ყველაფერი, რაც მართვის მოწმობის გამოცდის შესახებ უნდა ვიცოდეთ
მართვის მოწმობის აღება ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი მომენტია. ცხოვრებაში მსგავსი მომენტი ბევრი არაა. ავტომოყვარულების ნაწილი იმ დღეს, როცა მართვის მოწმობა აიღეს, ოჯახის შექმნის, ან შვილის დაბადების ბედნიერების გვერდითაც კი აყენებენ ხოლმე.
გარდა იმისა, რომ ეს პროცესი დიდ ნერვებს მოითხოვს, გარკვეულ თანხებთანაც არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის მოწმობის აღება გსურთ.
თუ თქვენ მართვის მოწმობა ჯერ არ აგიღიათ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ჩვენ გეტყვით, რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ, რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეთ და რა ფინანსებს მოითხოვს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება.
თეორიული გამოცდა
პირველი დაბრკოლება თეორიული გამოცდაა. ავტოსკოლების პოვნა რთული არ არის. სოციალურ ქსელებში არაერთ რეკლამას შეხვდებით. ასევე ფასდაკლებების საიტებზე შესაძლოა თქვენთვის საინტერესო შემოთავაზებასაც გადააწყდეთ. თეორული გაკვეთილების 10-დღიანი კურსი, 1-საათიანი გაკვეთილები საშუალოდ 80 ლარი ღირს. ავტოსკოლები ხშირად აქციებსაც კი გვთავაზობენ.
თუმცა, ნაწილი მაინც საკუთარი ძალებით, სახლში მომზადებას ამჯობინებს. თეორიული ტესტების დიდი ნაწილი ლოგიკურ მსჯელობას ემყარება. B, B1 კატეგორიაში 1032 ბილეთია. საკუთარი ძალებით 32-ე თემის კარგად სწავლის შემთხვევაში ამ გამოცდის ჩაბარება სრულიად რეალურია.
თეორიულ გამოცდაზე რიგის დაჯავშნა წინასწარაა სავალდებულო. ხშირად ადგილები შევსებულია და გამოცდაზე გასასვლელად შესაძლოა ერთი თვის ლოდინიც კი დაგჭირდეთ. ამიტომ, გამოცდაზე დროულად უნდა დარეგისტრირდეთ.
რიგის დაჯავშნა შესაძლებელია თი ბი სის, საქართველოსა და ლიბერთი ბანკების სწრაფი გადახდის აპარატებისა და ვებ პორტალის საშუალებით. ადგილის დაჯავშნის დამადასტურებელი მოკლეტექსტური შეტყობინება თქვენს მობილურზე გამოიგზავნება. გამოცდაზე გასვლის ღირებულება სტუდენტებისა და 17 წლის პირებისთვის 15 ლარია, დანარჩენებს კი 55 ლარის გადახდა მოგიწევთ.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
- ავტოსკოლის შესაბამისი კატეგორიის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (A და B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებია კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება, გარდა 17 წლის პირის გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში);
- სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ.
მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად 17 წლის პირმა საჭიროა წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
- საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა;
- სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ;
- მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.
ჯანმრთელობის ცნობის მიღება კლინიკებში ხდება. ესეც დროის გარდა, თანხებს მოითხოვს. როგორც წესი, თითოეული კლინიკა თავის ფასს ასახელებს. ასევე, ზოგ კლინიკაში სტუდენტური შეღავათები ვრცელდება, ზოგგან კი არა. ჯანმრთელობის ცნობის აღების ღირებულება საშუალოდ 20 ლარია.
გარდა თანხისა, ცნობის აღება დროსაც მოითხოვს. კლინიკაში სხვადასხვა ექიმთან გაგზავნიან და გარკვეული ტესტების ჩატარების შემდეგ, თითოეული ექიმი თავის დასკვნას წერს. საბოლოოდ, დგება ცნობა, რომელიც თეორიულ გამოცდაზე უნდა წარმოადგინოთ.
გამოცდის დღეს ყველა საჭირო დოკუმენტის და ადგილზე ფოტოსურათის გადაღების შემდეგ, დანიშნულ დროს საგამოცდო ცენტრში კომპიუტერებთან განაწილებენ. სწორი პასუხი სენსორულ ეკრანზე თითით უნდა მოინიშნოს. 30 კითხვიდან მინიმუმ 27 სწორი პასუხის დაგროვების შემთხვევაში, თეორიული გამოცდა ჩაბარებულია.
ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვებით 7 დღის შემდეგ, გამოცდაზე რიგის დაჯავშნის და საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.
პრაქტიკული გამოცდა
ნამდვილი გამოცდა სწორედ თეორიის ჩაბარების შემდეგ იწყება. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საშუალება გაქვთ 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გახვიდეთ პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა); მართვის მოწმობის გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა.
გამოცდისთვის მომზადება მხოლოდ დახურულ მოედნებზე, ინსტრუქტორ-მასწავლებლებთან ერთადაა შესაძლებელი. ერთი გაკვეთილის ფასი საშუალოდ 20 ლარია.
"B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, ექვსი დაბრკოლება უნდა გადალახოთ. ამ ელემენტების თანმიმდევრობა მოედნების მიხედვით განსხვავებულია. რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე პრაქტიკული გამოცდა თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, Skoda Rapid-ის მოდელებით ტარდება. საქართველოს სხვა ქალაქების საგამოცდო ცენტრებში კი ძველი საგამოცდო მანქანები - Skoda Fabia გამოიყენება. ხშირად გაიგებთ, რომელიმე გამოსაცდელ მოედანზე, მაგალითად, გორში, რომ იქ გამოცდის ჩაბარება უფრო ადვილია. თუმცა, ეს აღქმა ყველასთვის ინდივიდუალურია. შეიძლება, თქვენთვის სხვა მოედანი უფრო მარტივი აღმოჩნდეს. მოწმობის მისაღებად თქვენ წარმატებით უნდა გაიაროთ:
- პარალელური პარკირება;
- ზიგზაგი;
- შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი (მოძრაობის მიმართულების შეცვლა):
- უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);
- რვიანი;
- აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);
პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხარჯი განსაკუთრებით დიდია, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის გამოცდაზე გადიხართ.
მექანიკურის შემთხვევაში ყოველ ერთ კვირაში 5 გასვლა უფასოა. დამატებით გასვლებში კი 30 ლარს იხდით. ავტომატურის შემთხვევაში კი ყველა გასვლა ფასიანია. კვირაში ერთხელ პირველი გასვლა 40 ლარი ღირს. დამატებითი კი 70. ამას საკომისიოც ემატება. ასე რომ, თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ ის ბევრად ეკონომიურია.
საგამოცდო ავტომობილში ინსტრუქტორთან ერთად ჯდებით, რომელიც გამოცდის დაწყებამდე წესებს გაცნობთ. ინსტრუქტორს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და გადახდის ქვითარი უნდა წარუდგინოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის დაწყების შემდეგ ინსტრუქტორს თქვენთან საუბრის უფლება არ აქვს და თავის მოვალეობას კარგად ასრულებენ. ამიტომ, მათგან სულ მცირე მინიშნებასაც არ უნდა ელოდოთ.
გამოცდის დაწყების შემდეგ მხოლოდ ავტომობილში დამონტაჟებული კომპიუტერი გელაპარაკებათ, რომელიც შემდეგ დავალებაზე მიგითითებთ. კომპიუტერს უნდა უსმინოთ, თუმცა, მისმა ხმამ არ უნდა დაგაბნიოთ. ყველა გამოსაცდელს კომპიუტერი 100 ქულას ანიჭებს. მოედანზე მოძრაობის წესების დარღვევაში ქულები გაკლდებათ. ქულების დაკლების შესახებ კომპიუტერი გაცნობებთ და ამან არ უნდა დაგაბნიოთ.
ქულები სხავდასხვა დავალებაზე, განსხვავებული სისტემით გაკლებათ:
1. პარალელური პარკირება
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ელემენტის წინ გაჩერებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს „სდექ–ხაზი".
- შემოსაზღვრულ უბანზე მოძრაობისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (10 საჯარიმო ქულა).
- ელემენტიდან გამოსვლისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. (20 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე გაჩერების შემდეგ სავალდებულოა სადგომი მუხრუჭის გამოყენება. (15 საჯარიმო ქულა).
2. ზიგზაგი
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- მძღოლობის კანდიდატმა ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში მდებარე პირველი სადგარის მარცხენა მხრიდან შემოვლით. (იგივეს მიუთითებს სავალ ნაწილზე დახატული მონიშვნის თეთრი ისარი.) (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს შუაში განლაგებულ სადგარებს შორის. (15 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე მოძრაობისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- „ზიგზაგში" მოძრაობის განმავლობაში არ უნდა შეწყდეს მოძრაობა დასახული მიმართულებით. (10 საჯარიმო ქულა).
- არ უნდა გაითიშოს ძრავი. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა. (10 საჯარიმო ქულა).
3. მოძრაობის მიმართულების შეცვლა
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს მარჯვენა მხრიდან („სდექ–ხაზიდან"). (15 საჯარიმო ქულა).
