Aa Aa

ყველაზე დაუფასებელი მსოფლიო ჩემპიონის ისტორია: როზბერგი ჰამილტონის წინააღმდეგ

206 სტარტი, 23 გამარჯვება, 57 პოდიუმი, 30 პოლ-პოზიცია, 20 ყველაზე სწრაფი წრე, 1594.5 ქულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული -  ეს რიცხვები ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პილოტის, ნიკო როზბერგის ანგარიშზეა.

ნიკო როზბერგი 1985 წლის 27 ივნისს ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონის კეკე როზბერგის ოჯახში დაიბადა. მამა ფინელია. დედა გერმანელი. ამიტომ ნიკო სხვადასხვა ჩემპიონატზე ხან ფინეთის, ხან კი გერმანიის სახელით მონაწილეობდა.

ნიკო ავტომობილებს ძალიან მცირე ასაკიდან მართავდა. თითქოს მშობლები მას დაბადებიდანვე ფორმულა 1-ში ჩემპიონობისთვის ამზადებდნენ.

პატარა ნიკოს მამა თავზე ჩაფხუტს აფარებს, რომელსაც ზედ „ნიკო“  აწერია და კარტინგში სვამს. დიდ ჩაფხუტში ბავშვი თითქმის აღარ ჩანს. კეკე როზბერგი შვილს სახურავიდან აკვირდება და დროებს ინიშნავს. შემდეგ კი შედეგებს ერთად განიხილავენ.

6 წლიდან ნიკო კარტინგების ჩემპიონატში მონაწილეობდა. ის „ოქროს ბიჭუნა“ იყო. მსოფლიო ჩემპიონის ნიჭიერი შვილი, ქერა ხვეული თმით.

მისი დებიუტი ფორმულა ერთში „უილიამსის“ გუნდში 2006 წელს შედგა. მას იმ გუნდის სახელით ასპარეზობა უწევდა, რომლითაც მამამისმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იყო. ნიკო როზბერგი თითქოს ბავშვობიდან გარკვეულ ვალდებულებას გრძნობდა, რომ მამასავით მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო და მისთვის იმედი არ გაეცრუებინა.

2009 წელს ნიკო ხელახლა დაარსებულ „მერსედესის“ გუნდს შეუერთდა. გუნდი 2009 წელს გამარჯვებული „ბრაუნის“ ბაზაზე შეიქმნა. 2010 წელს  უკვე „მერსედესის“ სახელით გამოვიდა. 2010 - 2013 წლებში „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი დაუმარცხებლები იყვნენ. ერთად მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტული მოიგეს. 2013 წელს კი „რედ ბულის“ დომინირება დასრულდა და ნიკო როზბერგს ბავშვობის ოცნების ახდენის საშუალება მიეცა. „მერსედესი“ ძალიან სწრაფი იყო. ერთადერთი, ვინც მას ოცნების ახდენისგან აშორებდა, მისი ბავშვობის მეგობარი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი იყო.   

 

ლეგენდარული დაპირისპირების დასაწყისი

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველა ეპოქას ლეგენდარული დაპირისპირება ახსოვს. მაგალთად, ნიკი ლაუდა ჯეიმს ჰანტის წინააღმდეგ, ალენ პროსტი აირტონ სენას წინააღმდეგ. ბოლო ათწლეულის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი „მერსედესის“ პილოტებს შორის გამოდგა. ნიკო როზბერგისა და ლუის ჰამილტონის მეტოქეობას ხშირად აირტონ სენასა და პროსტის ლეგენდარულ დაპირისპირებას ადარებენ.

