Mercedes-Benz-ის ყველა დროის 10 საუკეთესო ავტომობილი
Mercedes Benz-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. კარლ ბენცს ისტორიკოსები პირველი სრულყოფილი ავტომობილის შემქმნელად მიიჩნევენ. არსებობის 135 წლის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ლეგენდარული ავტომობილი შექმნა. რა თქმა უნდა, მათგან 10 საუკეთესოს ამორჩევა ძნელია, მაგრამ შევეცდებით, ამ რთულ დავალებას გავუმკლავდეთ.
Mercedes-Benz Benz Patent-Motorwagen
მოდით, ჩვენი ტოპი იმ ავტომობილით დავიწყოთ, რომლითაც საფუძველი არა მხოლოდ "მერსედესის“ დაარსებას, არამედ ზოგადად ავტოინდუსტრიას ჩაეყარა. ისტორიკოსების შეფასებით, სწორედ Patent-Motorwagen-ი იყო პირველი სრულფასოვანი ავტომობილი.
1.0-ლიტრიანი 1-ცილინდრიანი ძრავა უკან იყო მოთავსებული. ავტომობილს სამი ბორბალი ჰქონდა. თუმცა, იმ დროს ავტომობილის საჭიროებას სკეპტიკურად უყურებდნენ.
1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით.
ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა.
2008-2011 Mercedes-Benz SL 65 AMG Black Series
Mercedes-Benz SL 65 AMG როდსტერების მონსტრი იყო. 6.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V12 ძრავით ხისტსახურავიანი კაბრიოლეტი 604 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა, Mercedes-ი ამაზე შეჩერებას არ აპირებდა.
მათ Black Series-ს გამოუშვეს. ავტომობილმა 250 კილოგრამი დაიკლო, ცხენის ძალები კი 661-მდე გაიზარდა. ახალი აეროდინამიკული დანამატების გარდა, ტრანსმისიას უფრო სწრაფი მოქმედების რეჟიმიც ჰქონდა. ტექნიკურ განახლებებს, უფრო დიდ საბურავებთან გასამკლავებლად, უფრო დიდი მუხრუჭებიც დაემატა.
1964 Mercedes-Benz 600 Pullman
1963 წელს Mercedes-მა მდიდრული სედანი 600 წარმოადგინა, რომელიც თვლების მოკლე და გრძელი ბაზებით იყო ხელმისაწვდომი. როცა თვლების გრძელ ბაზაზე ვსაუბრობთ, დიახაც, ლიმუზინისთვის შესაფერისს ვგულისხმობთ. Pullman მოდელს მძღოლის სავარძლის უკან, ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული 5 ან 6 ადგილი ჰქონდა.
ავტომობილი იმდენად მძიმე იყო, რომ Mercedes-ს ახალი ძრავის შექმნა მოუხდა. 6.3-ლიტრიანი V8 ნამდვილი მხეცი იყო. ავტომობილის მთელი გენიალურობა მის ჰიდრავლიკურ სისტემაში იყო, რომელიც კარებს, სავარძლებს, ფანჯრებსა და ლიუკს აკონტროლებდა.
კაბრიოლეტების მოყვარულთათვის Pullman-ს გადასახდელ სახურავიანი ვერსიაც ჰქონდა.
Mercedes-Benz C111
სიაში კონცეპტის დახვა შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა, С111-ს „მერსედესისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის პირველად როტორული ძრავის შესამოწმებლად შეიქმნა. 1960-იანბეში ის რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ავტომობილებისგან, რომელსაც კომპანია უშვებდა.
წლების განმავლობაში С111-მა ბევრი ძრავა გამოიცვალა და მათ შორის დიზელისაც. რამდენიმე რეკორდის დამყარებაც კი შეძლო, თუმცა, წარმოებამდე ვერ მიაღწია. მისი კვალი მაინც დარჩა და 1991 წელს С112-ს კონცეპტი გამოჩნდა, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე მხოლოდ კონცეპტად დარჩა.
1990 Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II
Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II ერთი მთავარი მიზნით აიგო. მას DTM-ში BMW უნდა დაემარცხებინა. კომპაქტური 190E სედანის სპეციალური ვერსია 2,5-ლიტრიანი, 16-სარქველიანი ძრავით იყო, რომელიც Cosworth-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ძრავა 232 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
მასიური უკანა ფრთა, მას ყველასგან განასხვავებდა. ახალი პაკეტი არა მხოლოდ ზრდიდა მიმჭერ ძალას, არამედ წინაღობასაც ამცირებდა.
2009 Mercedes-Benz SLR McLaren Stirling Moss
რა სჯობია თოლიას ფრთების ფორმის კარიან სპორტულ ავტომობილს, რომელიც „მერსედესისა“ და „მაკლარენის“ თანამშრომლობით შეიქმნა? ამ ავტომობილით მათ პატივი მიაგეს 300 SLR-ს, რომლითაც 1955 წელს სტირლინგ მოსი რბოლებში დომინირებდა.
