ავტომობილები, რომლებიც Fast & Furious-ის გადაღებებს შეეწირა
The Fast and the Furious-ის 2001 წლის გამოშვება, მომდევნო ნაწილებთან შედარებით, დაბალბიუჯეტიანი ექსპერიმენტული საავტომობილო დადგმა გახლდათ. ფილმის ყველაზე ცნობილი ავტომობილი დომის „ჩარჯერია“. ეს 1970 წლის Dodge იყო, რომელსაც ’69 წლის მოდელის უამრავი ნაწილი ჰქონდა დამონტაჟებული. გადაღებებისთვის სულ ხუთი Charger-ის მოდელი ააწყვეს, მათგან კი სამი იყო ტრიუკებისთვის განკუთვნილი ავტომობილი.
რაც შეეხება არანაკლებ ცნობილ Toyota Supra-ს, პირველი ფილმისთვის გადასაღებ მოედანზე რვა მოდელი იდგა. მათგან ერთ-ერთი Hero 1 და მისი შემცვლელი, დანარჩენი კი დამატებითი მოდელები იყო. 2 Fast 2 Furious-ის გადაღებებისთვის ტექნიკური ჯგუფი ხუთ GT-R-ს იყენებდა. მეოთხე ნაწილში კი მხოლოდ მთავარი კადრების დასაფიქსირებლად იღებდნენ R34 GT-R-ს. კასკადიორულ კადრებს კი Nissan Skyline GTT-ით ასრულებდნენ.
FF-ის ფილმების საავტომობილო კოორდინატორის, დენის მაქქათის თქმით, Universal-ის ფილმების საავტომობილო განყოფილება იმდენად სულელი არ არის, რომ საკოლექციო ავტომობილები დაამტვრიოს. ამის ნაცვლად ჯართიდან შესაძლოა ორი ავტომობილიც კი შეკერონ ერთის ასაწყობად, რათა ერთი რომელიმე კადრი გამოვიდეს.
ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის კვლევით, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, დათვლილია თუ რამდენი ავტომობილი შეეწირა ჯამურად და წილობრივად FF-ის ფილმებს:
• The Fast and the Furious – 78 ავტომობილი;
• 2 Fast 2 Furious – 130 ავტომობილი;
• The Fast & the Furious: Tokyo Drift - 249 ავტომობილი;
• Fast & Furious – 190 ავტომობილი;
• Fast Five – 260 ავტომობილი;
• Fast & Furious 6 – 350 ავტომობილი;
• Furious 7 – 230 ავტომობილი.
ჯამში კი 1 487 დაზიანებული ავტომობილი გამოდის და დიდი ალბათობით, ფილმის ახალი ნაწილების გამოსვლის შემდეგ, ეს რიცხვი გაიზრდება.