ავტოიმპორტიორებს მანქანების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ
საქართველოში კორონავირუსის გავრცელება გრძელდება. COVID-19 ყველა სფეროს ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება გარკვეული შეღავათებით სხვადასხვა სექტორის დახმარებას ცდილობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდება. ამაზე განცხადება შემოსავლების სამსახურმა გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ავტოიმპორტიორების ხელშეწყობას ისახავს.
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, პასუხისმგებლობის სანქციები იმ პირთა მიმართ არ გამოიყენება, რომლებიც 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში ვერ შეძლებენ, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.
ეს შეღავათი დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს შეეხება. გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება ყველას, მანქანის ჩამოყვანის მიზნის მიუხედავად.