ერთი ოჯახის სხვადასხვა წევრი: 2020 Toyota GR Supra VS 2020 BMW Z4 M40i
დღეს ჩვენ ვერსუს ტესტის ჩვეული კრიტერიუმით მოდელებს შორის შეჯიბრებას არ ჩავატარებთ. დღეს ამ ორი ავტომობილის ძლიერ და სუსტ მხარეებს გავივლით და ტესტის ბოლოს ხმის მიცემის საშუალებით გამარჯვებულს თქვენ გამოავლენთ.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორი ავტომობილი საერთო დეტალებს იზიარებს. „სუპრას“ ძარის ქვეშ თუ BMW-ს ლოგოს მქონე დეტალს იპოვით, ეს არავის არ უნდა უკვირდეს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთი ავტომწარმოებელი მეორესგან ტექნოლოგიებს ყიდულობს, რათა თავიანთ ახალ შეფუთვაში შეკრან.
ალბათ ბევრს აინტერესებს, ეს ორი ტექნიკურად და სტრუქტურულად მსგავსი ავტომობილი ბაზარზე რატომ არსებობს? საერთოდ, რატომ ვადარებთ ამ განსხვავებული ძარების მქონე ორ ავტომობილს? ამ კითხვებზე პასუხი ადამიანური ცნობისმოყვაროებაა.
დღეს ჩვენს ტესტში ყველაზე სპორტულ, უმაღლეს კომპლექტაციებს განვიხილავთ.
ძალოვანი აგრეგატები
დღეს ყველაზე დიდი დებატების და ულევი ცინიზმის წყაროებად ქცეული ძრავებით დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოდელში BMW-ს ქებული მწკრიული განლაგების 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტურბო დაბერვის მქონე ძრავებია, მათ შორის 50 ცხენისძალის სხვაობაა. „ტოიოტაში“ 335 ცხენისძალაა, ხოლო BMW-ში - 382-ია. ისმის კითხვა, რატომ აქვს ახალ Toyota Supra-ს დეფორსირებული ძრავა? ამაზე ორი სხვადასხვა პასუხი არსებობს. პირველი მიზეზი Z4-ის უკეთესი გაყიდვების სურვილით არის განპირობებული. მეორე მიზეზი კი „ტოიოტას“ ხელმომჭირვეობა: ძალიან თავისუფლად შეუძლია მომავალ წელს ახალი „უფრო მძლავრი“ 382-ცხენისძალიანი მოდელი გამოუშვას და ამით გაზრდილი ფასმაჩვენებელი გაამართლოს. რეალურად აბსოლუტურად იდენტური ავტომობილი იქნება, უბრალოდ ძრავის კომპიუტერი და დაკიდების რამდენიმე ელემენტი ექნება შეცვლილი. ესეც „ახალი“ Supra…
აჩქარება და მართვა
მიუხედავად ცხენისძალების სხვაობისა, ავტომობილებს თითქმის ერთნაირი აჩქარების დრო აქვთ. 0-დან 100-მდე Z4 3.7 წამში ადის, ხოლო Supra - 3.9 წამში. ასეთი პატარა სხვაობა წონის გამო აქვთ. „სუპრა“ Z4-ზე 59 კილოგრამით ნაკლებია და ჯამში 1531 კილოგრამს იწონის.
ეს ასევე შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იმართება ახალი Supra Z4-ზე უკეთესად. რომ ვთქვათ რადიკალური სხვაობაა, არა. შესაძლებელია სუპრას კუპეს ძარა ნაკლებად დრეკადია, რაც მოსახვევში ინერციის უკეთეს განაწილებას ხელს უწყობს.
Supra-ს ელექტრონული მართვის მექანიზმი GT86-ის Gazoo Racing ვერსიდან აქვს აღებული, რომელიც იმ პატარა კუპეზე ძალიან კარგად არის მორგებული, მაგრამ უფრო მძიმე „სუპრაში“ იგივე სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. ზედმეტად სენსეტიური მართვა აქვს, ამიტომ აგრესიული მართვით თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, მაგრამ, როცა დამშვიდდებით და თქვენს რეფლექსებს მანქანის უკანა ნაწილის დასამორჩილებლად მზადყოფნაში მოიყვანთ, ავტომობილის სრულ პოტენციალს მხოლოდ მაშინ იხილავთ.
Z4 უფრო სტაბილურია. BMW-ს ახალ როდსტერს ნამდვილი გერმანული სპორტული ავტომობილის შესაბამისი ქცევა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Z4-ის ელექტრონული საჭე ნაკლებად ინფორმატიულია და მძღოლს ავტომობილის ქცევის შესახებ ნაკლებ ინფორმაციას გადასცემს, მასში BMW-სთვის დამახასიათებელი თვისებები მაინც იკვეთება.
ორივე ავტომობილს აბსოლუტურად ერთნაირი ზომის დისკები აქვთ. ქარხნულად ორივე Michelin Pilot Super Sports-ის, წინ 255/35R-19 და უკან 275/35R-19 საბურავებით არიან აღჭრვილნი.
ალბათ „გაგიკვირდებათ“, რომ დამუხრუჭებითაც არ განსხვავდებიან. იცით რატომ? იმიტომ რომ ორივეს ერთნაირი სამუხრუჭე სისტემა აქვს, იდენტური კომპონენტებით. მაგალითისთვის, 110კმ/სთ სიჩქარიდან გაჩერებამდე ორივეს 45 მეტრი მანძილი დასჭირდება.
ფასი
მეტი სხვაობა უფრო ფასში ეტყობათ. როდის იყო, რომ „ტოიტას“ მოდელები BMW-ზე ძვირი ღირდა? არც ეს არის გამონაკლისი. უმაღლესი კომპლექტაციების Supra-ს და Z4-ის ფასები შესაბამისად 50 945$ და 64 695$-ს შეადგენს.
ინტერიერი
ამ ავტომობილების საერთო დეტალებზე საუბარი უკვე ჩვენც მოგვბეზრდა, მაგრამ რა ვქნათ, ამას ვერსად გავექცევით. ინტერიერში ძალიან ბევრ მსგავსებას ნახავთ. ელემენტარულად Toyota Supra-ს სიჩქარეების გადასართველის სახელური BMW-ს ძველი მოდელისგან აქვთ აღებული. უკვე ნამეტანი იზარმაცეს.
განსხვავებულია მაჩვენებლთა დაფის დიზაინი და მულტიმედიური ეკრანები, რომელიც BMW-ში ბევრად ხარისხიან გამოსახულებას გადმოსცემს და სენსორი უკეთ მუშაობს. უფრო ჩაძიებას აზრი არ აქვს, დანარჩენს თქვენც მიხვდებით.
შეგახსენებთ, რომ Z4 როდსტერია, Supra - კუპე. სხვადასხვა ტიპის ძარების გამო მათში მძღოლი თავს სხვანაირად გრძნობს. თუ კლაუსტროფობია გჭირთ, მაშინ „სუპრით“ ვერ იმგზავრებთ, ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის განთავსებული და მსხვილი A pillars გამო საშინელი ხილვადობა აქვს. მომდევნო „სუპრაში“ ამ პრობლემის მოგვარებას გვპირდებიან, ვნახოთ, რა გამოუვათ.
Z4 „ტოიოტას“ მსგავსად 2 ადგილიანია, მაგრამ სალონი მეტად სივრცული გეჩვენებათ, მეტი სინათლე შემოდის და თავი ბუნკერში არ გგონიათ. ეს ყველაფერი დახურული სახურავის შემთხვევაში ხდება. მოხდილი სახურავით BMW Z4 ძალიან სასიამოვნო, დამამშვიდებელი GT კლასის მანქანად იქცევა.
დასკვნა
ეს ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და ამავდროულად საინტერესო სხვადასხვა კლასის, მაგრამ ძალიან მსგავსი ავტომობილის შედარება იყო. როგორც შეგპირდით, ჩვენ გამარჯვებულს არ გამოვავლენთ. გემოვნების და ასაკის ამბავია. მეტად ახალგაზრდა, ვისაც ადრენალინის წყურვილი აქვს და სისხლი უჩქეფს, ნამდვილად Supra-ს აირჩევს, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება, რადგან ყველაფერს იგივეს აკეთებს, რაც BMW, მაგრამ Z4-ის მყიდველი მეტად მშვიდი და ჩამოყალიბებული, მეტად კომფორტის და სივრცის მოყვარულია, რომელსაც განტვირთვის მისაღებად ქალაქგარეთ ავტომობილით გასეირნება უყვარს და არა ტრეკზე ოფლისმღვრელ ბრძოლაში დროის გატარება. თუ ასეთი ტიპის ადამიანი ხართ, სანამ Z4-ის ყიდვას დააპირებთ, ჩვენი რჩევაა იქნება Porsche Boxter-ს გადახედოთ.