LED ნათურები ჰალოგენების წინააღმდეგ: რომელია უკეთესი?
ავტომობილების უმეტესობა ქარხნულად ჰალოგენის მაშუქებით არის აღჭურვილი. წარმოება ძვირი არ ჯდება და საქმესაც კარგად ასრულებს. ბოლო წლებში ავტომწარმოებლებმა საკუთარი ახალი ავტომობილის LED მაშუქებით აღჭურვა დაიწყეს. მაღაზიები კი შესაერთებლიანი LED მაშუქებით სავსეა.
მოდით, ჰალოგენური და LED ნათურები ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.
ჰალოგენური მაშუქები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰალოგენური ნათურები ავტომობილებში უფრო ფართოდ გამოიყენება. ტექნოლოგია ახალი არ არის, მაგრამ იმდენად გათანამედროვებულია, რამდენადაც შესაძლებელია.
ჰალოგენური მაშუქები ვარვარის ნათურის ნაირსახეობაა. ის ჰალოგენური ორთქლითაა სავსე. ჩვეულებრივი ნათურები ძირითადად არგონს იყენებს. ჰალოგენები ჰალოგენური გაზითაა სავსე, რომელიც ნათურებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
დენის ვოლფრამის ძაფში გავლის დროს, ის ცხელდება. შემდეგ კი სინათლის გამოყოფას იწყებს. ჰალოგენური ნათურა გარედან ცხელდება. ენერგია სიცხის სახით გამოიყოფა.
ასეთი ნათურის ხშირი გამოყენების მიზეზი მისი სიმარტივე და დაბალი ფასია. HID და LED მაშუქებისგან განსხვავებით, ჰალოგენური მაშუქები ნაკლებ ელექტრონიკას მოითხოვს. თუ ნათურა მუშაობას წყვეტს, ეს იმის ნიშანია, რომ ვოლფრამის ძაფი დაზიანებულია. სიმარტივე დაბალ ფასს განაპირობებს.
LED ნათურები
ახალი არც LED ნათურების ტექნოლოგიაა. LED ნათურა ჰალოგენურისგან სრულიად განსხვავებულად მოქმედებს. მას ვოლფრამის ძაფი არ აქვს. დენს ნახევარგამტარი გადასცემს, რომელიც ფოტონებს გამოყოფს და, საბოლოოდ, სინათლე მიიღება.
სითბოს LED მაშუქებიც გამოყოფს, მაგრამ ჰალოგენთან ახლოსაც ვერ მივა. სიცოცხლის ხანგრძლივობა ნათურების ტემპერატურაზეა დამოკიდებული. LED-ის შემთხვევაში მას გაგრილება სჭირდება. ამიტომ ის უფრო დიდია, ვიდრე ჰალოგენური. სწორედ ამის გამო იქმნება ხოლმე პრობლემა, როცა მის მოთავსებას ჰალოგენური ნათურის ადგილას ცდილობენ.
უფრო თეთრი განათების მისაღებად, ნახევრადგამტარის მოქმედების შეცვლა შესაძლებელია. ჰალოგენის შემთხვევაში კი ეს უფრო მაღალი წვის ტემპერატურის ძაფითაა შესაძლებელი.
LED-ი უფრო დაბალ ვოლტაჟზე მუშაობს, ვიდრე ჰალოგენური ნათურები. თუმცა, ეს ნათურები ბევრად უფრო რთულია. გამაგრილებელი და სხვა ელექტრონიკა მუდმივ კონტროლს საჭიროებს. ისინი უფრო დიდხანს ძლებს.
ნათების ეფექტურობა
ნათების ეფექტურობა არის წარმოებული შუქის თანაფარდობა მოხმარებული ენერგიის რაოდენობასთან. ეს არის იმის საზომი, თუ რამდენად კარგად ქმნის სინათლის წყარო ადამიანის თვალით აღქმულ შუქს. ჰალოგენური ნათურის ეფექტურობაა 25 ლუმენი ვატზე. LED-ი ყველაზე ეფექტურია. მისი ეფექტურობაა 72 ლუმენი ვატზე. 10-ვატიანი LED ნათურა ისევე გაანათებს, როგორც 60-ვატიანი ჩვეულებრივი ნათურა.
შეჯამება
LED ნათურები უკეთესად ანათებს, უფრო თეთრი ფერის სინათლეს გამოყოფს და უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჰალოგენური ნათურები. მაგრამ მისი სირთულე განაპირობებს იმას, რომ ჰალოგენური ნათურები უფრო ფართოდ გამოიყენება. თუმცა, ავტომწარმოებელი LED ნათურების გამარტივებაზე ზრუნავენ და თავიანთ ავტომობილებშიც სულ უფრო ხშირად მოიხმარენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰალოგენების LED მაშუქებით ჩანაცვლება რეკომენდებული არ არის და ზოგ ქვეყანაში კანონითაც კონტროლდება.
მთლიანობაში, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული LED ნათურებია. თუ თქვენთვის უკეთესი ნათება მნიშვნელოვანია, მაშინ მასში გადახდილი თითოეული თეთრი ღირს.