Aa Aa

მიშელ მუტონი - ქალი, რომელმაც მონსტრები მოათვინიერა

                                                                                                                                                                                                                                                                                                       მართვა, მანქანების ცხოვრებით ცხოვრება ჩემთვის სიამოვნება იყო.  შეჯიბრებაზე არასდროს,  არასდროს, არასდროს მიფიქრია.

მიშელ მუტონი

 

მიშელ მუტონი - ეს ის სახელი და გვარია, რომლის გაგონებაც მამაკაცებს შიშის ზარს სცემდა. ეს არის ისტორია ქალისა, რომელმაც რალის სამყარო დაიპყრო. მას გრძელი შავი თმის და ძლიერი ტემპერამენტის გამო „შავი ვულკანის“ ზედმეტსახელით იცნობენ.

მიშელ მუტონი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთის ლამაზ სამხრეთულ ქალაქ გრასში. ბავშვობაში მან თავი ციგურაობასა და ბალეტში გამოიჩინა. შესანიშნავი იურისტის კარიერა ელოდა, მაგრამ არა. ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი იყო. ბედისწერა რაღაც უფრო შთამბეჭდავს უმზადებდა.

მიშელი მამის Citroen 2CV-ს რივიერაზე 14 წლიდან ატარებდა. 1972 წელს მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, როცა იტალიელ მრბოლელ ჯან ტაიბის შეხვდა, რომელმიც მოყვარული მრბოლელი იყო. ჯანმა მიშელი კორსიკის რალიზე დაპატიჟა. მაშინ მუტონი მხოლოდ მაყურებელი იყო.  1973 წლის იანვრიდან კი ის ჟანის მეწყვილე პილოტი გახდა.

„შავი ვულკანის“ გაღვიძება

მიშელს მამამ რალის სამყაროში წასვლის გადაწყვეტილება მოუწონა. ადრე მასაც მრბოლელობა სურდა, ამიტომ შვილის სიყვარული ავტომობილისა და რბოლის მიმართ მისთვის გასაგები იყო. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა იყო ტაიბი და მისი ავტომობილი. მან ქალიშვილს უთხრა: - „თუ გინდა რალიში მონაწილეობა გააგრძელო, მრბოლელი უნდა გახდე. გიყიდი მანქანას და ერთ სეზონსაც დაგიფინანსებ. შენი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება გექნება“.

დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა. მამამ ოჯახის დანაზოგი დახარჯა და ახალი Alpine A110 შეიძინა. ეს ავტომობილი მაშინდელი რალის პილოტებისთვის ფავორიტი იყო. გუნდიც კი ჩამოაყალიბა, რომელიც მეგობრებისგან და მეზობლებისგან შედგებოდა. ახალ გუნდს Groupe Compétition Grasse დაარქვეს.

მიშელმა პირველივე სეზონში თავი გამოიჩინა. 1973 წელს ქალების ღონისძიებაში კორსიკის ტურზე მერვე ადგილი დაიკავა. 1974 წელს უკვე მსოფლიო რალის ღონისძიებებში მონაწილეობდა.  მის საყვარელ კორსიკის ტურზე მეთორმეტე ადგილი დაიკავა და ფრანგი და ევროპელი ქალი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა .

1975 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთის ნავთობკომპანია Elf-მა მისი ტალანტი შენიშნა და სპონსორობა შესთავაზა. მიშელ მუტონი რალის პროფესიონალი მრბოლელი გახდა. მან წრიული რბოლის შეთავაზებაც მიიღო. Moynet LM75 Le Mans პროტოტიპით 24-საათიანი „ლე მანის“ კლასში პირველი ადგილი დაიკავა.

 

„გაწვიმდა. სლიკებით დავიწყე სიარული. მეუბნებოდნენ, უნდა გაჩერდეო, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. ყველას ვუსწრებდი“.

შემდეგი დიდი ცვლილება 1977 წელს იყო, როცა მან ხელი „ფიატთან“ მოაწერა. მიშელს 131 Abarth უნდა ეტარებინა, რომელიც, მისი სიტყვებით, იმართებოდა როგორც სატვირთო და არა მსუბუქი ავტომობილი. მიუხედავად ასეთი მონსტრის ტარებისა, მან დიდებული შედეგები აჩვენა, „ტურ დე ფრანს“ რალი მოიგო.

შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა. მონტე კარლოს რალიმდე ტურინიდან ცუდი ამბავი მოვიდა. „ფიატს“ მხოლოდ 5 მანქანის უზრუნველყოფა შეეძლო. მუტონისთვის ადგილი აღარ დარჩა. მას მოუწია Lancia Stratos ეთხოვნა, რომელსაც ჩვეულებრივ „ფიატის“ მძღოლი ბერნარდ დარნიში ატარებდა. დარნიში ძალიან გაბრაზდა. ფიქრობდა, რომ „ვიღაც ქალი“ მის ავტომობილს გააფუჭებდა. მიშელმა მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს იყო რალიზე ყველა „ლანჩას“ შორის საუკეთესო შედეგი. ბერნარდმა ალბათ ინანა თავისი სიტყვები, როცა სექტემბერში მას მიშელი პირველი ადგილისთვის ებრძოდა. დარნიშიმ მანქანის ძრავა გადაახურა და თავისი Lancia Stratos გააფუჭა.