მიუხედავად საქარე მინის არ ქონისა, ეს ავტომობილი გზებზე დაშვებული მაინც იყო. როგორც კლასიკური 300 SLR-ის შემთხვევაში, Stirling Moss-იც მგზავრის სავარძლის გადახურვის საშუალებას იძლეოდა.
სხვა სპეციალური გამოშვებების SLR-ებისთვის კონკურენციის გასაწევად, ამ ავტომობილის 5.4-ლიტრიანი V8 ძრავა 640 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
1928-1932 Mercedes-Benz SSK
SSK რეალურად Mercedes-Benz-ის პირველი სპორტული ავტომობილია. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მისი დიზაინი არც მეტი, არც ნაკლები, თავად ფერდინანდ პორშემ შექმნა.
ეს ავტომობილი S როდსტერის შემოკლებული და უფრო მსუბუქი ვერსია იყო. ძალა გიგანტური 7.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავიდან მოდიოდა, რომელიც 200-300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო და რბოლებში წარმატებისთვისაც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.
1991-1994 Mercedes-Benz 500E
500E-ს ხშირად ამ ავტომწარმოებლის საუკეთესო სპორტულ ავტომობილად მოიხსენიებენ. ის Mercedes-ის საშუალო ზომის სედანზე იყო დაფუძნებული. განახლებული დაკიდების სისტემა და უფრო დიდი მუხრუჭები უკეთეს მართვადობას გვთავაზობდა. 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა 322 ცხენის ძალას და 480ნმ-ს გამოიმუშავებდა.
რატომ იყო ეს ავტომობილი ასეთი განსაკუთრებული? ის Porsche-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. მეტიც, თითოეული ეგზემპლარი ხელნაკეთია. რა თქმა უნდა, 500E მხოლოდ სწრაფი არ იყო. ის მდიდრულიც იყო და იმ დროისთვის ულტრათანამედროვედ იყო აღჭურვილი.
1998-1999 Mercedes-Benz CLK GTR
ადრე FIA GT1 კლასის რბოლებში ყველა ავტომობილი საგზაო ავტომობილზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ამან შუა 90-იანებში ბევრი ექსტრემალური, შეზღუდული გამოშვების ავტომობილი გვაჩუქა. მათ შორის, CLK GTR.
CLK GTR მხოლოდ 26 ეგზემპლარად გამოვიდა. ზოგიერთი მათგანი კაბრიოლეტიც იყო. სახელის გარდა, GTR-ს CLK კუპესგან ყველაფერი განასხვავებდა. CLK GTR-ს 6.9-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა, რომელიც 604 ცხენის ძალასა და 570ნმ-ს გამოიმუშავებდა.
GTR სარბოლო ავტომობილად შეიქმნა და შესაბამისად, ის ყოველგვარ ფუფუნებას მოკლებული იყო. ეს სწრაფი ავტომობილი იმ დროისთვის ისედაც უკვე ძვირი იყო და მისი ფასი დღითი დღე იზრდება.
1954-1963 Mercedes-Benz 300 SL
ყველა ავტომწარმოებელს თავის „სიმბოლო“ ჰყავს. ჩვენი სიის სათავეში კი Mercedes-ის ნამდვილი მარგალიტი 300 SL - ია. ის კუპე და როდსტერის ფორმით იყო ხელმისაწვდომი. ეს არის ავტომობილი, რომელიც ბევრი თანამედროვე მოდელის შთაგონების წყაროდ იქცა. მას „მერსედესის“ სუპერქარების სამეულის SLR McLaren-ის, SLS AMG-სა და AMG GT-ს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. რატომ არის ეს პატარა სპორტული ავტომობილი 1950-იანებიდან ნამდვილი ლეგენდა?
ეს ავტომობილი ნებისმიერი კუთხიდან შესანიშნავად გამოიყურება. თოლიის ფორმის ფრთის კარები მას გენიალურობას მატებს. თუმცა, რაც მთავარია, 1954 წელს 300 SL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო.
3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 212 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ. მისი ყველა დეტალი მაღალი ტექნიკური მონაცემებისთვის იყო შექმნილი. მას „სარბოლო ავტომობილი ქუჩებისთვის“ უწოდეს.
რა თქმა უნდა, ამ ათეულით „მერსედესის“ გენიალური ავტომობილების სია არ მთავრდება. ცალკე უნდა აღვნიშნოთ „მერსედესის“ ფორმულა 1-ის ბოლიდი, რომელიც დღეს უკონკურენტოა და მისით შთაგონებული Mercedes-AMG One ჰიპერქარი. სხვა დანარჩენი ავტომობილების ჩამოთვლა კი უფრო შორს წაგვიყვანს.
და თქვენ რომელ ავტომობილებს დაუმატებდით ამ სიას?