როგორც გუნდელებმა ერთად 78-დან 54 რბოლა მოიგეს. ჰამილტონმა 32-ჯერ გაიმარჯვა და პოდიუმზე 55-ჯერ იდგა. კვალიფიკაციაში როზბერგის წინ 42-ჯერ აღმოჩნდა. როზბერგმა 22-ჯერ გაიმარჯვა, პოდიუმზე 55-ჯერ იდგა და კვალიფიკაციაზე ჰამილტონის წინ 36-ჯერ აღმოჩნდა. ბრიტანელმა ტიტული ორჯერ მოიგო. როზბერგმა ერთხელ. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებია და ყველაზე საინტერესო ისტორიები სწორედ ამ შედეგებს უკან იმალება.

ნიკო როზბერგი მდიდარი მსოფლიო ჩემპიონის ოჯახში დაიბადა და მონაკოში იზრდებოდა. ლუის ჰამილტონი კი სტივენეიჯში და მამამისს ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევდა მუშაობა.

ფორმულა 1-ის კომენტატორმა უილ ბაქსტონმა ამ ორი პილოტის მართვის სტილი შეადარა. მან ლუის ჰამილტონი დაახასიათა, როგორც უფრო სწრაფი, ნიკო როზბერგს კი ნაკლებად სწრაფი, მაგრამ უფრო ჭკვიანი უწოდა.

როზბერგმა კარტინგებში მონაწილეობა 1991 წელს 6 წლის ასაკში დაიწყო. ჰამილტონმა კი 1993 წლიდან 8 წლის ასაკში. 2000 წელს ისინი გუნდელები იყვნენ და Mercedes Benz McLaren-ს სახელით Formula A-ში მონაწილეობდნენ.  ჰამილტონმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. როზბერგი სულ ცოტათი ჩამორჩა. რობერტ კუბიცა, რომელიც რბოლებში მათთან ერთად მონაწილეობდა, იხსენებს, რომ ბიჭები ერთმანეთის არამხოლოდ ტრასაზე, არამედ პიცის ჭამის დროსაც კი ეჯიბრებოდნენ. ჭამას ერთდროულად იწყებდნენ და ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო სწრაფად შეჭამდა. მათმა კარტინგის ხელმძღვანელმა დინი ჩიეზამ აღიარა, რომ, მართალია, ჰამილტონი უფრო სწრაფი იყო, მაგრამ როზბერგს ანალიზის უნარი უკეთ ჰქონდა განვითარებული.

ბევრს სჯეროდა, რომ ანალიტიკური უნარის გამო, ნიკო როზბერგი უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა. მას მუხრუჭების, ენერგიის, საწვავის კონტროლი კარგად გამოსდიოდა. თუმცა, ჰამილტონის საბურავების კონტროლის უნარი ხშირად უფრო წარმატებული გამოდგებოდა ხოლმე. ამის წყალობით გუნდს ოპტიმალური სტრატეგიის შედგენა შეეძლო. Sky Sport-ის ჟურნალისტი მარკ ჰიუჯსი ამბობდა, რომ „როზბერგს უფრო მეცნიერული მიდგომა ჰქონდა, ჰამილტონი კი უბრალოდ ბალანსს პოულობდა და შემდეგ იმ მართვის სტილთან ადაპტირდებოდა“.  

მოგვიანებით, ბავშვობის მეგობრების გზა გაიყო. ორივე პილოტს ფორმულა 1-ამდე ღირსეული კარიერა ჰქონდა. 2002 წელს ნიკომ German Formula BMW მოიგო. 2004 წელს კი „უილიამსის“ გუნდის ბოლიდი ტესტირებისას პირველად ატარა. 2005 წლის GP2 championship-ის მოგების შემდეგ, 2006 წელს როზბერგი „უილიამსის“ გუნდის პილოტად დაამტკიცეს.

ჰამილტონი კი 1998 წელს „მაკლარენის“ ახალგაზრდა პილოტთა მხარდაჭერის პროგრამას შეუერთდა. ეს იყო სამი წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა პირველად „მაკლარენის“ ხელმძღვანელ რონ დენისს მიუახლოვდა და უთხრა, რომ „უნდოდა ერთ დღეს მათი ბოლიდის პილოტი გამხდარიყო“. British Formula Renault-ში, Formula 3 Euro Series-სა და GP2 ჩემპიონატებში გამარჯვების შემდეგ, 2007 წელს მისი ოცნება ახდა და „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდში აიყვანეს. 2008 წელს ბრიტანელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო.

