საუკეთესო თამაშები რბოლებზე: სიმულატორები PS4-სა და Xbox One-ზე
თუ ხართ სარბოლო თამაშების გულშემატკივარი, მაშინ თქვენ უამრავი არჩევანი გაქვთ. სიმულატორები, როგორიცაა GT Sport და DiRT rally, მანქანების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ისეთი თამაშები, როგორიცაა Forza Horizon 4, რიგითი მოთამაშესთვის უფრო ხელმისაწვდომი გასართობია. მნიშვნელობა არ აქვს, რას ეძებ და რომელ კონსოლზე, ყველაფერი არის, რაც გულს გაუხარდება. მით უმეტეს, დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს თამაშები რეალური სამყაროსგან დროებით მოგწყვეტთ. გარდა ამისა, კორონავირუსის გამო, ბევრი სპორტული ღონისძიება გადაიდო და ბევრი ადამიანი ამ დანაკლისს კომპიუტერული თამაშებით ივსებს.
ჩვენს ჩამონათვალში მიმოხილული ყველა თამაში საოცრად კარგად გამოიყურება. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად საჭირო აღჭურვილობაც გაუმჯობესდა. Xbox One X-სა და PS4 Pro-ს შეუძლია აჩვენოს სუფთა და მაღალი ხარისხის გამოსახულება, 4K ფორმატის/გაფართოების, HDR მხარდაჭერით, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ეკრანი გაქვთ. სწორი აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური გრაფიკა შეგიძლიათ იხილოთ და არანაკლებ რეალური ტარების ფიზიკა შეიგრძნოთ. კონტენტის მუდმივი განახლებები კი ნიშნავს, რომ მომავალში უფრო მეტი საინტერესო რამ გველის.
არჩევანი რომ გაგიმარტივოთ, წარმოგიდგენთ ჩვენს ტოპ სარბოლო თამაშებს კონსოლებისთვის (PS4, Xbox).
GT Sport: საუკეთესო PS4-ზე
Gran Turismo Sport-ი გამოსვლისთანავე კარგი იყო, მაგრამ არა შესანიშნავი. შესაძლებელი იყო, მეტი მანქანა ჰქონოდა, მეტი კონტენტი ერთი მოთამაშესთვის და მალე მოსაბეზრებელი არ გახდებოდა. არაერთი შრომატევადი თვის შემდეგ და უფასო განახლებების მერე, GT Sport-ი ერთ-ერთი ყველაზე გამოწრთობილი და ამავდროულად განვითარებადი სარბოლო თამაში გახდა, რომელიც ოდესმე გამოსულა. მანქანების და ტრასების რაოდენობა სულ იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ამ ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი გრაფიკა აქვს. თუ გაქვთ PS4 Pro და 4K, HDR მხარდაჭერის ეკრანი, Gran Turismo Sport ერთ-ერთ ყველაზე რეალისტური გრაფიკით გაგაოცებთ, რომელიც ოდესმე სადმე შეგხვედრიათ (გეიმერული PC-ების გარდა).
მართვის ფიზიკაც დაიხვეწა. მუდმივი მუშაობა მიდის მისი სრულყოფილებამდე დასაყვანად. საბურავის განახლებული მოდელი ტარებისგან ანალოგიურ შეგრძნებას გაძლევთ, როგორც Assetto Corsa-ში ან Project Cars 2.
სხვა თამაშებისგან განსხვავებით, ფანტასტიკური ქსელური რბოლები და შესანიშნავი საზოგადოება გვხვდება. ამიტომ, თუ ეძებთ ხარისხიან ქსელურ რბოლებს და გსურთ თქვენი უნიკალურობა გამოხატოთ და აგრეთვე გააზიაროთ სარბოლო უნარჩვევები, მაშინ შორს აღარ წახვიდეთ. ეს ყველაფერი არის GT Sport-ში. იმ შემთხვევაში, თუ PS4 გაქვთ და ავტომობილები გიყვართ, ეს თამაში აუცილებლად უნდა გქონდეთ. PS4 Pro-ს შემთხვევაში ლაპარაკიც ზედმეტია.
Forza Horizon 4 : საუკეთესო Xbox One-ზე
მარტივად რომ ვთქვათ, Forza Horizon 4 ერთ-ერთი საუკეთესო არკადული თამაშია, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ. სარბოლო კურსების და ტრეკების ნაცვლად Forza გვთავაზობს ბრიტანეთის ღია გზებს თავისი შესანიშნავი პეიზაჟებით, რომლებიც წელიწადის სეზონების მიხედვით იცვლება. ამ გზების დასაფარად მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ 700-ზე მეტ ავტომობილს გვაძლევს. ჩვენ გვითამაშია იგი და ჩვენ შეგვიყვარდა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ Need For Speed: Underground-ის მერე რაც კი გამოსულა, საუკეთესო არკადული თამაშია. პრობლემებს რაც შეეხება, ეს არ არის თამაში სიმულატორული მრბოლელებისთვის და მხოლოდ Xbox-სა და ახლა უკვე PC-ზეც გამოდის.
Dirt Rally 2.0: რალის საუკეთესო თამაში (PS4, Xbox One, PC)
რალის ენთუზიასტებიც არ დარჩნენ ყურადღების მიღმა. Codemasters-ის Dirt Rally არ არის იდეალური თამაში, მაგრამ საუკეთესოა ფიზიკის კუთხით. დიდი განახლებები ივლისში დასრულდა, რომლების შედეგადაც საბურავის მოდელი და დაკიდების სისტემის ქცევა შეიცვალა. დაამატეს ახალი ბოლიდები და ტრასები, როგორებიცაა უეილსის, ფინეთის და მონაკოს მონაკვეთები, რაც მთავარია, ძალის უკუკავშირი (Force FeedBack), რომელმაც რეალიზმი შემატა უკვე ისედაც საკმაოდ რეალისტურ თამაშს. ცოტა დრო და მოთმინება არის საჭირო, რომ Dirt Rally-ს ტარების სტილს აითვისოთ, მაგრამ, როგორც კი შეეჩვევით ამ ყველაფერს, აუცილებლად ჩაგითრევთ.
F1 2019 (Xbox One, PS4 და PC)
F1 2019 შედარებით ადრე გამოვიდა, ვიდრე ამ სერიის წინაპრები. ამის გამო ცუდი თამაშია? არანაირ შემთხვევაში! ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ყველაზე კარგი F1-ის თამაში, რაც ოდესმე გამოსულა, F1 2016-ს კი სჯობს. გარდა იმისა, რომ გრაფიკა არის გაუმჯობესებული, რომელიც სინგაპურის ტრასაზე ღამით, 4K ფორმატში, თავისი სილამაზით და დეტალებისადმი ყურადღებით, უბრალოდ გაოცებს. F1 2019-ს კარიერის რეჟიმში, ფორმულა 1-ის სამყაროში დამატებული აქვს ფორმულა 2-ის ბოლიდები.
Project Cars 2 (Xbox One და PS4)
Project Cars 2 ასევე შთამბეჭდავი სარბოლო თამაშია, რომელიც GT Sport-ს არ ჩამორჩება. შეიძლება ითქვას, რომ Project Cars 2 იმდენად დახვეწილი არ არის, როგორც GT Sport, მაგრამ მაინც შთამბეჭდავ ავტოპარკს გვთავაზობს, დაწყებული ისტორიული BMW-თი, დამთავრებული კლასიკური Toyota GT One-ით. თუ თანამედროვე-კლასიკური რბოლების გულშემატკივარი ხართ, ეს თამაში აუცილებლად უნდა შეიძინოთ.
Project Cars 2-ში, GT Sport-ის ანალოგიურად, ტრასების საკმაოდ დიდი არჩევანია. საკმაოდ საინტერესო კარიერის რეჟიმი და დახვეწილი ონლაინ რბოლები აქვს.
საუკეთესოს რაც შეეხება, Project Cars 2-ს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ამინდის სისტემა გააჩნია. ერთი რბოლის განმავლობაში, ამინდი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს: მზე წვიმამ ჩაანაცვლოს, წვიმა - ქარმა, ქარმა - ნისლი და ა.შ. ასევე რბოლა ზამთრის პირობებშიც, თოვლსა და ყინულში, მსოფლიოს ნებისმიერ ტრასაზე ნებისმიერ დროის მონაკვეთში შესაძლებელია.
Assetto Corsa (Xbox One და PS4)
Assetto Corsa შეიძლება იმდენად ძლიერი გრაფიკული და ვიზუალური მონაცემებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ამ დანაკლისს თამაშის დინამიკასა და ფიზიკაში საკმაოდ ფარავს. ავტომობილის მართვისას, Assetto Corsa-ში რეალური ავტომობილის ყველა პარამეტრს გრძნობთ.
მართვის დეტალური ფიზიკა და საბურავების ქცევის მოდელი გაძლევთ საშუალებას მანქანის მოცურება შეიგძნოთ, აგრეთვე ტრასის საფართან მოჭიდებაც, ხოლო ყოველ მომდევნო წრეზე ავტომობილი ყველა მოსახვევში და ტრასის ნებისმიერ მონაკვეთში იცვლის ქცევას. ეს თამაში დამწყები მრბოლელებისთვის არ არის, არამედ იმათთვისაა, ვისაც სურს თავი რელურ მრბოლელად შეიგრძნოს, რომელიც მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილების და ბოლიდების მოთვინიერებას ცდილობს.
კონსოლებზე თავისუფლად შეგიძლიათ Assetto Corsa კონტროლერით ითამაშოთ, თუმცა, ის ყველა ზემოხსენებულ შეგრძნებას ვერ გადმოსცემს. შესაბამისად უკეთესია საჭითა და სატერფულებით ისარგებლოთ.
შეიძლება Assetto Corsa-ს ტრასების დიდი არჩევანი არ ჰქონდეს, როგორც ეს Project Cars 2-ში, აგრეთვე ავტომობილების არჩევანი, როგორც ეს გვხდება GT Sport-შიც. მართალია თამაშის მენიუ არ არის დახვეწილი, მაგრამ მართვის სიამოვნების კუთხით, საეჭვოა რომელიმე თამაშმა აჯობოს.
ამ 6 თამაშმა, სარბოლო თამაშების მოყვარულებს 2019 წლიდან თავი დაამახსოვრა და შეაყვარა, თავისი კარგი გრაფიკის, ფართო არჩევანისა, თუ უბრალოდ კრეატიულობის გამო. იმედია, ჩვენი სია მოგეწონათ. და, რომელია თქვენი ფავორიტი?