სუპერვარსკვლავის პირადი ცხოვრება: სამი სიყვარული და ერთი ვნება
Aa Aa

სუპერვარსკვლავის პირადი ცხოვრება: სამი სიყვარული და ერთი ვნება

ფორმულა 1 პატარა სამეფოა და ის თავის საიდუმლოებს კარგად ინახავს. გულშემატკივრების ნაწილს, გარდა რბოლისა, პილოტების პირადი ცხოვრებაც აინტერესებთ. ზოგჯერ ყველაზე ინტიმური დეტალებიც კი. პილოტებიდან ზოგი დაქორწინებულია, ზოგიც არა. მათ პირად ცხოვრებაზე კი ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთების ფურცლებსა და ტელევიზორის ეკრანებზე სულ უფრო იშვიათად ჩნდება.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტმა მოჰყვა, თუ როგორ დაინახა ბუდაპეშტში ერთ-ერთი დაქორწინებული პილოტი ჩამუქებულ შუშებიან ლიმუზინში „ვიღაც ქერათმიან ლამაზმანთან“ ერთად. რა თქმა უნდა, გვარების დასახელებას არავინ დაიწყებს. არც ერთ სპორტულ ჟუენალისტს სურს ფორმულა 1-ის რბოლებზე აკრედიტაციის დაკარგვა, ან სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროების გამო სასამართლოს დავებზე სიარული.

თუმცა, ადრე საქმე სულ სხვაგვარად იყო. პილოტების პირადი ცხოვრება ჟურნალ-გაზეთების განხილვის თემა ხშირად ხდებოდა. მაშინ აირტონ სენა ნამდვილი სუპერვარსკვალი იყო და გასაკვირი არაა, რომ მისი პირადი ცხოვრებით ბევრი ინტერესდებოდა. მედიის ყურადღების ცენტრშიც ხშირად ექცეოდა.

აირტონ სენას ქალები უყვარდა, თუმცა მისი მთავარი ვნება რბოლა იყო და ამან ბევრი ურთიერთობა დაუნგრია კიდეც. დაწყებული ბავშვობის სიყვარულით - როზანჟელა ლაგუ ფერეირა დე სილვათი, დასრულებული მისი ყველაზე გახმაურებული რომანით ტელეწამყვან შუშა მენეგელთან.

ირტონ სენა და შუშა მენეგელი

ღვთიური სიყვარული

ტელეწამყვანი სენამ 1988 წელს პელესადმი მიძღვნილ საღამოზე გაიცნო. ბევრი მიიჩნევს, რომ მათ ნამდვილი, წმინდა სიყვარული აკავშირებდათ. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ ბრაზილიელი პილოტის ბოროტისმსურველებმა მას ჭორები აუგორეს.  

1988 წელს სენა დიდ სკანდალში გაეხვა, როცა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მას ამერიკო ჟაკოტო ჯუნიორთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ის ბრაზილიელის პირადი მდივანი იყო და რაღაც პერიოდში მის სახლშიც ცხოვრობდა. გაზეთები აირტონ სენას ჰომოსექსუალიზმზე ალაპარაკდნენ. ყველაფერი ნელსონ პიკეს გამონათქვამით დაიწყო. ის ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიელი პილოტი იყო და სენას წარმოუდგენელი პოპულარობა მას ცოტათი აღიზიანებდა. შურდა კიდეც მისი. 1987 წელს პიკემ ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო, ბრაზილიის წლის სპორტსმენად კი მაინც 27 წლის აირტონ სენა დაასახელეს.   

ერთხელ Jornal do Brazil-თან ინტერვიუს დროს ნელსონმა ჟურნალისტს ურჩია, ეკითხათ სენასთვის, თუ რატომ ექცეოდა ქალებს ასე ცივად. „სექსუალური არჩევანი - მისი პრობლემაა“. - დაამატა ჟურნალ Mansheti-სთან ინტერვიუში. – „თქვენ რაც იმოლაზე ნახეთ, გოგონები, რომლებიც მას გარს ეხვეოდნენ, კოცნას ცდილობდნენ - ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული იყო“.  შემდეგ პიკემ თავისი აზრები ბრაზილიის გარეთ სხვა ჟურნალ-გაზეთებსაც გაუზიარა. ბოლოს საქმე სასამართლომდე მივიდა. დიდი სკანდალი ატყდა. პიკე იძულებული გახდა, თავისი სიტყვები უკან წაეღო, თუმცა, აგორებული ჭორების გუნდას ზვავად ქცევისგან უკვე ვერაფერი შეაჩერებდა.

აირტონ სენა და ამერიკო ჟაკოტო ჯუნიორი

მიუხედავად იმისა, რომ სენა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ამ ისტორიას უკვალოდ არ ჩაუვლია. სენამ პიკეზე შური ბრაზილიურად იძია. 1990 „ფლეიბოისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „ეს კამპანია მათ ჩემი კარიერის დასანგრევად განზრახ ააგორეს. ტრასაზე ვერ მამარცხებენ და ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაძრომა გადაწყვიტეს“. შემდეგ, აირტონმა ნელსონს ენაზე კბილის დაჭერა ურჩია. ბოლოს კი თქვა, რომ იცნობდა პიკეს ცოლ კატარინას და თანაც „როგორც ქალს“...  

თუმცა, რეპუტაციის ბოლომდე აღსადგენად ეს საკმარისი არ იყო. სენას გახმაურებული რომანი სჭირდებოდა. ტელევარსკვლავი შუშა მენეგელი საუკეთესო „ვარიანტი“ იყო. მარია და გრასა მენეგელს ჯერ კიდევ ბავშვობაში ზედმეტსახელი შუშა ძმამ შეარქვა. მარია სენაზე სამი წლით უმცროსი იყო. ის სანტა როსადან ოჯახის მეშვიდე და ყველაზე ლამაზი შვილი იყო.  1 წლის ასაკში მან კონტრაქტი ნიუ იორკში სამოდელო სააგენტო Ford MA-სთან გააფორმა. მან ბრაზილიური „ფლეიბოისთვისაც“ გაიხადა. მოგვიანებით ტელეწამყვანი გახდა. 1988 წლისთვის ის უკვე ლათინური ამერიკის ყველაზე ცნობილ ლამაზმანად ითვლებოდა. მათი რომანი მას შემდეგ გახმაურდა, რაც აირტონმა შუშას პირადი თვითმფრინავი გაუგზავნა.

მოგვიანებით, ბოროტი ენები მათ ურთიერთობაზე ამბობდნენ, რომ ეს სარფიანი გარიგება იყო, რომელმაც ორივე მათგანს მილიონები მოუტანა. შუშა იყო ერთ-ერთი იმ ცოტა ქალთაგან, რომლებზეც აირტონი ინტერვიუებში საუბრობდა. დაშორების შემდეგ, სენამ თქვა, რომ მის ცოლად მოყვანასა და ბავშვების ყოლაზეც უფიქრია. სენა ოჯახურ ბედნიერებაზე საუბარს ხშირად გაურბოდა. შესაძლოა ეს მისი პირველი ქორწინებიდან ცუდი გამოცდილებითაც ყოფილიყო გამოწვეული. 

[ArticleBannerPlaceholder]

პირველი სიყვარული

1981 წელს 21 წლის ასაკში სენა ახალგაზრდობის სიყვარულზე ლილიან და ვაშკონსელუს სოუზაზე დაქორწინდა. ეს იყო მონათესავე სულების კავშირი. ისინი ერთად კარტებზეც კი სხდებოდნენ. მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. „ეს ქორწინება შეცდომა იყო, თქვა სენამ განქორწინების შემდეგ. - თუმცა ის კარგად ამზადებს“.

მოგვიანებით კი მან აღიარა, რომ ოჯახური ცხოვრებისა და რბოლების შეთავსება გაუჭირდა. რომანი - სულ სხვა საქმეა. მას შემდეგ, რაც გამოსათხოვრად ლილიანს ყვითელი ყვალილების ბუკეტი აჩუქა, მაშინვე ახალი რომანი დაიწყო. 1983 წელს რბოლებზე აირტონს თან შავთვალება კრისტინა ახლდა. მას შემდეგ სენამ პარტნიორების გამოცვლა მის სარბოლო ხელთათმანებზე სწრაფად დაიწყო. მას ხშირად მოდელ მარჯორი ანდრადესთან, ფერნანდა ბარბოსასთან, კეროლ ალტთან, პატრიცია მაშადთან და მსახიობ ვირჯინია ნოვიკთან ერთად ხედავდნენ. ასევე არისტოკრატ მარია კრისტინა მედიშ კალდეირასთან. ეს მხოლოდ იმ ადამიანთა სიაა, ვისთან ერთადაც სენა საჯაროდ გამოჩენას არ ერიდებოდა. როგორც ამბობდნენ სენას სიაში ფეხბურთში 1988 წლის ევროპის ჩემპიონის. ნიდერლანდების ნარების კაპიტნის  რუდ გულიტის ცოლიც - კრისტინა პენსაც შედიოდა.

სერიოზულ კავშირებს რაც შეეხება, სენას ცხოვრებაში ბევრი არ ყოფილა. მის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი რომანი 1984 წელს სან პაულუელი მეწარმის შვილთან ადრიანა იამინთან დაიწყო და 4 წელს გაგრძელდა. მაშინ ადრიანა მხოლოდ 15 წლის იყო. ის სენას ძირითადად დედის თანდასწრებით ნახულობდა ხოლმე. დანიშნულებიც იყვნენ. 1988 წელს სენამ პატივი დასდო და მას ერთ-ერთი გამარჯვებაც მიუძღვნა. იმავე წელს ისინი დაშორდნენ. აირტონმა ურთიერთობა შუშასთან დაიწყო. მისი ყველა ურთიერთობა სხვადასხვაგვარად იწყებოდა და ერთნაირად სრულდებოდა. ყველა, გარდა ერთისა...

სენა და ადრიანა იამინი

მიწიერი სიყვარული

სენას ბოლო პარტნიორი გარდაცვალებამდე პორტუგალიელი ფოტომოდელი ადრიანა გალისტეუ გახდა. ის სენამ 1993 წელს ბრაზილიის გრან პრიზე გაიცნო. იმ დროს ადრიანა „Shell-ის გოგონების“ წევრი იყო. პირველად ისინი ერთმანეთს შაბათს, კვალიფიკაციის შემდეგ Shell-ის საღამოზე შეხვდნენ.

„ვიგრძენი, რომ მიყურებდა. მეორე დღეს „მაკლარენის“ ბოქსებთან უცნობმა მსუქანმა ბიჭმა გამაჩერა და მითხრა, რომ აირტონ სენას პირადი ასისტენტი იყო და ჩემი ნომერი უნდოდა. ეს სახალისოდ მომეჩვენა და ჩემი სახლისა და ოფისის ნომერი მივეცი“. - იხსენებდა ადრიანა მოგვიანებით.

სენამ გრან პრი მოიგო და გამარჯვებას კლუბ Limelight-ში აღნიშნავდა. მოვალეობიდან გამომდინარე, Shell-ის გოგონებიც იქ იყვნენ.

„როგორც ზღაპარში კონკიაზე, ის ზუსტად 12 საათზე გამოჩნდა. წასვლამდე მინდოდა, როგორც პროტოკოლით დაშვებულია, მივსულიყავი და გამარჯვება მიმელოცა. აირტონმა დაცვას ჩემთვის გზის გათავისუფება უბრძანა. ხელი ჩამოვართვი. მან შამპანურის ჭიქა ასწია და მითხრა, რომ მასთან ერთად მეზეიმა. „მადლობა, მაგრამ არ ვსვამ“. - ვუპასუხე მე. „ეს განსაკუთრებული დღეა, მე მოვიგე. საერთოდ არაფერს სვამ?“ „არაფერს“.

აირტონ სენა და ადრიანა გალისტეუ

„დაიცადეთ ერთი წუთით“. - დამიძახა მისმა ასისტენტმა. - ვიქენდზე პიკნიკის მოწყობას ვაპირებთ. არ შემოგვიერთდებით?“ „მომავალ შეხვედრამდე“. -  მე ტრადიციუალი დამშვიდებებით შემოვიფარგლე“.

მეორე დილით ადრიანა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ყურმილში იგივე კითხვა გაისმა. ის პიკნიკზე წავიდა და 2 თვის შემდეგ მონაკოს გრან პრიზე სენასთან ერთად გამოჩნა. ასეთი პატივი შუშა მენეგელთან რომანის შემდეგ სენას არავისთვის დაუდია.       

მთელი სეზონის განმავლობაში ადრიანა სენას რბოლებზე დაჰყვებოდა. კარგი წყვილი ჩანდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ინტერვიუში სენა კვლავ ოჯახზე ალაპარაკდა. სამწუხაროდ, მის ოცნებას ახდენა არ ელოდა. 1994 წლის 1 მაისს სენა იმოლას ტრასაზე ავარიაში გარდაიცვალა. თუმცა, სასიყვარულო სკანდალები მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შემწყდარა.

 

სიყვარული საფლავის ქვამდე

აირტონის ოჯახში ცისფერთვალება, ქერათმიანი ლამაზმანი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ. მას ზედმეტად ზედაპირულად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ კი რაც აირტონის მამამ მილტონმა ანგრიდან ზარების გადასახადი ნახა, მის მიმართ ოჯახი კიდევ უფრო გაცივდა. იმოლაზე მომხდარი ტრაგედიის ამბის შეტყობის შემდეგ ადრიანამ პორტუგალიიდან, ანგრიდან დარეკა, სადაც სენას სახლში ცხოვრობდა. მას ოჯახისთვის მისამძიმრება უნდოდა, თუმცა, მასთან საუბარი არავის სურდა.

ადრიანა გალისტეუ სენას კუბოსთან იღიმის

ამასობაში კი შუშა მენეგელმა რიოში ყველა საქმე მიატოვა და სან პაულუში გაფრინდა. მიუხედავად პირობისა, რომ დაკრძალვაზე არ გამოჩნდებოდა, სასაფლაოზე მაინც მივიდა. სენას ორი ყოფილი შეყვარებული ერთმანეთს მის საფლავთან შეხვდა და ეს სასიამოვნო სცენა ნამდვილად არ ყოფილა. პორტუგალიელს ბევრი განზრახ არ იმჩნევდა და თანაგრძნობას შუშას მიმართ უფრო გამოხატავდნენ. შეურაცხყოფილმა ადრიანამ პილოტებს სენას საფლავის გადატანაში დახმრება შესთავაზა, თუმცა, ამის ნება არ დართეს. რა თქმა უნდა, მისთვის ადგილი არც სენას ოჯახის ავტომობილშიც აღმოჩნდა. სამაგიეროდ ადგილი აღმოჩნდა შუშასთვის, რომელიც თავად აირტონის მამამ დაპატიჟა და რომელსაც ხელი სენას ატირებულ დაზე, ვივიანზე ჰქონდა ჩაკიდებული.

ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადრიანა საბოლოოდ გამქრალიყო მათი ცხოვრებიდან და ეს შუშას ნამდვილ ყოფილ სარძლოდ აღიარებით გააკეთეს. ამას საკმაოდ ლოგიკური ახსნა აქვს. შუშა ლამაზი ბრაზილიელი, ახალგაზრდა, ცნობილი და მდიდარი იყო. მისი დახმარებით, რიოსთან ბევრი უსახლკარო ბავშვისთვის თავშესაფარი გაიხსნა. რა თქმა უნდა, სენას მემკვიდრეობაზე შუშას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ადრიანასგან კი ყველაფერი იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა.      

შუშა მენეგელი სენას გასვენებაში

ჯერ კიდევ 1994 წელს ადრიანამ შეწყვიტა სენასთან ერთად რბოლებზე სიარული და სან პაულუს ღამის ცხოვრებაზე გადაერთო. მრბოლელის გარდაცვალების შედეგ კი მისი სახელით ხშირად სარგებლობდა და ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც გახდა. რამდენიმე წლის წინ ის „ფლეიბოის“ ჟურნალის ფურცლებზეც გამოჩნდა, რომელიც ბრაზილიაში 2 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.    

სენას მემკვიდრეობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ. 1992 წელს შუშასთან დაშორების შემდეგ სენას რომანი ბრაზილიელი სპორტული ჟურნალისტის ფერნანდუ ვანუჩის ყოფილ მეუღლესთან, მსახიობთან ფსევდონიმით მარსელა პრადოსთან ჰქონდა.  1993 წელს სენამ მისგან „დაბადების დღის საჩუქარი“ მიიღო. ქალმა განუცხადა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა. მარსელას ოჯახის წევრები იხსენებდნენ, რომ სენა ამ თემაზე ხუმრობდა კიდეც, თუ ბიჭი დაიბადება, ალენ პროსტს დავარქმევო.    

1993 წელს ორსულობის მერვე თვეს მარსელამ ქალიშვილი გააჩინდა და მამამისის გამარჯვებების საპატივსაცემოდ, გოგონას გამარჯვების ქალღმერთის სახელი, ვიქტორია დაარქვა. აირტონმა ვიქტორია საკუთარ შვილად არ ცნო. მისი გარდაცვალების შემდეგ, მარსელა და მისი ოჯახი ამტკიცებდნენ, რომ სენამ მათ რიოს რაიონში ბინა უყიდა და ბავშვის აღზრდისთვის დიდ თანხებს ურიცხავდა.     

მოგვიანებით, კიდევ მრავალი ფსევდო მემკვიდრე გამოჩნდა. ქალები მათ კუმირს მოსვენებას გარდაცვალების შემდეგაც არ აძლევდნენ. თითქმის ყოველ წელს ავსტრალიასა ან ევროპაში ჩნდებოდა ქალი, რომელიც ამბობდა რომ აირტონისგან შვილი ჰყავდა. იმავე პოპულარობით პელე და ელვის პრესლიც სარგებლობდნენ.   

ძნელია იმის თქმა, სად გადის საზღვარი გამონაგონსა და რეალობას შორის. ასეთი საიდუმლოები ყველა ცნობილი ადამიანის გარშემოა. ისინი ხომ საზოგადოებას მხოლოდ იმ ინფორმაციას უზიარებენ, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ.  

„არსებობს ორი რამ, რაზეც ლაპარაკი არ ღირს: ფული და ქალი, რომელთანაც წინა ღამე გაატარე“. - ეს სიტყვები ბერნი ეკლსტოუნს ეკუთვნის. მის სამეფოში კი საიდუმლოების შენახვა კარგად ეხერხებოდათ.

გაზიარება: