Porsche Taycan Cross Turismo-ს ოფიციალური დებიუტი წლის ბოლოსკენ შედგება
„ტაიკანის“ ელექტრო პლატფორმას კიდევ სხვა ავტომობილები მოყვება.
„პორშემ“ ყოველწლიურ კონფერენციაზე გასული 2019 წლის შედეგები შეაჯამა. რამდენიმე ციფრს მოვიყვანთ იმის დასადასტურებლად, რომ „პორშე“ ტემპს არ აგდებს. გაყიდვებმა 10%-ით მოიმატა და 280 800 ავტომობილი შეადგინა; კომპანიას 2 919 ახალი თანამშრომელი შეუერთდა და ახლა უკვე 34 010-კაციანი გუნდის ნაწილი არიან. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „პორშე“ მოდელების ელექტრონიზირების პროგრამაში დაახლოებით 10 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადებას აპირებს. „პორშეს“ გათვლით 2050 წლამდე მათი გაყიდვების 50% ჰიბრიდებისა და ელექტრომობილებისგან იქნება შემდგარი.
ამ ეტაპზე პრიორიტეტული გეგმა Mission E Cross Turismo-ს საწარმო ვერსიის ჩაშვებაა, რომელიც კონცეპტის სახით 2018 წლის ჟენევას ავტოშოუზე ვიხილეთ. ამ კონცეპტის ფინალურ მოდელს Taycan Cross Turismo სახელწოდება მიანიჭეს. მისი წარდგენა 2020 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ეს „ტაიკანის“ ბაზაზე აწყობილი პირველი ავტომობილი იქნება.
200-გვერდიან დოკუმენტში ასევე „მაკანის“ სრულიად ელექტრო ვერსიაც არის ნახსენები, რომელიც „პორშეს“ „პრემიუმ ელექტრო პლატფორმაზე“ იქნება აწყობილი და მისი წარმოებაში ჩაშვება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.
ელექტრო „მაკანის“ გამოშვებისთვის მომზადება „პორშემ“ უკვე დაიწყო. ლაიფციგის ქარხნის მოდიფიცირებაში €600 მილიონია ჩადებული. ახალ ქარხანაში ელექტრონული „პორშეები“ შიგაწვისძრავიან მოდელებთან პარალელურ რეჟიმში აიწყობა. „მაკანის“ და „პანამერას“ სხვა კომპანიაში დაკვეთილი შასისგან განსხვავებით, ელექტრომობილების ახალი შასის წარმოებას „პორშე“ განახლებულ ქარხანაში თავად აპირებს.