Aa Aa
30 მარტი 2020  |  14:27

ავტომობილის მართვის ცუდი ჩვევები, რომლებსაც უნდა გადავეჩვიოთ

არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როცა საჭესთან ზიხარ და ხედავ, სხვა მძღოლები მოძრაობის წესებს როგორ არ იცავენ. თუმცა, ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მართვის დროს ყველა ჩვენგანს აქვს თუნდაც ერთი ცუდი თვისება.  

წინ მიმავალ ავტომობილთან ძალიან ახლოს მისვლა

ალბათ, ყველას მოგსვლიათ ის, რომ თქვენს წინ მიმავალი ავტომობილი ძალიან ნელა მოძრაობდა, თქვენ კი მასთან ზედმეტად ახლოს მიხვედით, რათა „წაგეხალისებინათ”, რომ სიჩქარისთვის მოემატებინა. ასეთი რამის გაკეთება მეტად სარისკოა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ თქვენს წინ მიმავალმა მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა. ავარიის შემთხვევაში ყველაფერი იმ მძღოლს ბრალდება, რომელიც წინ მიმავალს „აედევნა”.

სარკეების გასწორების დავიწყება

ერთი ზოლიდან მეორეში გადასვლისას ჩვენ ძირითადად სარკეებს ვიყენებთ, ამიტომ მათი გასწორება აუცილებელია. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ სარკის გამოყენება საკმარისი არ არის. სარკეში შეიძლება ვერ დავინახოთ ის, რასაც თავის მოტრიალებისას დავინახავთ.

უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე მოძრაობა

თანამედროვე ავტომობილებს უსაფრთხოების კარგი მახასიათებლები და აღჭურვილობა აქვს. თუმცა, კიდევ ბევრი ნივთი არსებობს, რომელიც თქვენი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო და მანქანით მოძრაობისას ყოველთვის თან უნდა იქონიოთ. მათ შორისაა მექანიკური ფანარი, სამკუთხედი ამრეკლი ზედაპირით (საგანგებო სიტუაციის მანიშნებელი) და მანქანის ცეცხლმაქრი. ამ ხელსაწყოების ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. მათ თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ყურადღების გაფანტვა

ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად იმიტომ ხდება, რომ მძღოლს ყურადღება ეფანტება. იგი სხვა რამით არის დაინტერესებული და არ უყურებს გზას. კონცენტრაციის დაკარგვა და სხვა რამეზე ორიენტირება არა მარტო სახიფათოა სიცოცხლისთვის, არამედ კანონის დარღვევადაც ითვლება.

მართვის დროს ტელეფონის გამოყენება

შუქნიშანთან რომ იდგეთ, რომელზეც წითელი ფერის ნათურა ანთია, მობილურის გამოყენება მაშინაც არალეგალურია. მანქანაში ტელეფონის ხმარება ერთადერთი გზით, მის ხმამაღალ რეჟიმში გამოყენებით შეიძლება. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულებიც დაგაკლდებათ.

ცუდ და კარგ ამინდში ერთნაირად მართვა

თუ თქვენ სველ გზაზე ისე ატარებთ, როგორც მშრალზე, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ არასწორად იქცევით. ცუდ ამინდში ავტომობილებს ერთმანეთს შორის ჩვეულებრივზე დიდი მანძილი უნდა ეჭიროთ, რადგან ასეთ პირობებში დამუხრუჭება უფრო რთულია.

სტოპ ნიშნების უგულებელყოფა

სტოპ ნიშანთან შენელება და გახედვა საკმარისი არ არის. უნდა იცოდეთ, რომ, სადაც წერია სტოპ, იქ აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, გაიხედოთ ყველა მხარეს და შემდეგ ისევ დაიძრათ. თუ პოლიციამ შეგნიშნათ, რომ სტოპის ნიშანთან არ გაჩერდით, მაშინ თქვენ დაჯარიმდებით.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა

ავარიები ყველაზე ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ხდება. სწრაფად სიარული ყველა მძღოლის ცდუნებაა. თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი ემოციემის მოთოკვა და სიჩქარის ლიმიტის შენარჩუნება. ამგვარად, გზებზე მოძრაობა ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება.

დაღლილზე მართვა

დაღლილზე მართვა შეიძლება ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც ნასვამზე. თუ თქვენ შეატყობთ, რომ საჭესთან გეძინებათ, გაჩერდით შესაბამის ადგილას და გამოიძინეთ.

ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მშვიდად, უსაფრთხოდ იმგზავროთ და საკუთარსაც და სხვის ნერვულ სისტემასაც მოუფრთხილდეთ.

გაზიარება: