K Miata - „მაზდას“ და „ჰონდას“ უკანონო შვილი და მისი შთამომავლობა
ნებისმიერი ავტომოყვარული, რომელიც იწყებს ტრეკზე სიარულს, პირველივე გასვლის შემდეგ „ავადმყოფი“ ხდება. ეს „ავადმყოფობა“ მათი საპროექტო ავტომობილებისადმი გამოიხატება: შეიძლება ყველაფერი მანქანას ისე დაახარჯონ, რომ პურის ფულიც კი აღარ დარჩეთ. თუმცა ამას არასდროს ინანებენ. ასეთი ავტოენთუზიასტები სასწაული იდეებით გამოირჩევიან. ჩვენს ვებგვერდზე არსებულ სტატიებს რომ გადახედოთ, ყველანაირ პროექტს ნახავთ, რაციონალურით დაწყებული, გიჟურით დამთავრებული. შედეგი მუდამ ერთნაირია: ყველა მანქანა მფლობელისთვის ძალიან სასურველია.
Mazda MX-5 მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილია. ამ ლეგენდარულ მოდელს ერთი, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი ახლდა თან: სიმძლავრის ნაკლებობა. MX-5 NA და NB სერიებში 120-140 ცხენის ძალა საკმარისი არასდროს იყო. ინტერნეტში შეიძლება უამრავ პროექტს წააწყდეთ, სადაც Miata-ს ქარხნულ ძრავას ტურბოს უმატებენ და 240 ცხენის ძალამდე აჰყავთ. ამით კი მეტ ცხენის ძალას იღებენ, სამაგიეროდ, ძრავის სიცოცხლისუნარიანობა და სანდოობა მკვეთრად ეცემა და ტურბოს დაყენებამ უამრავი პრობლემა შეიძლება გამოიწვოს.
ბრიტანეთში ამ პრობლემების ასარიდებლად „იაგუარის“ ატმოსფერულ 3-ლიტრიან V6-ს დგამენ. დაახლოებით იმავე ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რასაც ტურბოდაბერვიანი MX-5-ის ძრავა, მაგრამ ავტომობილი მართვადობის კუთხით უარესდება, რადგან 50/50-ზე წონის ბალანსი ძრავის სიმძიმის გამო ირღვევა. ენთუზიასტი მრბოლელებისთვის პირველი ვარიანტი უარყოფითად ცნობილი ტურბო-ლაგის გამო მიმზიდველი არ არის. არც მეორე, ზემოხსენებული მიზეზების გამო.
Rocketeer Jaguar V6, Mx-5 "Phil"
2013 წელს ამერიკაში, კერძოდ ილინოისის შტატში, რამდენიმე მეგობარი შეიკრიბა, რომლებმაც Miata-სთვის ძრავის ჩანაცვლების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მოიგონეს. ამ მეგობრებს შორის როგორც Miata-ს, ასევე Honda-ს ენთუზიასტები იყვნენ. მაღალი სანდოობის და დაბალკუბატურიანი მძლავრი „ჰონდას“, კერძოდ Integra-ს K24A1, ძრავი რაციონალური არჩევანი გახდა. S2000-ის F სერიის ძრავები მაღალი ფასისა და ბაზარზე მათი ნაწილების სიმწირის გამო გამოირიცხა. ასევე, F სერიის ძრავებთან შედარებით, K24-ს უფრო მეტი პოტენციალი აქვს.
Honda K24 ძრავის ჩაყენების პროცესი
უკლებლივ ყველა პროექტს პრობლემები და სირთულეები თან ახლავს. ყველაზე გამომწვევი ძრავის ახალი სამონტაჟო წერტილების გაკეთება აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე არავის არასდროს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მათ ძრავის სივრცის ნაწილების გადაკეთება და შექმნა მოუწიათ.
Mazda MX-5 (NB)-ის ტრავერსი
„მიატას“ დამახასიათებელი თვისები რომ არ დაკარგულიყო და მისი ენთუზიასტების დაფასება რომ დაემსახურებინათ, მართვის მექანიზმი, სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი და „ტორსენის“ დიფერენციალი უცვლელი დატოვეს. იმისათვის, რომ ახალი ძრავი გადაცემათა კოლოფს კარგად მორგებოდა, ახალი, დამსუბუქებული მქნევარა დააყენეს. ძრავის არასტანდარტული, განივი განლაგების გამო ჰაერის ახალი შემშვები სისტემა დააყენეს, რომელიც Honda S2000-ისგან აიღეს.
ძრავის ჩანაცვლება მარტივი საქმე არ არის. „ჩადო, დაქოქო და წახვიდე“ ვერასდროს იქნება. ძრავს დასჭირდა ახალი კომპიუტერი და ელექტროგაყვანილობა, რათა ყველა სენსორს გამართულად ემუშავა.
ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის შედეგად 238 ცხენის ძალა მიიღეს. ძრავის ნაწილების და კომპიუტერის პარამეტრების შეცვლის შედეგად ძრავისგან 280 ცხენის ძალა ძალიან თავისუფლად შეიძლება მიიღოთ, თანაც ისე, რომ ეს ძრავის სანდოობაზე ნეგატიურად არ აისახება.
ბოლოს მივიღეთ „ჰონდას“ საუკეთესო ძრავა და უკანა წამყვანის იდეალური შერწყმა. ამ პროექტის მიმართ დიდი ინტერესი კიდევ ერთი ფაქტორითაა გამოწვეული: იაფი და სანდო ავტომობილი, როგორც ყიდვის შემთხვევაში, ასევე ექსპლუატაციისთვის.
ამ პროექტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ამ ძრავის ჩანაცვლება ნებისმიერმა სხვა ენთუზიასტმაც შეძლოს. ასე შეიქმნა კომპანია K Miata, რომელიც MX-5-ის მოყვარულებს Miata-ს ცხენის ძალების მომატების საშუალება ავტომობილის მართვადობის გაუარესების გარეშე მისცა. Honda-ს Vtec-ის მოყვარულებს კი უკანაწამყვანი S2000-ის იაფი ალტერნატივა აქვთ. დღეს, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ „მიატაში“ „ჰონდას“ K სერიის ძრავის ჩანაცვლება თავად განახორციელოთ, რადგან კომპანია K Miata ჩანაცვლებისთვის ყველა საჭირო დეტალს აწარმოებს და ნაკრების სახით ყიდის. ნაკრებში ინსტრუქციაც შედის, სადაც ეტაპობრივად არის აღწერილი, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. ძრავისა და ნაკრების კომპლექტაციიდან გამომდინარე, ნაკრების ფასი 2000$-დან 5000$-მდე მერყეობს. (https://kmiata.com/products/ultimate-k24-miata-swap-conversion-package).