10 რჩევა, როგორ უნდა ვმართოთ ავტომობილი წვიმაში
გაზაფხული წვიმიანი სეზონია. წვიმაში ავტომობილის მართვა კი, როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი მძღოლების მხრიდან,განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წვიმიანი ბუნებრივი პირობები პირდაპირ კავშირშია ავარიებს მაღალ რაოდენობასთან. წვიმა უარყოფითად მოქმედებს საბურავების ჩაჭიდებაზე. უფრო დიდია ჰიდროპლანირებისა და მოცურების შანსი. იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს გზის სველი ზედაპირი და შეზღუდული ხილვადობა ავტომობილის მართვადობაზე, წვიმაში უსაფრთხოდ გადაადგილებაში დაგეხმარებათ.
1. თუ შესაძლებელია, დაელოდეთ როდის გადაიღებს წვიმა
ტექნიკურად ეს ფაქტორი მართვაზე რჩევაში არ შედის, თუმცა, გამოტოვებაც არ გამოვიდოდა. თუ წვიმიან ამინდში მართვისას თავს არაკომფორტულად გრძნობთ, უბრალოდ უარი თქვით ასეთ პირობებში მგზავრობაზე. თუ მგზავრობის აუცილებლობა არ არსებობს, რატომ უნდა ჩაიგდოთ თავი საფრთხეში?
2. კარგად შეამოწმეთ ავტომობილის აღჭურვილობა
სანამ გზას გაუდგებით, დარწმუნდით, მუშაობს თუ არა ავტომობილის აღჭურვილობა. კარგად შეამოწმეთ წინა და უკანა მაშუქები, მინის საწმენდები. შეამოწმეთ საბურავების რეზინაც. დაზიანებულ საბურავებს სველ ზედაპირზე ჩაჭიდება უჭირს.
3. იყავით ინფორმირებული
ყოველთვის გქონდეთ იმაზე ინფორმაცია, თუ რა ხდება გზებზე. მოუსმინეთ რადიოს ან სხვა საინფორმაციო საშუალებებს. ხომ არ არის რომელიმე გზა გადაკეტილი, სად არის საცობები და სად არა. როგორც წესი, წვიმის დროს მოძრაობა ფერხდება ხოლმე. გქონდეთ ტელეფონი დატვირთული. შესაძლოა, ვინმეს გაფრთხილება დაგჭირდეთ იმაზე, რომ გაგვიანდებათ, ან უარეს შემთხვევაში ვინმესთვის დახმარების თხოვნა მოგიწიოთ.
4. შეანელეთ
წვიმიან ამინდში იმაზე ნელა უნდა ატაროთ, ვიდრე, როგორც წესი, მართავთ ხოლმე. დაუწესეთ ავტომობილსა და საკუთარ თავს სიჩქარის შეზღუდვა. გზის სველი ზედაპირი ძალიან საშიშია. ავტომობილის რეაქციის დრო საკმაოდ იზრდება. სიჩქარის შენელება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობაა.
5. აანთეთ მაშუქები
იმ შემთხვევაშიც კი თუ მხოლოდ ნისლია, გამოიყენეთ მაშუქები. თქვენი ავტომობილის წინა მაშუქების ნათება არა მხოლოდ თქვენს ხილვადობას გააუმჯობესებს, არამედ სხვა ავტომობილებსაც გაუმარტივებს თქვენს შემჩნევას, რაც უსაფრთხო მგზავრობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.
6. გამოიყენეთ საქარე მინის საწმენდები
გაგიკვირდებათ, რომ იცოდეთ, რამდენად ხშირად ავიწყდებათ მძღოლებს მინის საწმენდის არსებობა, განსაკუთრებით კი მსუბუქი წვიმისას. ზოგიერთი ავტომობობილის საწმენდების სიჩქარე წვიმის ხარისხთან ადაპტირდება. არსებობს გარკვეული სითხეებიც, რომლის გამოყენებითაც საქარე მინა წვიმის წვეთებისგან უკეთ გაიწმინდება.
7. დაიცავით დისტანცია
დისტანციის დაცვა ამინდის ნორმალურ პირობებშიც ძალიან მნიშვნელოვანია. წვიმიან ამინდში კი ეს ასპექტი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. წვიმიან ამინდში ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, დისტანცია თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ ავტომობილს შორის უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე ნორმალურ პირობებში.
8. აირიდეთ მკვეთრი დამუხრუჭება
ეცადეთ მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ. წინასწარ მოემზადეთ დამუხრუჭებისთვის. აქსელერატორის სატერფულს ფეხი იმაზე ადრე აუშვით, ვიდრე ამას მზიან ამინდში იზამდით. არ გამოიყენოთ კრუიზ კონტროლი. ბოლომდე აკონტროლეთ აქსელერატორისა და მუხრუჭის სატერფულები.
9. მოერიდეთ დაგუბებულ წყალს
დაგუბებულ წყალში გავლამ შესაძლოა ჰიდროპლანირება გამოიწვიოს. ამ დროს ავტომობილის საბურავები ჩაჭიდებას კარგავს, რაც, რა თქმა უნდა, საშიშია. იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ჰიდროპლანირება, ჩვენს სტატიაში უკვე გესაუბრეთ. უბრალოდ ხაზი ფრთხილად შეცვალეთ და თავი აარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც წყალია დაგუბებული.
10. გამოიყენეთ ვენტილაციის სისტემა
წვიმამ შესაძლოა ფანჯრები დაგიორთქლოთ და ავტომობილის მართვა გაგირთულოთ. ზოგიერთ ავტომობილს აქვს ვენტილაციის სისტემა, რომელიც მინების დაორთქვლას შეამცირებს. თუ ხილვადობა შეგეზღუდებათ, თქვენივე უსაფრთოებისთვის კარგი იქნება, თუ ავტომობილს დროებით გააჩერებთ.
როგორც უკვე აღვიშნეთ, გაზაფხული წვიმიანი სეზონია. ამინდის ასეთ პირობებში მართვა ერთხელ მაინც მოგიწევთ და, თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვლისწინებთ, მაშინ თქვენი მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება.