როგორ გავუხანგრძლივოთ ელექტრო ავტომობილის ბატარეას სიცოცხლე?
ელექტრო ავტომობილის მყიდველებს ყველაზე ხშირად ბატარეის გამძლეობა აღელვებთ. ეშინიათ, რომ დასამუხტ პუნქტამდე ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთი პრობლემა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაა. მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების მოხმარების გამოცდილებიდან, ყველამ იცის, რომ დროთა განმავლობაში ბატარეების ეფექტურობა მცირდება. საბოლოოდ კი უფრო ხშირ დამუხტვას მოითხოვს. კარგი ამბავი ისაა, რომ ავტომობილის ბატარეები უფრო გამძლეა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თანაც რამდენიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ ბატარეას სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ.
ბატარიის სიცოცხლის ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ, მისი გამოცვლაა საჭირო. ფასი კი იმხელაა, რომ მის გადახდას ახალი ავტომობილის შეძენა სჯობს. თუმცა, 320 000 კილომეტრის გავლის შემდეგაც კი ზოგიერთი ელექტრო ავტომობილის ბატარეა 70%-ით მუშაობს.
რატომ კარგავს ბატარეები ეფექტურობას დროთა განმავლობაში?
უფრო ძლიერი და გამძლე ბატარეების შექმნაზე ავტომწარმოებლებს შორის ცივი ომია გაჩაღებული. გამძლეობის პრობლემის მოგვარებას ბევრი ავტომწაროებელი ცდილობს. ლითიუმის იონის ბატარეები წლების განმავლობაში დეგრადირდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი ფაქტორები გამოყენების ციკლი და დამუხტვაა. ხშირად ბოლომდე დამუხტვა უჯრედებს ასუსტებს. სწორედ ამიტომ, ავტომწარმოებლები რეკომენდაციას 80%-მდე დამუხტვას უწევენ.
სწრაფი დამუხტვაც არაა რეკომენდირებული. ამგვარად, ბატარეაში უფრო მაღალი ტემპერატურა გროვდება. გამაგრილებელი სითხით ამის განეიტრალება შეიძლება, თუმცა, სწრაფი დამტენით ხშირად მუხტვა დროთა განმავლობაში ლითიუმის იონის ბატარეას დააზიანებს. იმ ავტომობილების ბატარეები, რომლებითაც უფრო თბილ კლიმატურ პირობებში სარგებლობენ, უფრო მალე კარგავს ეფექტურობას, ვიდრე შედარებით გრილ პირობებში.
როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ ავტომობილის ბატარეაზე?
საბედნიეროდ, რამდენიმე გზა არსებობს, რაც ბატარეას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ერთ-ერთი ფაქტორი დამუხტვის კონტროლია. თავიდან უნდა ავირიდოთ მუხტის 20%-ს ქვემოთ დაცემა და არ დავმუხტოთ 80%-ზე მეტად. ამ რიცხვის ზემოთ ბატარეები შეიძლება გაცხელდეს და ეს მის უჯრედებს აზიანებს.
საბედნიეროდ, დღეს ელექტრო ავტომობილების დიდი ნაწილი დამუხტვის დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ამ სისტემის მიხედვით განსაზღვრავთ, რამდენი ელექტროენერგია მოხვდეს ბატარეებში. გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ ელექტროენერგიისგან სრულად დაცლასაც. EV-ი მცირეოდენ ენერგიას იტოვებს. ეს ენერგია შესაძლოა ავტომობილის დასაძრავად საკმარისი არ იყოს, მაგრამ ბატარეას „გამოშრობისგან“ იცავს.
დამუხტვისას კარგი იქნება, თუ მხოლოდ DC სწრაფ სატენს გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ექსტრემალურ სიტუაციაში სხვა სატენის გამოყენება მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისინოთ, რომ ზოგიერთი სწრაფი დამტენი ტემპერატურას ზრდის და ლითიუმის იონის ბატარეას აზიანებს.
რა თქმა უნდა, ელექტრო ავტომობილის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მართვის სტილიც დიდ გავლენას ახდენს. ბატარეის სწრაფად დაჯდომა დროთა განმავლობაში მასზე უარყოფითად აისახება. ეფექტურობას და გამძლეობას კარგავს. რაც უფრო სწრაფად დადიხართ, რაც უფრო ხშირად იყენებთ ავტომობილის მომენტალურ მაბრუნ მომენტს, ბატარეა უფრო ზიანდება. სტაბილური მართვის სტილი თქვენს ბატარეას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
ელექტრო ავტომობილების გარანტიები
ავტომწარმოებლებს კარგად ესმით ლითიუმის იონის ბატარეის პრობლემები. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი, ბატარეებზე გარანტიას ცალკე და გახანგრძლივებულ პერიოდზე იძლევა.
ელექტრო ავტომობილების გარანტია საშუალოდ 3 წელი, ან 100 000კმ-მდეა. ბატარეის გარანტია კი გახანგრძლივებულია. მაგალითად, Audi, BMW, Jaguar-ი, Nissan-ი და Renault ბატარეებზე გარანტიას 8-წელზე ან დაახლოებით 160 000კმ-ზე იძლევიან. Hyundai გარანტიას 200 000 კმ-ზე გვთავაზობს. Tesla დაახლოებით – 195 000კმ-ზე.
ასევე გარანტიების უმეტესობა ამ პერიოდებში ბატარეის, მისი ეფექტურობის 70%-75%-ზე დაბლა ჩამოსვლის შემთხვევაში, შეცვლას ითვალისწინებს.
ასე რომ, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენი ელექტრო ავტომობილის ბატარეაზე ნაკლები დარდი მოგიწევთ.