„მსოფლიოს ყველაზე ინდივიდუალური სუპერქარი“ ფინელებისგან
Tritium-ი Lamborghini-ს ცვალებად დიზაინსა და 671-ელექტრო ცხენის ძალას გთავაზობთ
ფინური სტარტ-აპ კომპანია Tritium-ი მონაკოს ავტოშოუზე, რომელიც იმედია ივნისში ჩატარდება, თავისი პირველი სუპერქარის წარდგენას აპირებს. კომპანია მომხმარებელს ცვალებადი დიზაინის ავტომობილს შესთავაზებს.
Tritium-ს ბევრი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დიზაინს რაც შეეხება, აშკარად Lamborghini Aventador-ი მათი შთაგონების წყაროდ იქცა. ავტომობილი ფორმულა 1-ის მსგავს კარბონის კომპოზიტური მატერიალებისგან დამზადებულ შასიზეა აწყობილი.
თუ სუპერქარის წინა ნაწილი „ავენტადორს“ ძალიან ჰგავს, უკან ერთი დიდი აეროდინამიკული ელემენტია, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილი სარბოლო ტიპის დიფუზორია.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 3D რენდერებიდან ჩანს, რომ ზემოთ გამჭვირვალე პანელი აქვს, რომელიც სავარაუდოდ შუაში განთავსებულ ელექტროძრავებს ფარავს.
როგორც Tritium-ის წარმომადგენელი ამბობს, „ავტომობილის ძარის პანელები მარტივად შესაცვლელია, რაც მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინის შექმნის შესაძლებლობას მისცემს“. ინტერეირის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ „ოფციების უსასრულო სია გარანტირებულია“.
ბატარეების ტევადობა ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ ელექტროძრავების სიმძლავრე 671 ცხენის ძალას შეადგენს.
Tritium-ის სუპერქარების ფასი €1,1 მილიონს შეადგენს და ჯერ მხოლოდ 11 სანიმუშო მოდელის წარმოებას გეგმავენ. თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, განუმეორებელი დიზაინის მქონე იქნება.