ფაქტები და მითები: რამდენად უსაფრთხოა Tesla-ს ავტომობილები?
„ტესლა“ 2003 წელს დაარსდა და მისი მიზანი თავიდანვე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ელექტრო ავტომობილების წარმოება იყო. ხელმისაწვდომზე რა გითხრათ, მაგრამ „ტესლას“ ავტომობილებმა ბაზარზე გარღვევა მოახდინა. ამ ბოლო დროს კი მომხმარებლებმა კომპანიის წარმოებული ავტომობილების ხარისხში ეჭვის შეტანა დაიწყეს. Model Y-ს დიზაინის ხარვეზებზე ბევრს საუბრობენ. მაგრამ, ამ ბოლო დროს გახშირებული ავარიების გამო, ყველაზე დიდი განხილვის თემა ამ ავტომობილების უსაფრთხოება ხდება. ინტერნეტ სივრცეში აალებული Tesla-ს სურათებს ხშირად შეხვდებით. მომხმარებლები ავტომწარმოებლის ავტონომური მართვის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ, რომელიც ავარიის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
ამ ყველაფერმა Tesla-ზე მისი რეპუტაციის შემლახავი მითების შექმნა. რომელია ფაქტი და რომელი მითი? მოდით, განვიხილოთ.
1. ფაქტია - Tesla-ს ავტომობილები უსაფრთხოების ყველა კატეგორიაში კარგ შედეგს აჩვენებს
Tesla Model S-მა და Tesla Model X-მა National Highway Traffic Safety Administration (NHTSA) შეჯახების ტესტების ყველა კატეგორიაში მაქსიმალური შეფასება - 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. მისი მაჩვენებლები გადაბრუნების ტესტში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ავტომობილებმა Euro NCAP-ის ტესტებში იგივე შედეგი აჩვენა. Tesla Model 3-მა IIHS წინა შეჯახების ტესტში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
თუმცა, Model S-მა Institute for Highway Safety (IIHS)-ისგან კრიტიკა მაშუქების გამო დაიმსახურა. მათგან კრიტიკას ვერც Model 3 გადაურჩა. მათი თქმით, მუხრუჭები იმაზე ნელა მუშაობს, ვიდრე სრული ზომის სატვირთოში.
2. მითი - Tesla და სხვა ელექტრო ავტომობილები უფრო ადვილად ალდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 174,000 ავტომობილს უჩნდება ცეცხლი. წარმოიდგინეთ, რამხელა განხილვა მოჰყვებოდა ამ რიცხვს, მათი უმეტესობა ელექტრო ავტომობილები რომ ყოფილიყო. გზებზე 300 000 „ტესლაა“ და მხოლოდ დაახლოებით 40 მათგანს გაუჩნდა ცეცხლი. შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
მართალია, ბატარეების გამო აალების შემთხვევაში ამ ავტომობილის ჩაქრობა უფრო რთულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავარიის შემთხვევაში „ტესლას“ ავტომობილი აუცილებლად აალდება.
3. ფაქტი - Tesla-ს ბევრ მძღოლს სიტყვა „ავტოპილოტი“ აბნევს
„ტესლას“ მძღოლების დიდი ნაწილი ავტოპილოტის ფუნქციას იქ იყენებს, სადაც არ უნდა იყენებდეს. საბოლოოდ, ამან შესაძლოა სასიკვდილო ავარიაც კი გამოიწვიოს. კომპანია ზუსტად აღწერს, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია ამ სისტემას, მაგრამ ზოგისთვის სახელი „ავტოპილოტი“ მაინც დამაბნეველია. სასიკვდილო ავარიების დიდი ნაწილი იმით იყო გამოწვეული, რომ მძღოლებმა, უპირველეს ყოვლისა, ავტოპილოტს თავად მართვის უფლება მისცეს, როცა ფაქტია, რომ კომპანიის ავტონომური მართვის სისტემა ჯერ შორსაა იმისგან, რომ 100%-ით დამოუკიდებლად მართოს.
4. სავარაუდოდ მითი - Tesla-ს ავტომობილები ავტოპილოტზე უფრო საშიშია, ვიდრე ისინი, რომლებსაც მძღოლები მართავენ
National Safety Council (NSC)-ი თანახმად, 2017 წელს ავარიაში 40 100 ადამიანი გარდაიცვალა. ავარიებში მონაწილე მხოლოდ 3 ავტომობილი იყო ავტოპილოტზე.
NHTSA 2016 წლის კვლევის თანახმად კი „ტესლას“ ავტომობილები ავტოპილოტის ფუნქციით მილიონ მილზე 0.8 ავარიაში ხვდებოდნენ, მაშინ, როცა ავტომობილები ავტოპილოტის გარეშე 1.3-ში. „ტესლას“ მაჩვენებელი 40%-ით ნაკლები აღმოჩნდა.
„ტესლას“ მონაცემებით კი 320 მილიონ მილზე 1 გარდაცვალება ფიქსირდება. მათი დასკვნით, „ჩვეულებრივი ავტომობილები“ 3-ჯერ მეტ ადამიანს კლავს.
მთლიანობაში კი ავტოპილოტის სისტემა ისეა შექმნილი, რომ ის სიჩქარის შეზღუდვებს და მოძრაობის სხვა წესებს ზედმიწევნით იცავს. ეს მას უფრო უსაფრთხოდ უნდა აქცევდეს, ვიდრე ჩვეულებრივ მძღოლს საჭესთან.
მითია თუ ფაქტი, ის, რომ Tesla-ს ავტომობილები ავტოპილოტზე უფრო საშიშია, ვიდრე ისინი, რომლებსაც მძღოლები მართავენ, ამაზე ბევრს კამათობენ. თუმცა, არც ერთ მხარეს არ აქვს საკმარისი სტატისტიკა იმისთვის, რომ თავისი სისწორე დაამტკიცოს. ზემოთმოყვანილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს უფრო მითი უნდა იყოს, ვიდრე ფაქტი.
5. ფაქტი - უსაფრთხოების ყველაზე დიდი ნაწილი მაინც მძღოლზეა დამოკიდებული
თუ მძღოლი Tesla-ს მართვის დროს იმ წესებს დაიცავს, რაც სხვა ნებისმიერი ავტომობილის მართვის დროსაა საჭირო, მაშინ ეს ავტომობილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო იქნება.
თუ მძღოლი Tesla-ს გაფრთხილებას გაითვალისწინებს და ავტოპილოტის გამოყენებისას ხელები საჭესთან ექნება, ყურადღება გზისკენ მიპყრობილი და ტელეფონში მოკლეტექსტური შეტყობინებების წერით არ იქნება დაკავებული, მაშინ მგზავრობა უსაფრთხო იქნება.
ვისაც საკუთარი და სხვების უსაფრთხოება ადარდებს, უნდა გაითვალისწინოს და ავტოპილოტის რეჟიმი ქალაქში სასიარულოდ არ უნდა გამოიყენოს. ამ სისტემის გამოყენება ტრასაზე მოძრაობის დროსაა რეკომენდებული და მაშინაც დიდი ყურადღებაა საჭირო.
და ბოლოს, მათთვის, ვისაც Tesla-ს ავტომობილების შესაძენად საკმარისზე მეტი ფული აქვთ, მაგრამ ამ ავტომობილის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ, სხვა უფრო უსაფრთხო ავტომობილებიც არსებობს.