მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
Aa
Aa

მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2 009 ადგილია განკუთვნილი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მიხეილ ასათიანის, ანა ანტონოვსკაის, გიო ხუციშვილის, იონა ვაკელის, ასევე, ტანძიის, ოთარ ჭილაძის, ტაშკენტის, ადამ მიცკევიჩისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩებზე.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებმა ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებმა, უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღინიშნება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს.

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ. ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე, მოცემულია რუკა, სადაც ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ზონალური პარკირების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება, ხოლო პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. პარკირება ასევე, უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის.

მსგავსი სიახლეები