იშვიათი სუპერქარი Isdera Imperator 108i გასაყიდად გამოჩნდა
Aa
Aa

იშვიათი სუპერქარი Isdera Imperator 108i გასაყიდად გამოჩნდა

ასეთი მხოლოდ 30 ეგზემპლარი არსებობს!

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სუპერქარი გასაყიდად გამოჩნდა. სანამ ფასზე და სხვა დეტალებზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია, რომ Imperator 108i-ს წარმომავლობა გავიხსენოთ.

ეს გერმანული ავტომობილია, რომელიც Mercedes Benz-ის კონცეპტზეა დაფუძნებული. დიზაინერმა ებერჰარდ შულცმა ორიგინალი CW311 კონცეპტი 1978 წელს ააწყო. თუმცა, ავტომწარმოებელი მოხიბლული არ დარჩა და წარმოებაზე უარი თქვა.

თუმცა, შულცს ამ ავტომობილის აწყობის უფლება მაინც მისცეს, თანაც საკუთარი ბრენდის სახელით - Isdera. პირველი ეგზემპლარი 1984 წელს გამოვიდა და წარმოება 1993 წლამდე გაგრძელდა. სულ 30 ცალი აიწყო და ეს ავტომობილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. თანაც გაუმჯობესებული.

თავდაპირველად, Imperator 108i-ში შულცმა კონცეპტის ამოსაწევი მაშუქები ფიქსირებულით ჩაანაცვლა. უკანა მაშუქები კი კიდევ უფრო აგრესიული გახადა. 1991 წლის მოდელში ამოსაწევი მაშუქები დაბრუნდა. დიზაინიც განახლდა. ექსტერიერმა უფრო გამოკვეთილი ფორმა მიიღო.

წარმოების მანძილზე ეს ავტომობილი მხოლოდ რამდენიმე ძრავით იყო ხელმისაწვდომი. ამ კონკრეტულ ეგზემპლარს 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი ZF, რომელიც ძალას უკანა თვლებს აწვდის. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 283კმ/სთ.

და ფასი? ვერცხლისფერი Imperator 108i ბონემის მონაკოს აუქციონზე გაიყიდება და, როგორც ვარაუდობენ, მისი ფასი €500,000- €700,000 იქნება.

მსგავსი სიახლეები