- წინ და უკან მოძრაობა უნდა განხორციელდეს გადაცემის ერთჯერადი გადართვით. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (20 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე მობრუნებისას ავტომობილი მთლიანად უნდა მოექცეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ უნდა კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. (დისკვალიფიკაცია).
- ავტომობილი უნდა გამოვიდეს მარცხენა მხრიდან ანუ შესასვლელის საწინააღმდეგო მხრიდან. (დისკვალიფიკაცია).
4. უკუსვლით პარკირება
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ავტომობილი არ უნდა დაგორდეს 30 სმ–ზე მეტ მანძილზე. (10 საჯარიმო ქულა).
- შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლის გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. (15 საჯარიმო ქულა).
- გაჩერების შემდეგ ავტომობილი მთლიანად უნდა მოთავსდეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ უნდა კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. ბოქსიდან გამოსვლა უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის მოთხოვნის განხორციელების შემდეგ. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (20 საჯარიმო ქულა)
5. რვიანი
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- მოძრაობა უნდა დაიწყოთ შემოსაზღვრული უბნის მარჯვენა მხრიდან. (15 საჯარიმო ქულა).
- მოძრაობა უნდა დასრულდეს შემოსაზღვრული უბნის მარცხენა მხრიდან გამოსვლით. (15 საჯარიმო ქულა).
- მოძრაობა არ უნდა შეწყდეს ელემენტის შესრულების განმავლობაში. (5 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულების განმავლობაში ძრავი არ უნდა გაითიშოს. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლა. (15 საჯარიმო ქულა).
6. აღმართიანი უბანი
ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ავტომობილი უნდა გაჩერდეს „სდექ-ხაზამდე" არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით. (20 საჯარიმო ქულა).
- „სდექ-ხაზიდან" დაძვრისას ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტი მანძილით. (10 საჯარიმო ქულა).
60 ქულამდე გამოსვლის შემთხვევაში კომპიუტერი გამოცდიდან დისკვალიფიკაციას გაძლევთ.
გამოცდა შეწყდება (დისკვალიფიკაცია) და ჩაითვლება ჩაუბარებლად, თუ:
- მძღოლობის კანდიდატმა დააგროვა 39-ზე მეტი საჯარიმო ქულა;
- მძღოლობის კანდიდატმა შექმნა საავარიო სიტუაცია, ვერ უზრუნველყო დროული გაჩერება, დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვაზე, რის გამოც გამომცდელი იძულებული გახდა ჩარეულიყო ავტომობილის მართვაში;
- მძღოლობის კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს ელემენტის შესრულებას;
- მძღოლობის კანდიდატის მიერ ელემენტის შეუსრულებლობის ან გამოცდის მიმდინარეობის გაჭიანურების გამო ფერხდება საგამოცდო პროცესი და ხელი ეშლება სხვა გამომცდელს;
- მძღოლობის კანდიდატმა გამოტოვა რომელიმე ელემენტი ან არ დაემორჩილა გამომცდელის მოთხოვნას;
- მძღოლობის კანდიდატმა ელემენტში „მოძრაობის მიმართულების შეცვლა" ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოთავსება შემოსაზღვრული უბნის შიგნით ან თუ ვერ გამოვიდა ელემენტიდან შესასვლელის საწინააღმდეგო მხრიდან;
- აღმართზე გაჩერებისას „სდექ-ხაზს" გასცდა ერთ მეტრზე მეტი მანძილით;
- „აღმართის" შესრულებისას დაუგორდა ავტომობილი და არ ამოწია სადგომი მუხრუჭი;
- ვერ უზრუნველყო ყველა ელემენტის და ყველა მოთხოვნის შესრულება;
- გამოცდის მიმდინარეობისას სამჯერ ჰქონდა ადგილი რყევებს და ბიძგებს;
- მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი;
- მძღოლობის კანდიდატი შემჩნეულ იქნა დახმარების მიღებაში (კარნახი, ტექნიკური საშუალებების გამოყენება და სხვ).
ზემოთნახსენები თანხების გადახდის შემთხვევაში გამოცდაზე გასვლის უფლება იმ დღესვე გაქვთ. გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა და დაბნეულობა თქვენი პირველი მტერია.
პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ბევრი ნერვიულობის და გარკვეული თანხების დახარჯვის შემდეგ, მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ მართვის მოწმობის დამზადებას დაელოდოთ. თქვენი მართვის მოწმობა დამზადდება 7 დღეში. შეტყობინებას თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე მიიღებთ. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ კი ნამდვილად აღარაა გასაკვირი, რომ ბევრი ადამიანისთვის მართვის მოწმობის აღების დღე, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია.
წყარო: mcdrive.ge; sa.gov.ge