 

2013 წელი: ლეგენდარული დაპირისპირება

2013 წელს ბავშვობის მეგობრების გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ასე დაიწყო ბოლო ათწლეულის ყველაზე საინტერესო, დაძაბული და ინტრიგით სავსე დაპირისპირება. ბავშვობის მეგობრები მტრებად იქცნენ.

2012 წელს მედიაში სპეკულაციები დაიწყო, იმის თაობაზე, რომ ლუის ჰამილტონი „მერსედესის“ გუნდში გადასვლას აპირებდა. ამ გადაწყვეტილების გამო ჰამილტონს აკრიტიკებდნენ კიდეც.

2013 წელს „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი კვლავ დომინანტები იყვნენ. „მერსედესის“ პილოტებმა გუნდს ჯამში 360 ქულა მოუტანეს. როზბერგი 171 ქულით მეშვიდე ადგილას გავიდა. ჰამილტონი მეოთხეზე - 189 ქულით. ბრიტანელმა ერთი - უნგრეთის გრან პრი მოიგო. ნიკომ კი ორი - მონაკოსა და ბრიტანეთის.

გუნდელებს შორის დაძაბულობამ პირველად თავი 2013 წლის მალაიზიის გრან პრიზე იჩინა. ნიკოს გუნდმა უბრძანა, რომ ჰამილტონის უკან მეოთხე ადგილას დარჩენილიყო. რბოლის შემდეგ ლუისმა კომენტარში თქვა, რომ პოდიუმზე მესამე ადგილს ნიკო იმსახურებდა. როზბერგმა თავი დაჩაგრულად იგრძნო. გუნდისთვის პრიორიტეტი ჰამილტონი აღმოჩნდა.

 

2014 წელი: პირველი ბრძოლა ტიტულისთვის

წინასწარი ტესტირებების შემდეგ, 2014 წელს „მერსედესის“ გუნდი ფავორიტად სახელდებოდა. „რედ ბულის“ დომინირება შეწყდა. გუნდებს ტურბო-ჰიბრიდული ძრავების გამოყენების უფლება მისცეს. სეზონის გამხსნელ ავსტრალიისა და მალაიზიის რბოლებში როზბერგმა და ჰამილტონმა დომინანტური გამარჯვება მოიპოვეს.

მათი პირველი ნამდვილი დაპირისპირება 2014 წლის ბაჰრეინის გრან პრიზე შედგა. უსაფრთხოების ავტომობილის გამოსვლის შემდეგ, ნიკო მეორე ადგილზე იყო, მაგრამ უფრო სწრაფი საბურავების უპირატესობა ჰქონდა. რბოლის განახლების შემდეგ ჰამილტონმა ლიდერობა შეინარჩუნა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლუისზე უპირატესობის მოპოვების მიზნით, გერმანიის სახელით მოასპარეზე პილოტმა ძრავის ის რეჟიმები გამოიყენა, რომლის გამოყენებაც გუნდს აკრძალული ჰქონდა.

2014 წლის ესპანეთის გრან პრიზე ლუის ჩემპიონატში ნიკოსთვის გადასწრებისთვის გამარჯვება სჭირდებოდა. ის პოზიციას იცავდა. რბოლის შემდეგ, როზბერგმა თქვა, რომ გუნდელის გასასწრებად მხოლოდ ერთი წრე დააკლდა. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ჰამილტონმა პოზიციის შესანარჩუნებლად ძრავის იგივე აკრძალული რეჟიმი გამოიყენა, რომელიც როზბერგმა ბაჰრეინში.

ორი კვირის შემდეგ მონაკოს გრან პრიზე ვარჯიშებზე ჰამილტონმა უკეთესი შედეგი აჩვენა. მეორე კვალიფიკაციაზეც. მესამე სესიაზე პირველი როზბერგი იწყებდა, მეორე ჰამილტონი. ნიკო როზბერგი ავარიაში მოყვა. უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ჰამილტონმა ბოლო წრის დრო ვეღარ დააფიქსირა. ბრიტანელს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ნიკოს ეს სპეციალურად გაეკეთებინა. ბრიტანელმა კი უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელი“ იყო და უნდა ევარაუდა, რომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო.  სტიუარტებმა და გუნდის ხელმძღვანელმა ეს ბრალდება სრულიად უარყვეს. თუმცა, ჰამილტონმა ყველას მკაფიოდ დაანახა და დარწმუნებული იყო, რომ გუნდელმა წრე სპეციალურად გაუფუჭა. რბოლის მეორე ადგილას დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ ის და ნიკო მეგობრები აღარ იყვნენ. გუნდში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და კინაღამ უმართავიც კი გახდა.

2014 წლის უნგრეთის გრან პრიზე როზბერგმა პოლ პოზიცია დაიკავა, ბრიტანელს კი კვალიფიკაციის პირველ სესიაზე, საწვავის გაჟონვის გამო,  პელეტონის ბოლოდან მოუწია დაწყება. ჰამილტონმა ბრძოლა დაიწყო. რბოლის შუაში უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. ჰამილტონი როზბერგის წინ აღმოჩნდა. გუნდელები სხვადასხვა სტრატეგიაზე იყვნენ. როზბერგი უფრო ახალ საბურავებზე იყო და ჰამილტონს მიუახლოვდა. ნიკოს კიდევ ერთი პიტ სტოპი უწევდა. გუნდმა ბრიტანელს როზბერგის გატარება სთხოვა, მაგრამ ჰამილტონმა თქვა, რომ ამ ადგილისთვის მთელი რბოლა იბრძოდა და  გუნდელის ასე უბრალოდ გატარებას არ აპირებდა. ლუის ჰამილტონმა მესამე ადგილი დაიკავა. ნიკო პოდიუმის გარეშე დარჩა. გუნდის თქმით, ჰამილტონმა ნიკო დაბლოკა და ეს როზბერგისთვის ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. რბოლის შემდეგ, „მერსედესის“ გუნდის საბჭოს წევრმა ნიკი ლაუდამ თქვა, რომ ლუისი სწორად მოიქცა და გუნდმა მის წინააღმდეგ არანაირი ზომა არ მიიღო.

იმ სეზონში უსიამოვნებები უნგრეთში არ დასრულებულა. ბელგიის გრან პრიზე გუნდელები ერთმანეთს შეეჯახნენ. ამჯერად, კრიტიკა როზბერგმა დაიმსახურა. მან საკუთარი ბოლიდიც დააზიანა და ჰამილტონისაც. ბრიტანელს რბოლის შეწყვეტა მოუწია. ნიკომ კი რბოლა დენიელ რიკიარდოს უკან, მეორე ადგილზე დაასრულა. პოდიუმზე მის გამოჩენას მაყურებლისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როზბერგს ბოდიშის მოხდა მოუწია, გუნდმა კი „შესაფერისი დისციპლინური ზომები“ მიიღო. ჰამილტონი დარწმუნებული იყო, რომ ნიკო სპეციალურად დაეჯახა.

ტიტულის ბედი აბუ დაბის გრან პრიზე გადაწყდა. პილოტები ბოლო რბოლაზე გაორმაგებულ ქულებს იღებდნენ. ჰამილტონს კარგი სტარტი ჰქონდა. საბოლოოდ, რბოლაში გაიმარჯვა კიდეც. მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 2008 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა. ნიკო მეთოთხმეტეზე გავიდა. მის ბოლიდს ERS სისტემის პრობლემა ჰქონდა. ტემპი სრულიად დაკარგა. გუნდმა ურჩია, რბოლა შეეწყვიტა, მაგრამ მისთვის სიტყვა „დანებება“ უცნობი იყო და უარი თქვა.  გადაწყვიტა რბოლა დაესრულებდა და ეს შეძლო კიდეც. ნიკოს და მისი გულშემატივრებისთვის სამწუხაროდ,  აბუ დაბიში ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება არ მიეცა.

საბოლოოდ 2014 წლის სეზონში ლუისმა 384 ქულა, 11 გამარჯვება და 7 პოლ პოზიცია მოიპოვა, ნიკომ კი 317 ქულა, 5 გამარჯვება და 11 პოლ პოზიცია.

2015 წლის სეზონი: ჰამილტონის ნაადრევი გამარჯვება

Mercedes-მა 2015 წელს ისევ ყველაზე სწრაფი ბოლიდი W06 Hybrid-ი წარმოადგინა. დომინანტობა პირველივე - ავსტრალიის რბოლაზე დაამტკიცა. გუნდელებმა 1-2 (პირველი - მეორე) ადგილი დაიკავეს. მესამე ადგილოსანი „ფერარი“ 34 წამით დაჯაბნეს. „მერსედესის“ პილოტები მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ. ჰამილტონმა სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე - ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიზე გაიფორმა ტიტული.

გუნდელებს შორის დაძაბულობამ პიკს სწორედ ამერიკის გრან პრიზე მიაღწია. ლუისმა იცოდა, რომ ტიტულის მოსაპოვებლად ამერიკის გრან პრიზე გამარჯვება ყოფნიდა. პირველ მოსახვევში ჰამილტონმა ზედმეტად აგრესიულად შეუტია. „მერსედესის“ პილოტები ლიდერობდნენ. ბოლო წრეებზე როზბერგი წინ გაიჭრა, მაგრამ მეთორმეტე მოსახვევში შეცდომა დაუშვა, ჰამილტონმა გაუსწო. ამ შეცდომამ ბრიტანელს მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტული მოუტანა. რბოლის შემდეგ როზბერგი გაბრაზებული იყო როგორც საკუთარ თავზე, ისე მის გუნდელზე. მისი თქმით, ლუისს პირველ მოსახვევში „ზედმეტი მოუვიდა“. გუნდელები მოსაცდელ ოთახში პოდიუმზე გასასვლელად ემზადებოდნენ, გაბრაზებული ნიკო სავარძელში იჯდა და პოდიუმზე გასვლას არ ჩქარობდა. ლუისმა მას კეპი გადაუგდო. როზბერგმა გუნდელს კეპი უკან აგრესიულად ესროლა.

ამ სეზონში ბრიტანელმა 381 ქულა მოიპოვა. 10-ჯერ გაიმარჯვა და პოლ პოზიციაზე 11-ჯერ იდგა. ამისთვის მან FIA-ს (ეფ აი ეის) პოლ პოზიციის ჯილდო და DHL-ის (დი ეიჩ ელის) ყველაზე სწრაფი წრის ჯილდო მოიგო. ნიკომ 322 ქულა, 6 გამარჯვება და 7 პოლ პოზიცია მოიპოვა.

 

2016 წელი: ნიკო როზბერგი მსოფლიო ჩემპიონია

2015 წელს ტიტულის წაგების შემდეგ, როზბერგი მოტივირებული დაბრუნდა. მიუხედავად უდიდესი სტრესისა, ის დანებებას არ აპირებდა. ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო! 2016 წლის პირველ 4 რბოლაში გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის გრან პრიზე ის ჰამილტონს 43 ქულით უსწრებდა. ესპანეთის გრან პრიზე ჰამილტონმა პოლ პოზიცია მოიპოვა. ორივეს კარგი სტარტი ჰქონდა. ნიკომ პირველ მოსახვევში ჰამილტონს გაუსწრო. მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა, როზბერგის ბოლიდის ძრავა არასწორ რეჟიმში იყო. მან ფორმაციის წრეზე შეცდომა დაუშვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მესამე მოსახვევიდან გამოსვლისას მისი ბოლიდი უფრო ნელი იყო. ჰამილტონმა გასწრება სცადა, ნიკომ გუნდელს გზა ჩაუკეტა და ჰამილტონი ბალახზე გადავიდა, რის შემდეგაც დაბზრიალდა და ისევ ნიკოს შეეჯახა. რბოლა ორივე პილოტისთვის დასრულდა. რბოლის გაფუჭებაში ორივე ერთმენთს ადანაშაულებდა. სტიუარტებმა კი გადაწყვიტეს, რომ ეს სარბოლო ინციდენტი იყო. ჰამილტონის ქმედება იმით გაამართლეს, რომ ის 17კმ/სთ-ით უფრო სწრაფი იყო და მისი მცდელობაც ლეგიტიმური იყო. ნიკი ლაუდამ ამჯერად ბრალი ჰამილტონს დასდო. ნიკის აზრით, ეს სულელური იყო  და გუნდს შეეძლო მტკიცე გამარჯვება მოეპოვებინა. ლუისი კი „ზედმეტად აგრესიული“ აღმოჩნდა.  ჰამილტონის თქმით, კი ამ ინციდენტს როზბერგთან მის ურთიერთობაზე არ უმოქმედია. მოგვიანებით კი აღიარა, რომ მათი ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ ცოტათი გამოსწორდა.

2016 წლის ავსტრიის გრან პრიზე როზბერგს მუხრუჭების პრობლემა ჰქონდა. ნიკოს გუნდელი ბოლო წრეებზე მიუახლოვდა. პირველ მოსახვევში შეცდომა დაუშვა, რამაც ლუის მეორე მოსახვევში შანსი მისცა. ლუისმა მოხვევა დაიწყო, ნიკო პირდაპირ წავიდა. შედეგად, ერთმანეთს შეეჯახნენ. ნიკოს ბოლიდს წინა ფრთა დაუზიანდა. ჰამილტონი პირველზე გავიდა, როზბერგი მეოთხეზე. რბოლის შემდეგ მრბოლელები ამ ავარიას ერთმანეთს აბრალებდნენ. გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი კი გაბრაზებული იყო და თქვა, რომ გუნდის ბრძანებები გამკაცრდებოდა. სტიუარტებმა როზბერგი დაადანაშაულეს. მას 2-ქულიანი ჯარიმა მისცეს. მათი აზრით, გერმანელმა გუნდელს სივრცე არ დაუტოვა და შეჯახება გამოიწვია. 

დრამა 2016 წელს აბუ დაბიში ტიტულისთვის გადამწყვეტ რბოლაზე გაგრძელდა. რბოლის დაწყებამდე ჩემპიონატში როზბერგი გუნდელს 12 ქულით უსწრებდა. ბოლო წრეებზე ბრიტანელმა გუნდის ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა. ჯერ რბოლის ინჟინრის, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორის. ის როზბერგს სპეციალურად ანელებდა და ფეტელსა და ფერშტაპენს მისი გუნდელისთვის გასწრების შანსს აძლევდა. თუ ასე მოხდებოდა, ჩემპიონი თვითონ გახდებოდა. ტემპის მომატების ბრძანებაზე ბრიტანელმა უპასუხა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს აგებდა და საერთოდ არ აინტერესებდა, რბოლას მოიგებდა, თუ ვერა. მიუხედავად კარგი ტემპისა, ფეტელის საბურავები უკვე გაცვეთილი იყო და დაწევა ვერ შეძლო. როზბერგმა მეორე ადგილის დაკავება მაინც შეძლო. ჩემპიონატში ლუის 5 ქულით გაუსწრო და ჩემპიონის დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ტიტული მოიპოვა.  ისევე, როგორც მამამ 34 წლის წინ.