ლამაზმანი და ურჩხული

ტელეფონზე ზარი გაისმა და „აუდის“ გუნდმა ახალგაზრდა ქალს ახალი Quattro-ს ტარება შესთავაზა. ოთხივემავალი მხეცი 300 ცხენის ძალით რალის სამყაროში აქამდე არნახული ავტომობილი იყო.

„როცა დარეკეს, ეს სრული შოკი იყო. როცა ფრანგ ქალს გერმანიიდან გირეკავენ და რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას გთავაზობენ, ეს დაუჯერებელია. არ ვიცოდი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ჩემი გუნდელი ჰანუ მიკოლა უნდა ყოფილიყო. მე მას ყოველთვის დიდებულ პილოტად მივიჩნევდი და ის ჩემი გუნდელი ხდებოდა“. - იხსენებს მიშელ მუტონი.

1981 წელს ლეგენდარულმა მრბოლელმა არი ვატანენმა თქვა, რომ არც ის და არც მისი მანქანა ქალთან წაგებას არ აპირებდნენ. მიშელმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის სანრემოს ტურში გამარჯვება მოიპოვა. მან ჰენრი ტოივონენის და არი ვატანენის დამარცხება შეძლო.  ის გახდა პირველი ქალი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატის ტური მოიგო.  

შემდეგი წელი მუტონისთვის რთული აღმოჩნდა. კოდ დიუვარის მარათონის რალის დროს შეიტყო, რომ მამამისი გარდაიცვალა. მამის ბოლო სურვილი შეასრულა. დაიწყო რბოლა და ფინიშის ხაზიც გადაკვეთა. რომ არა ავარია ფინიშამდე 600 კილომეტრში, მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც ექნებოდა. ვალტერ რორლი გახდა რალის პირველი მრბოლელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ზედიზედ მოიგო.  მიშელ მუტონი ჩემპიონს მხოლოდ 12 ქულით ჩამორჩა.

მონსტრების ერა

1983 წლის დასაწყისში ჯგუფი B გახდა რალის სამყაროს ყველაზე შეშლილი და ლეგენდარული ნაწილი. ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი უპრეცენდენტო სიჩქარე იყო. იუჰა კანკუნენმა ერთხელ თქვა: „რალის მსოფლიო ჩემპიონატი ბიჭებისთვისაა - ჯგუფი B კი კაცებისთვის“. სინამდვილეში კი კაცებისთვის და ერთი ქალის - მიშელ მუტონისთვის.

თავისი „კუატროთი“, ის იყო იმ ცოტა პილოტთა შორის, რომელმაც დიდი სიჩქარის დამორჩილება შეძლო.

მიშელ მუტონი მხოლოდ რალიში როდი იყო წარმატებული. ის კოლორადოს Pikes Peak-ში მონაწილეობდა და თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს  ამერიკული V8 პროტოტიპების რბოლა მოიგო.

1986 წელს მიშელს ადგილი „პეჟოს“ გუნდში გამოუჩნდა, სადაც კიდევ უფრო სწრაფ 205 T16-ს ატარებდა. მუტონმა გერმანიის რალის ჩემპიონატი დაიპრო. 8 ღონისძიებიდან გამარჯვების მოპოვება 6-ში შეძლო.

კორსიკის საბედისწერო რალი

საბოლოოდ, ყველაფერი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო. კორსიკის რალიზე მიშელის „პეჟოს“ კარგი ტემპი ჰქონდა და მესამე ადგილსაც იკავებდა, თუმცა მოგვიანებით გადაცემათა კოლოფის პრობლემის გამო რბოლის შეწყვეტა მოუწია. მეორე დღეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფინელი პილოტის ჰენრი ტოივონენის და მისი მეწყვილე სერხიო კრესტოს ტრაგიკული ავარიის შემდეგ მიშელ მუტონმა გადაწყვიტა, რომ თუ ჯგუფი B გაუქმდებოდა, რბოლას თავს დაანებებდა. გერმანიის რალის ჩემპიონის ტიტულის დაცვიდან  ორი კვირის შემდეგ „შავმა ვულკანმა“ რალიდან წასვლის განცხადება გააკეთა.

მისი სიყვარული რალის მიმართ არასდროს განელებულა. დღეს მუტონი რალის მსოფლიო ჩემპიონატის მენეჯერია. მისი შედეგების გაუმჯობესება კი დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო და როგორც ჩანს, კიდევ დიდ ხანს ვერ შეძლებს.

 

გაზიარება: