რა არის ჰიდროპლანირება და როგორ ავირიდოთ თავიდან
ალბათ ყველას გიცდიათ იატაკის პრიალა ზედაპირზე ან ყინულზე სრიალი. შეიძლება ძალიან სასიამოვნოც იყოს და ადრენალინიც მივიღოთ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი სურვილით ვაკეთებთ. თუ ეს შემთხვევით, მოულოდნელად მოხდება, შესაძლოა, დაზიანებაც კი მივიღოთ.
ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში კი ეს საფრთხე უფრო დიდია. ჭყლაპი, თოვლი ან ყინული არაა აუცილებელი იმისთვის, რომ თქვენმა ავტომობილმა ჰიდროპლანირება დაიწყოს. ამისთვის წვიმაც საკმარისია. თუ საჭესთან ზიხართ, მაშინ გამორიცხულია, რომ ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მთავარია, როცა ეს მოხდება, მზად იყოთ.
ამ სტატიაში ჩვენ განვმარტავთ, რა არის ჰიდროპლანირება, რატომ ხდება და როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ეს მოხდება.
რა არის ჰიდროპლანირება?
ჰიდროპლანირება ან აკვაპლანირება არის პროცესი, როცა წყალი, ხანდახან შენარევებით, საბურავების ქვეშ შედის და საბურავებსა და ავტომობილს გზის ზედაპირს აშორებს. ტექნიკურად, ამ დროს ავტომობილი წყალზე დადის და არა გზაზე.
როდის ხდება ჰიდროპლანირება?
ეს მაშინ ხდება, როცა საბურავები მის ქვეშ მოხვედრილ წყალს ვეღარ უმკლავდება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავსხმა წვიმაა საჭირო. ამ დროს საბურავებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ჰიდროპლანირება მსუბუქი წვიმის დროსაც მოხდეს.
ჰიდროპლანირება მაღალ სიჩქარეზე უფრო რეალურია.
სად შეიძლება მოხდეს?
ჰიდროპლანირება შესაძლოა გზის ნებისმიერ ზედაპირზე მოხდეს. საშიშია ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც წყალს საბურავების ქვეშ კეტავს. მაგალითად, ქვაფენილი. მაღალი სიჩქარის გამო, ჰიდროპლანირება ტრასაზეც რეალურია.
როგორ ავირიდოთ ჰიდროპლანირება?
არსებობს რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ:
- შეარჩიეთ სეზონისთვის შესაფერისი საბურავები;
- შეინარჩუნეთ საბურავებში საჭირო წნევა;
- დარწმუნდით, რომ საბურავების რეზინა დაზიანებული არ არის;
- საბურავების როტაციის გეგმას ზუსტად მიჰყევით;
- აირიდეთ უხეში მოძრაობები: ძლიერი აჩქარება, დამუხრუჭება და ა.შ.;
- წვიმის დროს შეზღუდეთ სისწრაფე;
- არ გამოიყენოთ კრუიზ კონტროლი;
- ერიდეთ გუბეებს;
როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუ ჰიდროპლანირება ვერ ავირიდეთ?
- არ დაიბნეთ და ზედმეტი რეაქცია არ გამოავლინოთ.
- აუშვით აქსელერატორს ფეხი.
- მყარად ჩაეჭიდეთ საჭეს.
- თუ წინ მიდიხართ, მაშინ გაასწორეთ საჭე. მოსახვევში მოცურების შემთხვევაში, მოაბრუნეთ საჭე მანქანის მოძრაობის მიმართულებით.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე, სანამ საბურავებს ჩაჭიდება დაუბრუნდება.
- იპოვეთ გასაჩერებელი ადგილი. დამშვიდდით და გზა ისე გააგრძელეთ.
ხშირად დასმული კითხვები:
როგორ იგრძნობა ჰიდროპლანირება?
ჰიდროპლანირებისას თითქოს ყინულზე დადიხართ. ეს კონტროლის სრულიად დაკარგვას ჰგავს. თქვენი ავტომობილი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს. ეს საკმაოდ საშიშია.
AWD გამორიცხავს ჰიდროპლანირებას?
არა!
ჰიდროპლანირება ჩემი მართვის სტილის ბრალია?
ავტოსაგზაო შემთხვევას, იმიტომ ჰქვია „შემთხვევა“, რომ შემთხვევით ხდება. თქვენი მართვის სტილის გარდა, გზის ზედაპირზეც ბევრია დამოკიდებული. თუმცა, საბურავების კარგ მოვლას და სიფრთხილეს შეუძლია ეს თავიდან აგვარიდოს.
რამდენი წყალია საჭირო ჰიდროპლანირებისთვის?
კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, თუმცა, რაც უფრო ძლიერი წვიმაა, ჰიდროპლანირების უფრო დიდი შანსია.