რბოლის შემდეგ, პრესკონფერენციაზე როზბერგს დაღლილობა ემჩნეოდა. თქვა, რომ ძალიან სტრესული რბოლა იყო. ჰამიტონი მის შენელებას ცდილობდა, ფეტელი და ფერშტეპენი კი მოსვენებას არ აძლევდნენ. მიუხედავად, ამისა ნიკომ აღნიშნა, რომ გუნდის და ლუისის სტრატეგიაც მისთვის სრულიად გასაგები იყო.

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა რბოლებში ვმონაწილეობ. ჩემთვის ტიტულის წართმევას ყოველთვის სულ მცირედი განსხვავებით ახერხებდა. მაშინაც კი, როცა ბავშვები ვიყავით და კარტინგს ვატარებდით. ის საოცარი პილოტია. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მისი დამარცხება ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა. დონე ძალიან მაღალია. მე მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წავართვი და ეს ფენომენალურია“. - თქვა 2016 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონმა.

როზბერგის მოულოდნელი გადაწყვეტილება

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებიდან მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, ვენაში დაჯილდოების ცერემონიალზე ნიკომ გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო პირველად, ალენ პროსტის შემდეგ, როცა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ამ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე, უპირველეს ყოვლისა, ყველას ლუის ჰამილტონის აზრი აინტერესებდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, მაგრამ, მიუხედავად მათი დაძაბული ურთიერთობისა, გული დაწყდა, რომ მისი დიდი ხნის მეტოქე სპორტიდან მიდიოდა. 

„18 წლის განმავლობაში პირველად მოიგო. ამიტომ არ ვარ გაკვირვებული, რომ შეჩერება გადაწყვიტა. ახლა ის ოჯახზეა კონცენტრირებული და მეტი შვილის ყოლა სურს. ფორმულა 1 კი დიდ დროს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს მეტოქეობა მომენატრება. ერთმანეთს 13 წლიდან ვეჯიბრებოდით და ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონობაზე ვლაპარაკობდით. როცა გუნდს შემოვუერთდი, ნიკო უკვე აქ იყო. ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობდით. უცნაური და სევდიანი იქნება, შემდეგ წელს ჩემს გუნდში რომ აღარ იქნება“. - თქვა ჰამილტონმა.

ასე დასრულდა ღრმა ბავშვობიდან დაწყებული მეტოქეობა, მაგრამ გაგრძელდა მეგობრობა. მართალია,  2013 წელს გუნდში დაწყებულმა დაპირისპირებამ მათ ურთიერთობას დაღი დაასვა, მაგრამ ნიკო ყოველთვის პირველია, ვინც ლუის ჰამილტონს გამარჯვებებს ულოცავს.

2016 წელს როზბერგის ფორმულა 1-დან წასვლამ, გარდა იმისა, რომ მის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, ეს სპორტი შეცვალა კიდეც. მას შემდეგ ბრიტანელი დაუმარცხებელია. მისმა დომინირებამ და ძლიერი კონკურენტის არყოლამ ამ სპორტს ინტერესი ნაწილობრივ დაუკარგა. ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს ნიკო თავისი ფიცხი, ცივი ხასიათის გამო არ უყვართ. სხვა ისტორიულ მეტოქეობაში გულშემატკივრები იმას, რასაც პატიობდნენ სენას, არ პატიობდნენ პროსტს. ასევე იყო 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც.  რასაც აპატიებდნენ ჰამილტონს, არ პატიობენ როზბერგს. არადა, ბოლო წლებში ნიკო როზბერგი იყო ერთადერთი, ვინც რბოლის დროს საოცრად მშვიდ, კონცენტრირებულ და ცივსისხლიან ჰამილტონს აღელვებდა და ხანდახან არასწორი საქციელის ჩადენასაც აიძულებდა. ახლა კი ამ სპორტში ასეთი არავინ ჩანს და რაც დრო გადის, ნიკო როზბერგი გულშემატკივრებს სულ უფრო ენატრებათ და აფასებენ.

გაზიარება: