EV, ელექტრომობილი, ელექტრომობილები
Aa
Aa

რა უნდა იცოდეთ, სანამ ელექტრომობილს შეიძენთ

თუ EV-ის სამყარო გეუცხოებათ ვეცდებით საქმე გაგიმარტივოთ.

დაითვალეთ და განსაზღვრეთ


დღეს ყველაზე იაფფასიანი ელექტრომობილებიც საკმაოდ ძვირია. რა თქმა უნდა ყველაფერი შეთანხმებასა და წინადადების შეთავაზებაზეა დამოკიდებული, თუმცა, EV-ის ღირებულება შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად ავტომობილის მაღალი ღირებულებისა, რიგ ქვეყნებში ელექტრო ავტომობილებზე შეღავათებია დაწესებული. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში ასეთი ტიპის ავტომობილის შეძენისას, მფლობელები გარკვეული გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

გარდა ამისა, გადაადგილება, შიგაწვის ძრავის მქონე მანქანასთან შედარებით, გაცილებით იაფია. Mini Electric-ი 100 კილომეტრზე 15.5 კვ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ბრიტანული კალკულაციითა და სახლის პირობებში დამუხტვით 2.20£ ღირს. მეორეს მხრივ, უახლესი Cooper S-ი, საუკეთესო შემთხვევაში, 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, რაც ელექტრო ავტომობილზე 3-ჯერ ძვირი გახლავთ.

EV-ი ყველაზე ეფექტური ისეთი კომპანიებისთვისაა, რომლებსაც ავტოპარკი ჰყავს. ასეთ შემთხვევებში ეკონომია უფრო თვალშისაცემია. კომპანიის შემოსავლები კი წლის განმავლობაში მეტია.

მოიძიეთ ინფორმაცია


დღეს ელექტრო ავტომობილები - ქალაქისთვის განკუთვნილი პაწაწინა VW e-Up-ით დაწყებული, 7-სავარძლიანი Tesla Model X-ის SUV-ით დამთავრებული - უამრავი ზომითა და ფორმით გამოდის. გახსოვდეთ, რომ კარგად ცნობილი საკითხების გარვკევის გარდა (პრაქტიკულობა, მართვადობა, კომფორტი და ა.შ.), აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ავტომწარმოებლების შემოთავაზებაზე. ეს შესაძლოა უფასო Wallbox-ის სატენი, დასამუხტ საშუალებებზე სპეციალური კავშირი ან რაიმე სხვა სარგებელი იყოს.

ევროპის ქვეყნებში დღეში 500 კილომეტრამდე თითქმის არავინ ფარავს. მაგალითისთვის საშუალო ბრიტანელი მძღოლი ყოველდღიურად 36 კმ-ს გადის. სწორედ ამიტომ, სანამ უამრავ თანხის დახარჯვას Model S Long Range-ზე, I-Pace-ზე ან Kona-ზე გადაწყვეტთ მკაცრად გათვალეთ თქვენი საჭიროება. დიდი მოგზაურობებისთვის სხვა ავტომობილის ქირაობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

გამოსცადეთ მართვადობა


EV-ის მართვას შეჩვევა სჭირდება. პირველი, რასაც შეატყობთ ეს ტოტალური სიჩუმე იქნება. მეორე ელექტრომობილის მყისიერი აჩქარებაა. ყველაზე ნელი მოდელებიც კი აქსელერატორის სატერფულის ბოლომდე მიჭერისას საოცარ ეფექტს იძლევა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ძალოვანი აგრეგატის სიმძლავრე ბორბლებზე მყისიერად ნაწილდება და ბრუნების განვითარებას არ საჭიროებს.

ამის შემდეგ შენელება და დამუხრუჭება მოგიწევთ. EV-ი მოდელების უმეტესობა რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი, რაც დამუხრუჭებისას დაკარგული ენერგიის შენახვას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, როდესაც ელექტრო ავტომობილის აქსელერატორს ფეხს უშვებთ, ის ჩვეულებრივ ავტომობილზე უფრო სწრაფად კარგავს სიჩქარეს. ავტომწარმოებლების ნაწილი რეგენერაციის რეგულირებას ან საერთოდ გათიშვას გვთავაზობს. თუმცა, მეტი ეკონომიისთვის გირჩევთ, რომ ასე არ მოიქცეთ.

მოაწყვეთ სახლის პირობებში დასამუხტი საშუალება


ორ-პინიანი შესაერთებლის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ასე ავტომობილის დამუხტვას დღეები დასჭირდება. გარდა ამისა თუ დამაგრძელებელ სადენს იხმართ, შანსია, რომ სახლს ცეცხლს წაუკიდებთ. Renault-ს თქმით, Zoe-ს 0-დან 100%-მდე დამუხტვა, ჩვეულებრივი შესაერთებლით, 37 საათს საჭიროებს.

სწორედ ამიტომ, პრაქტიკული გამოსავალი იქნება თუ 7-კილოვატიან Wallbox-ის სატენს შეიძენთ. მის შოვნასა და დამონტაჟებაში ადგილობრივი დილერი აუცილებლად დაგეხმარებათ. ასეთი ტიპის სატენით ცხოვრებას აუცილებლად გაიმარტივებთ. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას თქვენს ავტომობილს, ისევე როგორც „სმარტფონს“, დასამუხტად შეაერთებთ, დილით კი სრულად დამუხტული დაგხვდებათ.

გამოიყენეთ ქუჩებში განთავსებული სატენები


საზოგადოებრივი სატენები მარტივი გამოსაყენებელი არ გახლავთ. ასეთი ტიპის დასამუხტი საშუალებების გარკვეული ნაწილი უკონტაქტო გადახდის პრინციპით, საკრედიტო ბარათებით იმართება. თუმცა, არის ისეთი აპარატებიც, რომლებიც სპეციალურ რეგისტრაციასა და მობილურ ტელეფონში აპლიკაციის გადმოწერას საჭიროებს. გარდა ამისა, ხშირია ტექნიკური ხარვეზებიც. ასევე, შესაძლოა რიგში დგომა მოგიწიოთ, ან უბრალოდ მას ჩვეულებრივი ავტომობილი დაუდევრად ფარავდეს.

ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა ჯერ განვითარების პროცესშია. ეს კი EV-ის ყიდვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

შეეჩვიეთ ტექნოლოგიების გამოყენებას


თანამედროვე მანქანებს სპეციალურად შექმნილი „სმარტფონ“ აპლიკაციები მოჰყვებათ და ეს დღეს არავის უკვირს. განსაკუთრებით კი EV-ის შემთხვევაში. ამ აპლიკაციების უმეტესობა ავტომობილის მფლობელს საშუალებას აძლევს დამუხტვის განრიგი შეადგინოს, ისარგებლოს ელექტრო ენერგიის დაბალი ფასებით ან გრძელი მგზავრობა დაგეგმოს. გარდა ამისა, მათი საშუალებით ავტომობილის გარკვეული ფუნქციების მართვაცაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, მიუთითეთ აპლიკაციას რომელ საათზე გადიხართ დილას სახლიდან და ის თქვენთვის ავტომობილში სასურველ ტემპერატურას დაგახვედრებთ.

გაყიდეთ ძველი ავტომობილი


რატომაც არა? ის ახლა აღარ გჭირდებათ. თუ მზიანი უქმეებისთვის ორადგილიან კუპეს ფლობთ, მაშინ თქვენი ხედვა გასაგებია, მაგრამ ელექტრომობილი წყნარი, მარტივად სამართავი და უბრალოდ უკეთესი ყოველდღიურად გადასაადგილებელი ავტომობილია.

მსგავსი სიახლეები