როგორ ვმართოთ ავტომობილი ზამთარში უსაფრთხოდ
Aa
Aa

როგორ ვმართოთ ავტომობილი ზამთარში უსაფრთხოდ

თოვლიან პირობებში მართვა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურისგან განსხვავებულია. გამოუცდელი მძღოლები ხშირად იბნევიან, დანარჩენები კი მათ მიმართ „თბილ“ სიტყვებს არ იშურებენ. არავის უნდა გამოცდილი მძღოლების რისხვის მსხვერპლი გახდეს. გარდა ამისა, შეცდომას ხანდახან გამოცდილი მძღოლებიც უშვებენ.

არსებობს რამდენიმე წესი, რომლის გათვალისწინებითაც თოვლში მართვა გაგიმარტივდებათ და, რაც მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მისვლაში დაგეხმარებათ.

ამ სტატიაში ჩვენ 8 მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ:

1. მოარგეთ თქვენს ავტომობილს ზამთრის საბურავები

ტექნიკურად ეს მართვის შესახებ რჩევა არ არის, მაგრამ ეს არის ის ასპექტი, რომელიც საჭესთან დაჯდომამდე უნდა გაითვალისწინოთ. უსაფრთხოებისთვის ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ზამთრის საბურავები თოვლში, თოვლ-ჭყაპსა და ყინულზე სიარულისას უკეთეს ჩაჭიდებას განაპირობებს, ვიდრე ყველა სეზონის საბურავები.

2მართეთ მაქსიმალურად თანაბრად

როცა უკვე საჭესთან დაჯდებით, მთავარი რჩევა ისაა, რომ მართოთ რაც შეიძლება თანაბრად. გამოიყენოთ სატერფულები და საჭე მაქსიმალურად ზუსტად, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ყველაზე მცირე ზედმეტმა შეხებამაც კი შესაძლოა საბურავებს ჩაჭიდება დააკარგვინოს და ავტომობილი მოცურდეს. წარმოიდგინეთ, რომ ცხელი ყავის ჭიქით მართავთ. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ის არ გადაისხათ.

3. შორს იყურეთ

რაც უფრო მოყინულია გზა, უფრო შორს უნდა იყუროთ. წინასწარ უნდა იფიქროთ. უნდა მოიფიქროთ, რას გააკეთებთ შემდეგ. მოსახვევებში შეანელეთ. დასახლებულ პუნქტში მოყინულ ზედაპირზე წინ მდგომ ავტომობილთან მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, დაუსახლებელში კი - 9. თოვლში მართვა დამატებით კონცენტრაციას მოითხოვს.

4. გამაფრთხილებელ სინათლეებს ყურადღება მიაქციეთ

როგორი ჩაჭიდება გაქვთ თოვლიან გზაზე? ერთი მხრივ, ამას ვერ გაიგებთ, სანამ ავტომობილი არ მოგიცურდებათ. მეორე მხრივ, ამას სინათლეები გკარნახობს. მაგალითად, თუ სწორ გზაზე ავტომობილს აჩქარებთ და ქარვისფერი სინათლე ციმციმს დაიწყებს, ეს სტაბილურობის კონტროლი გაფრთხილებთ, რომ თვლები მოცურების საშიშროების წინაშეა და ამ დროს, ჩაჭიდების დასაბრუნებლად, აჩქარება უნდა შეაჩეროთ.

თუ ეს სინათლე მოსახვევში აციმციმდება, ეს ისევ სტაბილურობის კონტროლი განიშნებთ, რომ თვლები თქვენს მიერ მითითებულ მარშრუტს ცდება. შეასუსტეთ აჩქარება ისე, რომ დროსელი სრულად დახურული იყოს. ეს მოქმედება ავტომობილს მოჭიდებას დაუბრუნებს. თოვლიან ან ტალახიან მჭიდრო მოსახვევებში არ დააჭიროთ აქსელერატორის სატერფულს აგრესიულად. ასეთ მომენტებში უბედური შემთხვევისგან თავის ასარიდებლად  ეს სატერფული მაქსიმალურად რბილად გამოიყენეთ.

5. იყურეთ საჭირო მიმართულებით!

თუ გრძნობთ, რომ ავტომობილი მოცურებას იწყებს, ყოველთვის, ყოველთვის იყურეთ იქით, საითაც გინდათ რომ წახვიდეთ და არა იქით, საითაც იმ მომენტში ავტომობილი მიდის. მიენდეთ პერიფერიულ მხედველობას. მრბოლელებმა კარგად იციან, რომ ბოლოს თითქმის ყოველთვის იქ აღმოჩნდები, საითაც იყურები. სწორედ ამიტომ ახერხებენ ხოლმე მოცურების შემდეგ საჭირო პოზიციაში დაბრუნებას.

6. გაუმკლავდით მოცურებას!

ყველაზე ძლიერ მოცურებასთან გამკლავებაც კი შესაძლებელია! მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ და გაითვალისწინოთ შემდეგი:

წინა თვლების მოცურების შემთხვევაში აქსელერაცია შეარბილეთ. რამდენიმე წამში წინა თვლები ჩაჭიდებას დაიბრუნებს. როგორც კი ჩაჭიდება დაგიბრუნდებათ, სწორ მარშრუტს დაუბრუნდით.

უკანა თვლების მოცურების შემთხვევაში, საჭე მოცურების მხარეს მიმართეთ. მაგალითად, თუ მარცხნივ მოცურდა უკანა მხარე, საჭეც მარცხნივ მიმართეთ. როცა ავტომობილი გასწორდება, სწორი მიმართულებით გზის გაგრძელებას შეძლებთ.

7. სწორად გამოიყენეთ ABS

თუ მოცურებას ვერ უმკლავდებით და თოვლში ან ყინულზე გაჩერება გიწევთ, მაშინ ABS-ის გამოყენების დრო მოდის. თანამედროვე ავტომობილები ამ სისტემით აღჭურვილია. ეს სისტემა კომპიუტერს ექსტრემალურ პირობებში დამუხრუჭების ოპტიმიზაციისთვის იყენებს. თუ დაბრკოლების თავიდან ასარიდებლად დამუხრუჭება გარდაუვალია, დააჭირეთ მუხრუჭების სატერფულს ძლიერად და არ აუშვათ. კომპიუტერი თავის საქმეს შეასრულებს.

უსაფრთხოების სისტემა უბედური შემთხვევის თავიდან არიდების 100%-იანი გარანტია არ არის, მაგრამ ABS სისტემა ბევრ მძღოლს არაერთხელ დახმარებია.

8. AWD სისტემასთან ყურადღებაა საჭირო

AWD სისტემა ძალას ოთხივე თვალს უგზავნის. თოვლში ასეთი ავტომობილი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება. ამან შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ და აჩქარებისას, ან მოსახვევებში ნაკლები სიფრთხილე გამოიჩინოთ. არ უნდა მოტყუვდეთ! AWD სისტემიანი ავტომობილების მართვისას ზუსტად ისეთივე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როგორც სხვა შემთხვევაში.  

სიტყვები WINTER IS COMING! მხოლოდ ცნობილი სერიალის პერსონაჟებს არ აშინებს. ზამთრის მოსვლასთან ერთად, სამართავი პირობებიც უარესდება. ამ 8 მარტივი რჩევის გათვალისწინებით, თქვენ თოვლში უფრო უსაფრთხოდ იმგზავრებთ, სხვების ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით და დანარჩენი მძღოლების რისხვის მსხვერპლიც არ გახდებით!

მსგავსი სიახლეები