Aa Aa
2 მარტი 2020  |  11:01

ჟენევის 2020 წლის ავტოშოუ კორონავირუსის გამო გაუქმდა

ჟენევის ავტოშოუ კორონავირუსის გამო გაუქმდა. ამ დროისთვის შვეიცარიაში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შვეიცარიის ავტოშოუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობაა, სადაც ავტომწარმოებლებს დასრულებული და კონცეპტ ავტომობილები გამოჰყავთ. ამ შოუებს ძირითადად მარკეტინგული დანიშნულება აქვს, ფართო საზოგადოებისთვის ღიაა და ყოველწლიურად უამრავ ადამიანს იზიდავს.

ჟენევის ავტოშოუ 3 მარტს უნდა დაწყებულიყო და 15 მარტამდე გაგრძელებულიყო. ავტომწარმოებლები ჩვენებისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. ინსტალაციებსა და რეკლამებში მილიონებს ხარჯავენ. ასევე მათი ბოლო მოდელების წარდგენის გეგმას სახავენ. ასე რომ, კორონავირუსით მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.

„ძალიან ვწუხვართ შექმნილი მდგომარეობის გამო, თუმცა შოუს სტუმრების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია. ეს არის იძულებითი ზომები და დიდი დანაკარგი მწარმოებელთათვის, რომლებმაც ჟენევაში ჩამოსასვლელად ბევრი გაიღეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას გაიგებენ“.  - ამბობს დამაარსებელი ბორდის დირექტორი მორის ტურენტინი.

ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ ცდილობენ ფინანსური პრობლემები მოაგვარონ. ბილეთში გადახდილი თანხა ყველას უკან დაუბრუნდება.

ნიუ-იორკისა და დეტროიტის ავტოშოუების ჩატარების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა ორგანიზატორები ამ დროისთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

გაზიარება: