რა არის „ჭკვიანი“ მაშუქები და როგორ მუშაობს ისინი
მაშუქების დიზაინი წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა. მან, უბრალოდ პრაქტიკული დანიშნულების გარდა, ავტომობილის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, მისი ფუნდამენტური დანიშნულება ზუსტად ისეთივეა, როგორც 50 წლის წინ იყო. ყველაზე მაღალი დონის წინა მაშუქებიც კი ძირითადად სულ რამდენიმე ფუნქციამდეა შეზღუდული: ახლო განათების მაშუქები, შორი განათების მაშუქები და მათი ავტომატური ცვლა გზის პირობების მიხედვით.
ავტომწარმოებლები უფრო შორს წავიდნენ და ჭკვიანი მაშუქები გამოიგონეს, რომლებიც გზის და ხილვადობის პირობებთან ადაპტირდება. ახალი ჭკვიანი მაშუქები ავტომატურ შორი განათების მაშუქებს ანტიკურ ტექნოლოგიად აქცევს. მოდით, განვიხილოთ, რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი და რატომ ჰქვიათ „ჭკვიანი“.
რა არის ჭკვიანი მაშუქები?
ჭკვიანი მაშუქები, ასევე ცნობილი, როგორც ადაპტიური მაშუქები, გზას მუდმივი ნათებით ანათებს და ის ისეთივე ნათებას განაპირობებს, როგორსაც შორი განათების მაშუქები. ნაცვლად იმისა, რომ მძღოლმა ან კომპიუტერის პროგრამამ ცვალოს ორ განათებას შორის, სისტემა სენსორებს იყენებს იმისთვის, რომ სინათლის ფორმა, სიკაშკაშე და მიმართულება შეცვალოს. ეს შეიძლება გადამრთველი სისტემით მოხდეს, რომელიც ფიზიკურად ბლოკავს მაშუქის ნათებას, ან მატრიცის სტილის ბლოკირებით, რომელიც ბევრი სხვადასხვა სინათლის წყაროსგან შედგება და, როცა საჭიროა, რომელიმეს გამორთავს ან ჩართავს. ადაპტიური მაშუქები ავტომობილის მოძრაობის მიხედვით ნათების მიმართულებასაც განსაზღვრავს.
განაპირობებს უკეთეს ხილვადობას და ნაკლებად აბნევს
არსებული ავტომატური შორი განათების სისტემები შესანიშნავად მუშაობს, თუმცა, მათი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. თუ ქალაქში, გადატვირთულ მოძრაობაში ხართ, მაშინ შეიძლება სისტემა დაიბნეს და შორი განათების მაშუქები იქ დატოვოს ანთებული, სადაც ამის საჭიროება არ არის. ასევე, შესაძლოა სწრაფად დაიწყოს ახლო და შორ განათებაზე გადართვა, რაც შემაწუხებელიცაა და ხილვადობისთვისაც ცუდი. ჭკვიანი მაშუქები ამ გაუგებრობას აღმოფხვრის. შეისწავლის გზას, მოძრაობას და მხოლოდ საჭირო განათებას იყენებს. ნაცვლად იმისა, რომ შორი განათება ახლოზე ცვალოს, სინათლეს უცვლის ფორმას და გარემო პირობებთან ადაპტირდება.
ამინდის ცუდ პირობებში უფრო უსაფრთხოა
თუ გიტარებიათ ნისლიან, ან წვიმიან ამინდში, მაშინ კარგად იცით, რომ მაშუქების ცვლა და მათი შერჩევა საკმაოდ მოსაბეზრებელია. ნისლიან ამინდში ჭკვიანი მაშუქების სინათლე ნაკლებად აირეკლება და გზასაც უფრო ზუსტად გაანათებს. ნისლსაწინააღმდეგო მაშუქებთან ერთადაც უკეთ მუშაობს. განათების მიმართულებასაც უკეთ განსაზღვრავს, რაც წვიმაში ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვებს თვალს არ სჭრის
ახალ ავტომობილებზე მაშუქები სულ უფრო მკვეთრად ანათებს. ეს საპირისპიროდ მოძრავი მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეთათვის საკმაოდ შემაწუხებელია. თუ საპირისპირო მიმართულებით ავტომობილი მოდის, სინათლე ნაწილობრივ იბლოკება იმისთვის, რომ სხვა მძღოლს თვალი არ მოსჭრას. გზის დანარჩენი ნაწილი კი ისევ ისე განათებულია, რაც სხვების ხილვადობას თქვენი ხილვადობის მხოლოდ მცირედი შემცირებით აუმჯობესებს.
სწორედ ამ ყველაფრით განსხვავდება ჭკვიანი მაშუქები ჩვეულებრივი მაშუქებისგან და ეს ავტოსამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ინოვაციაა.