კვლევების მიხედვით მძღოლის დამხმარე სისტემები უფრო დაუცველს გვხდის, ვიდრე დაცულს
ერთი ნაბიჯი წინ, ხოლო ორი უკან?
მძღოლის ელექტრო დამხმარე ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწის შემდგომ Insurance Institute for Highway Safety-ს მკლევრები მძღოლების ყურადღების გაფანტულობის შესწავლით დაინტერესდნენ. ისინი რესპონდენტებისგან ხშირად ისმენდნენ ერთ საყურადღებო ფრაზას: „თუ ჩემი ავტომობილი ჩემს მაგივრად მოუხვევს და გაჩერდება, მაშინ რატომ უნდა ვადევნო გზას თვალყური?“.
კვლევითმა ჯგუფმა ერთი თვის განმავლობაში 20 მოხალისის მართვის ჩვევები შეისწავლა, რა დროსაც მძღოლები მართვის დამხმარე ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებდნენ. მკვლევრებმა დააფიქსირეს, თუ რამდენად ხშირი იყო გარკვეულ თემებზე საუბრისას საჭედან ორივე ხელის აღება, ყურადღების გადატანა მობილურ ტელეფონზე ან ინტერიერის ღილაკებზე.
საკვლევი ჯგუფი ორად იყო გაყოფილი. 10 მოხალისე Land Rover Range Rover Sport-ს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლით (ACC) მართავდა. მეორე ნაწილი კი Volvo S90-ის 10 მძღოლს აკვირდებოდა, რომლებიც ACC-თან და პილოტის დამხმარე სისტემასაც იყენებდნენ. ეს უკანასკნელი სისტემა მგზავრობისას ავტომობილის ზოლში დარჩენას უზრუნველყოფს.
გამოსაცდელი დროის საწყის ეტაპზე ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა ერთ თვის შემდეგ ყველაფერი ფუნდამენტურად შეიცვალა. მძღოლების ყურადღება გზიდან იმაზე მნიშვნელოვნად ხშირად იფანტებოდა, ვიდრე ეს ტესტის დაწყების პირველ კვირებში იყო. პილოტის დამხმარე სისტემის გამოყენების შემდეგ მოხალისეები მართვის უყურადღებობისა და სისტემაზე მინდობის ნიშნებს ავლენდნენ. ამის შესახებ IIHS-ის უფროსმა მკვლევარმა, იან რეიგანმა განაცხადა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სისტემები არ არის იმგვარად შექმნილი, რომ მძღოლის ჩანაცვლება მოხდეს. სახალხო გზები საკმაოდ არაპროგნოზირებადი გარემოთი ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა ყურადღება ერთი წამითაც არ უნდა მოადუნოს. ექსპერიმენტმა კი ნამდვილად საინტერესო შედეგები გვაჩვენა, რაც სამომავლოდ ახალი და გრძელვადიანი კვლევების ჩასატარებლად მნიშვნელოვან წინაპირობას იძლევა.