გუნდში დაბრუნდა.
მან ტიტული მეოთხედ მოიგო და გამოიცანით, ვინ დაამარცხა? სენა. 99 ქულა 73-ის წინააღმდეგ და ამჯერად იაპონიის გრან პრიზე უხეშობა არავის გამოუჩენია.
1987 წლიდან - 2001 წლამდე პროსტს რეკორდი ჰქონდა: ყველაზე მეტი მოგებული გრან პრი. მან 51 გრან პრი პირველ ადგილას დაასრულა. მისი რეკორდის მოხსნა 2001 წელს ბელგიის გრან პრიზე მიხაილ შუმახერმა შეძლო.
1999 წელს „მსოფლიო სპორტის დაჯილდოებამ“ ფრანგმა ავტოსპორტის კატეგრიაში საუკუნის ჯილდო გადასცა. 1997 წელს პროსტმა Ligier-ის გუნდი შეიძინა და მას Prost Grand Prix უწოდა. გუნდი 2002 წელს გაკოტრდა.
2003-2012 წლებში ფრანგი Andros Trophy-ში მონაწილეობდა. მან 38 რბოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.
ფორმულა 1-ის 2010 წლის სეზონში რეგულაციები შეიცვალა. სტიუარტები ყოფილი პილოტები უნდა ყოფილიყვნენ. ალენ პროსტი პირველი იყო, ვინც ეს ადგილი დაიკავა. იმავე წელს, მან სპეციალურად ლეგენდებისთვის მოწყობილ „ჩემპიონების რბოლაშიც“ მიიღო მონაწილეობა.
2012 წელს პროსტი „რენოს“ საერთაშორისო ელჩად დაასახელეს, 2017 წლიდან კი „რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდის მრჩეველი გახდა. 2019 წლის ივლისიდან კი „რენოს“ დირექტორთა საბჭოს წევრია.
შესაძლოა, ალენ პროსტის პიროვნება ბევრს არ მოსწონდეს და მას მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად არ მიიჩნევდეს, მაგრამ მისი სტატისტიკა, ლეგენდარული აირტონ სენას წინაღმდეგ გამარჯვებები და ზედმეტსახელი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „პროფესორი“ ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ლეგენდაა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.