2-ადგილიანების აღზევება: კლასიკად ქცეული BMW Z3 (1997-2003)
Aa
Aa

2-ადგილიანების აღზევება: კლასიკად ქცეული BMW Z3 (1997-2003)

ავტომწარმოებლები 2-კარიანი, უსახურავო ავტომობილების წარმოებას დიდხანს ერიდებოდნენ. შემდეგ კი 1989 წელს Mazda MX5 გამოჩნდა, რომელმაც ბევრი პრიზის გარდა, ავტომოყვარულების გულებიც მოიგო. ენთუზიასტები მიხვდნენ, რომ ავტომობილისგან სიამოვნების მიღება გარემოს ნაკლები დაბინძურებითაც იყო შესაძლებელი. ამ ავტომობილს მყიდველები იმდენად სწრაფად იტაცებდნენ, რომ Mazda მათ აწყობას ძლივს ასწრებდა. ამაზე სხვა ავტომწარმოებლები თვალს ვერ დახუჭავდნენ. მათ შორის ვერც BMW. ასე შეიქმნა Z3.

როცა BMW Z3 დებიუტი შედგა, ავტომოყვარულების გულები მაშინვე მოიგო და ყველასთვის სასურველი ავტომობილი გახდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: გამორჩეული სტილი, გამძლე შაი და მრავალფეროვნება. ეს იყო როდსტერი ყველაფრით.  

კონსტრუქცია

Z3 ბევრი, სხვა დადებითი თვისების გარდა, იმითაც არის ცნობილი, რომ თითქმის არ იჟანგება. ამას ისიც განაპირობებს, რომ წინა და უკანა ბამპერები პლასტმასისაა. ჟანგი თაღებს და ზღურბლსაც არ ეკარება. თუ Z3-ს ბევრი ჟანგი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომობილი ნაავარიებია და ცუდად შეღებეს.

მიუხედავად ხელმისაწვდომობისა და ცხვირზე BMW-ს ლოგოსი, ამ ავტომობილმა „ხულიგანი“ მძღოლების ყურადღება ვერ მიიპყრო. ძველი Z3-ების უმეტესობა კარგად მოვლილია. დღეს იგი ნამდვილი კლასიკაა.

ჟანგი შესაძლოა საბარგულის ჩამკეტზე ან სარკეების ბუდეზე იყოს. კარგად შეამოწმეთ საბარგული და ეძებეთ წყლის ლაქები. საბარგულში წყლის ლაქები ყველა ავტომობილის შემთხვევაში საყურადღებოა.

სახურავის ნაჭრის გამოყენება ძალიან ადვილია. ელექტრო-ჰიდრავლიკური მექანიზმი ძალიან გავრცელებულია, მაგრამ უნივერსალური არ არის. პრობლემები იშვიათია, მაგრამ მაინც შეამოწმეთ, რამდენად გამართულია პროცესი. შესაძლებელია, ფანჯრის გარშემო მამჭიდროებლები დაზიანებული იყოს. ეს დიდი პრობლემაა. სალონში წყალი მუდმივად ჩავა, რაც უსიამოვნო სუნსა და ბევრ სხვა პრობლემას გამოიწვევს. შეამოწმეთ, უკანა, პლასტმასის შუშა, რომელიც შეიძლება დაიორთქლოს ან დაიკაწროს.

1998 წლიდან ალუმინის სახურავის შეძენა იყო შესაძლებელი, თუმცა, საკმაოდ ძვირი ღირდა. ასეთი სახურავით Z3-ის ზამთარში გამოყენება უფრო მოსახერხებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცუდ ამინდში პრობლემას არც ნაჭრის სახურავი წარმოადგენს.

ძრავა

Z3 ძრავების მრავალფეროვნებას გვთავაზობდა: 8-სარქველიანი, 4-ცილინდრიანი (1.8 ლიტრიანი), 16-სარქველიანი, 4-ცილინდრიანი (1.9-ლიტრიანი) და 24-სარქველიანი,6-ცილინდრიანი (2.0-, 2.2-, 2.5-, 2.8-, 3.0- და 3.2-ლიტრიანი).

ყველა ძრავას თავისი უპირატესობა აქვს. 6-ცილინდრიანი ძრავები უფრო ძლიერია, 4-ცილინდრიანი - უფრო სანდო. 6-ცილინდრიანი ძრავების მთავარი უარყოფითი მხარე წყლის პლასტმასის ტუმბოა, რის გამოც ძრავა ხშირად ხურდება. 4-ცილინდრიანის მთავარი პრობლემა კი ლამბდა-ზოდია (ჟანგბადის გადამწოდი).

ყველაზე სუსტ Z3-ს 140 ცხენის ძალა აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 9.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 193კმ/სთ. ეს 1225 კილოგრამი ავტომობილისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკა, ან 4-სიჩქარიანი ავტომატიკა. ეს გადაცემათა კოლოფები თითქმის უპრობლემოა. თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შემოწმებას წინ არაფერი უდგას. 100კმ-ზე საშუალოდ 8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

საჭის ჰიდროგამაძლიერებლის გამო ამ ავტომობილის მართვა ნამდვილი მხიარულებაა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ავტომობილის დაკიდების სისტემით თითქოს კმაყოფილები არ იყვნენ, მაგრამ ფაქტი ერთია: თუ მის ჩანაცვლებაზე უარს იტყვით, კლასიკური, სტანდარტული სისტემა იმედს არ გაგიცრუებთ.

ეს ავტომოილები ძირითადად ქარხნული სახითაა შემორჩენილი, მაგრამ ზოგი მძღოლი მის დადაბლებასა და უფრო ხისტ დაკიდების სისტემაზე უარს ვერ ამბობდა. უკეთესი იქნება თუ მსგავსი ავტომობილის შეძენისგან თავს შეიკავებთ. ის შეიძლება არაკომფორტული აღმოჩნდეს და ძარას ძირზე ბზარებიც ჰქონდეს.

 

ექსტერიერი და ინტერიერი

Z3-ი BMW-ს სპორტული ავტომობილების მემკვიდრეობაა. მის ექსტერიერში 1930-იანი წლების ლეგენდარული 328-ისა და 1950-იანების 507-ის დეტალებს აღმოაჩენთ. ცხაურა და გვერდებზე საჰაეროები 328 მოდელს მოგაგონებთ, მაშინ როცა ხაზები და ფორმები 507-ისას ჰგავს. სახურავი რბილია, თუმცა, საკმაოდ ხარისხიანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ცუდ ამინდში გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

Z3-ის ინტერიერი მარტივი და სტილურია. ამ შემთხვევაშიც BMW მრავალფეროვნებას გვთავაზობს და ავტომობილის ვერსიის მიხედვით განსხვავებულია. კონტროლის ძირითადი ღილაკები იქ არის, სადაც საჭიროა. მათ დახუჭული თვალებითაც კი მარტივად მიაგნებთ.

2-ადგილიან ავტომობილში, რა თქმა უნდა, სალონში დიდ სივრცეს არავინ ელის. თუმცა, მაღალი მგზავრებისთვისაც კი ფეხის და თავზემოთ სივრცეც დიდია. სავარძლები საკმაოდ კომფორტულია. Z3-ების უმეტესობას ტყავის სავარძლები აქვს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში სალონში ნაჭერსაც შეხვდებით. ორივე შემთხვევაში ხარისხი მისაღებია.ერთადერთი პრობლემა პლასტმამის უკანა შუშაა, რომელიც იორთქლება და შესაძლოა ხილვადობა გააფუჭოს.

სპორტულობამ ავტომობილის საბარგულის ზომა შეიწირა.

რა თქმა უნდა, 1997 წლის მოდელში თანამედროვე ტექნოლოგიებს არ უნდა ველოდოთ. ერთადერთი, რასაც მიიღებთ, რადიოა.

ელექტრონიკა არც ისეთი  რთული აქვს, როგორც შეიძლება გეგონოთ. თუმცა, უფრო რთული ვიდრე შედარებით ძველ კლასიკურ ავტომობილებს. ყველაზე ხშირად პრობლემა ადაპტური სავარძლები ხდება. ამასთან, კარგი იქნება, თუ ორი გასაღები გექნებათ, რადგან თუ ერთადერთ გასაღებს დაკარგავთ, მაშინ ახალი გასაღების პროგრამირება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.



დასკვნა

Z3 ნამდვილად კარგი შენაძენია. ამ ავტომობილის დადებით და უარყოფით მხარეებზე დეტალურად უკვე გესაუბრეთ. მართალია, 4-ცილინდრიანი ძრავები უფრო სანდოა, მაგრამ 6-ცილინდრიანი ძრავა უფრო საინტერესო და სახალისოა. შეუძლებელია, მისმა ხმამ და სიმძლავრემ თქვენი გული ვერ მოიგოს. ამ მოდელის ფასს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ, გამორიცხული არ არის, რომ 6-ცილინდრიანი ძრავის მქონე, 4-ცილინდრიანი ძრავის მქონე მოდელის ფასად ჩაგივარდეთ ხელში. თუ რამე კიდევ უფრო განსაკუთრებულს ეძებთ მაშინ 1998 წლის M Coupe-ც არსებობს, რომელიც უფრო იშვიათია და შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს.

მსგავსი სიახლეები