Aa Aa

ავტოსპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა: Goodwood-ის სიჩქარის ფესტივალი

სიჩქარის ფესტივალი (Festival of Speed), რომელიც გუდვუდის სამკვიდროს ულამაზესი პარკის გარემოში ტარდება, ავტოსპორტის ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიებაა. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ ხელით ყველა ბოლიდს შეეხოთ, შეხვდეთ და გაესაუბროთ ამ ბოლიდების პილოტებსა და სხვა მრბოლელებს, რომლებმაც ავტოსპორტის ისტორია შექმნეს. აქ შეგიძლიათ ძრავების სულისშემძვრელი ხმებით, დამწვარი საბურავების სუნითა და ფესტივალის ატმოსფეროთი დატკბეთ.



გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი წელიწადში ერთხელ ტარდება, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ფესტივალის ხანგრძლივობა ოთხი დღეა და ისეა დაგეგმილი, რომ ფორმულა 1-ის კალენდართან თანხვედრა არ ჰქონდეს. ამ სამი დღის განმავლობაში რამდენიმე ტიპის ღონისძიება ტარდება: გუდვუდის წრიული რბოლა ისტორიული ავტომობილებით, გუდვუდის აღმართის დაძლევა და გუდვუდის რალი.



ისტორია

გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი 1993 წელს ლორდ მარჩის მიერ დაარსდა. მას გუდვუდის სამკვიდროში ავტორბოლების დაბრუნება სურდა, რადგან ამ ადგილს ბრიტანულ ავტოსპორტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 1990 წელს, როდესაც გუდვუდის სამკვიდრო ლორდ მარჩის მფლობელობაში გადავიდა, მან რბოლის ჩატარება გადაწყვიტა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, ლორდმა ღონისძიებია საკუთარ მიწებზე ჩაატარა.

მონაწილეთა მცირე რაოდენობა შეიკრიბა. მათ მხოლოდ ისტორიული ავტომობილები წარადგინეს. პირველი ღონისძიება 13 ივნისს, კვირას, ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამ დღეს „ლე მანის“ 24 საათიანი რბოლა მიმდინარეობდა, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალმა 25 000 მაყურებელი შეკრიბა. პირველი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ლორდ მარჩმა პირობა დადო, რომ გუდვუდის ფესტივალის ჩატარების თარიღი არც „ლე მანის“ 24 საათიან და არც ფორმულა 1-ის რბოლებს აღარ დაემთხვეოდა. 1994 წელს ფესტივალს შაბათი დღე მიემატა და ორდღიანი გახდა. 1996 წელს მას პარასკევი მიუმატეს. 2010 წელს კი, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს Moving Motor Show დაემატა, რომელიც ხუთშაბათს ტარდება. მას შემდეგ ფესტივალის ხანგრძლივობა 4 დღეა.

ღონისძიებები

აღმართის დაძლევა

ღონისძიება აღმართის დაძლევად კლასიფიცირდება. ღონისძიების დროს მაყურებელს ტრასის ახლო წვდომა აქვს. მონაკვეთის სიგრძე 1.86 კილომეტრას შეადგენს. გზის სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლე 92,7 მეტრია. აღმართის დაძლევის 39,9-წამიანი რეკორდი რომან დუმასმა ელექტრონული Volkswagen I.D. R-ით 2019 წელს დაამყარა.

ფორმულა 1-ის რეკორდი 41,6 წამია, რომელიც 1999 წელს ნიკ ჰედფელდმა McLaren MP4/13-ით დაამყარა. სამწუხაროდ, თანამედროვე ფორმულა 1-ის ბოლიდები რეკორდს მოხსნიდნენ თუ არა, ვერ გავიგებთ, რადგან ფორმულას ბოლიდებს უსაფრთხოების მიზნით აღმართის დაძლევა აუკრძალეს.

რალის მონაკვეთი გუდვუდის ტყეში

2005 წლიდან დღემდე, გორაკის თავზე რალის ავტომობილების სადემონსტრაციო სივრცე არსებობს. თავდაპირველად რალის მონაკვეთის სტარტის და ფინიშის ზოლი ერთსა და იმავე ადგილას იყო. მონაწილეებს ხრეშიანი მონაკვეთის ბოლოში ასფალტიანი მონაკვეთი ხვდებოდათ, სადაც 180 გრადუსიან ბრუნს აკეთებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ამის გამო, მონაკვეთზე ერთზე მეტი მანქანა ვერ გამოდიოდა, რაც მონაწილეთა რაოდენობაზე ნეგატიურად აისახებოდა.

2006 წელს კი, რალის ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილი პილოტის - ჰანუ მიკოლას დახმარებით, სრულფასოვანი 2,5-კილომეტრიანი რალის მონაკვეთი შეიმუშავეს, განსხვავებული სტარტ-ფინიშის წერტილებით. ამით მონაწილეებს მონაკვეთის დასაძლევად ბევრად უფრო მოკლე ინტერვალებში გავლის საშუალება მიეცათ, რაც გამოსვლის შანსს მეტ მანქანასა და მრბოლელს აძლევს.

სუპერქარების გარბენი

2000 წლიდან Michelin Supercar Run ტარდება. ამ ღონისძიებაში მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების სუპერქარები იღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება ავტომწარმოებლებს მათი უახლესი სპორტული ავტომობილების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

[ArticleBannerPlaceholder]

Cartier Style et Luxe

Cartier Style et Luxe კლასიკური ავტომობილების გამოფენა არის, რომელიც პირველად 1995 წელს ჩატარდა. ამ გამოფენის ექსპონატები ორგანიზატორების მიერ არის შერჩეული. თავად ექსპონანტები კი მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ პერიოდებში გამოშვებული ავტომობილებისგან შედგება.



ავტომობილები თავისი ორიგინალურობით, ისტორიით, დიზაინით და მდგომარეობით ჟიურის მიერ ფასდება, რომელიც მსოფლიოს ცნობილი ადამიანებისა და ავტომობილების დიზაინერებისგან შედგება.

Moving Motor Show

Moving Motor Show გუდვუდის ფესტივალს 2010 წელს დაემატა, ბრატანულ საერთაშორისო ავტოშოუს გაუქმების საპასუხოდ. Moving Motor Show ბრიტანული საერთაშორისო ავტოშოუს მსგავს ხასიათს ატარებს, სადაც ახალი მანქანების მყიდველები იკრიბებიან და სარბოლო ტრასაზე ავტომობილის დინამიკას და სხვა მონაცემებს სცდიან.



ძირითადი ღონისძიებების გარდა, მაყურებელს ფესტივალის განმავლობაში უამრავი გასართობი ელოდება. მათ შორის აეროშოუ, ავტო ილუსტრაციების გამოფენა, თავისუფალი მოტოკროსი და სხვა.
ამიტომ, თუ ნამდვილი ავტომოყვარული ხართ, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ.

გაზიარება: