ჰენრი ტოივონენი ცნობილი იყო, როგორც ერთერთი ყველაზე უშიშარი მრბოლელი. მამამისი რალის ასევე ცნობილი პილოტი პაული ტოივონენი იყო. ახალგაზრდა ჰენრიმ კარიერა 1975 წელს 1000 ტბის რბოლაზე დაიწყო, რომელიც „ტურ დე კორსეზე“ მისი ტრაგიკული და საუდუმლოებამოცული გარდაცვალებით დასრულდა.
1 მაისს რბოლა კორსიკის მთების ვიწრო გზებზე იმართებოდა. ტოივონენს სურდო ჰქონდა და ყელი სტკიოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით მაღალი ტემპერატურაც აწუხებდა. მიუხედავად ამისა, თავისი უკომპრომისო ხასიათიდან გამომდინარე, მას რბოლაზე გამოსვლა ვერ გადააფიქრებინეს.
ტოივონენი ჩიოდა, რომ ავტომობილი კორსიკის ტურისთვის ზედმეტად სწრაფი იყო. ის აღიარებდა, რომ აღნიშნულ ტრასაზე 600 ცხენისძალიანი „ლანჩას“ მართვა დამღლელი იყო. ამაში მას კოლეგებიც ეთანხმებოდნენ. მეთვრამეტე სარბოლო მონაკვეთამდე ტოივონენმა კომენტარი გააკეთა, რომელიც მისი საჯაროდ წარმოთქმული ბოლო სიტყვებია:
,,დღეს ჩვენ აქ ვიარეთ მეტი, ვიდრე მთელი 1000 ტბის რალის მანძილია. 4-საათიანი ტარების შემდეგ ძნელია ამ სიჩქარეს ფეხი აუწყო. ასეთი თანამედროვე ავტომობილით აქ რბოლა უბრალოდ შეუძლებელია. ფიზიკურად ძალიან დამღლელია და ტვინსაც მეტი აღარ შეუძლია“.
2 მაისს მეთვრამეტე მონაკვეთზე „კორტე-ტავერნაზე“ ტოივონენის „დელტა ეს 4“ ხრამში გადავარდა და სახურავით დაეცა. ხეებმა და ქვებმა საწვავის ავზი დააზიანა. ავტომობილი წამებში აფეთქდა. ხრამში გადავარდნის შემდეგ ტოივონენი და მისი მეწყვილე სერხიო კრესტო ცოცხლებიც რომ ყოფილიყვნენ, ავტომობილიდან გადმოსვლას მაინც ვერ მოასწრებდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ Delta S4-ის, სწრაფად წვადი პლასტმასისგან აწყობილი ავტომობილის, მანქანად იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ორივე, ტოივონენიც და კრესტოც, საკუთარ სავარძლებში დაიღუპნენ. ჰენრის ცოლი - არია და ორი შვილი: ქალიშვილი არლა და ვაჟიშვილი მარკუსი დარჩა. კრესტო მარტოხელა იყო.
ტოივონენის ავარია ავტოსამყაროსთვის ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. ავარიას ახლო თვითმხილველები არ ჰყოლია, ხოლო თვითონ არსებული ვიდეო შორი მანძილიდაა გადაღებული და ავარიის მიზეზის ამოცნობა შეუძლებელია. რბოლის სტიუარტები ახლომახლო არ იყვნენ, რომ შავი კვამლი შეენიშნათ და ამ უბედური შემთხვევის შესახებ ფინიშის ხაზთანაც არავინ იცოდა. გუნდს ეჭვი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისმა ავტომობილმა დანიშნულ დროზე მისვლა დააგვიანა. რალის სხვა გუნდმა თქვა, რომ მათ საეჭვო შავი კვამლი შენიშნეს. როცა ავარიის ადგილამდე სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ, მათ მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობაღა შეეძლოთ, რომელსაც ქარი ავრცელებდა. „ლანჩას“ გუნდმა ვერ შეძლო ავარიის მიზეზის დადგენა. ავტომობილი მთლიანად დამწვარი იყო.
ვალტერ რორლმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ტოივონენი სურდოს წამალს ნამდვილად იღებდა. ახალგაზრდა პილოტმა მალკოლმ უილსონმა კი თქვა, რომ ტოივონენი 1985 წლის „კოსტა სმერალდას“ ავარიის შემდეგ დროდადრო გონებას კარგავდა, მაგრამ ამის გუნდისთვის თქმა არ უნდოდა. ეშინოდა, რომ პილოტის ადგილს დაკარგავდა.
ტოივონენის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჟან-მარი ბალესტრემ და FISA (ეფ აი ეს ეი)-მ გადაწყვიტეს ჯგუბ B მანქანებისთვის 1987 წლის სეზონში რბოლა აეკრძალათ. ჯგუფი B-იც გაუქმდა და კონსტრუქტორებს რბოლისთვის გამზადებული ავტომობილები ხელში შერჩათ. „აუდიმ“ და „ფორდმა“ მაშინვე შეწყვიტეს ჯგუფ B-ის ავტომობილებით რბოლა. დანარჩენები კი სეზონის ბოლომდე დარჩნენ. კომენტატორები და მძღოლები ამბობდნენ, რომ პილოტებს არ შეეძლოთ მათი ძალიან სწრაფი ავტომობილების გაკონტროლება. FISA-ს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მათ პრობლემას ზედმეტად გვიან მიაქციეს ყურადღება. გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ პილოტები ვერ ავლედნენ ასეთი სწრაფი მანქანების გასაკონტროლებელ საჭირო რეაქციას. თვალები მოსახვევებში ასეთ სისწრაფეზე უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ადაპტირებას. მიუხედავად ამისა, რალი ისეთი პოპულარული იყო, როგორც არასდროს. FISA -ს იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ ტოივონენის გარდაცვალებაზე ზედმეტად დიდი რეაგირება მოახდინა. 2004 წელს ყოფილმა მეწყვილე პილოტმა ჯონ დეივენპორტმა განაცხადა, რომ Group B -ის დამორჩილება შეიძლებოდა და ერთადერთი უსაფრთხოების პრობლემა იყო საწვავის ავზი, რამაც გამოიწვია კიდეც ტოივონენის დაღუპვა . ჯგუფ B-ს მანქანები ფასდებოდა, როგორც „რბოლისთვის ზედმეტად სწრაფი“.
ტოივონენი ცნობილი იყო, როგორც ნიჭით დაჯილდოებული მრბოლელი ნებისმიერ ზედაპირზე. ჰენრის გაუჭირდა წრიულ რბოლებსა და რალის შორის არჩევანის გაკეთება. ბოლოს რალი აირჩია, თუმცა დროდადრო წრიულ რბოლებშიც მონაწილეობდა. ედი ჯორდანის ბრიტანული ფორმულა 3-ის გუნდშიც კი იყო, სადაც მას აირტონ სენას ადარებდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯორდანმა ფორმულა 1-ში ტოივონენის შანსები შეაფასა:
„არ ვიცი გახდებოდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონი. ფორმულა 1-ს ცოტა იღბალიც სჭირდება, რაც ტოივონენს აშკარად არ აღმოაჩნდა, მაგრამ გრან პრის რომ მოიგებდა, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ.“
რალის ჩემპიონატის კარიერაში მას 40 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სამჯერ გაიმარჯვა, 9-ჯერ პოდიუმზე იდგა, 185 მონაკვეთი მოიგო და 22-ჯერ ვერ დაასრულა რბოლა. თავისი „ლანჩათი“ ის კარიერის პიკში იყო. თუმცა აღიარებდა, რომ მას მანქანასთან პრობლემები ჰქონდა: „შემეძლო RAC Rally მომეგო Lancia-თი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მემართა”. ცეზარე ფიორომ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ჰენრი ერთადერთი პილოტი იყო, რომელსაც S4-ის კონტროლი შეეძლო. თუმცა იგი ხშირად ხვდებოდა ავარიებში და 1985 წელს „კოსტა სმერალდაზე“ ავარიის შემდეგ ის კინაღამ პარალიზებული დარჩა. ჰენრი ტოივონენი ყოველთვის შეუპოვარ ბრძოლას აჩვენებდა და ამის გამო ხშირად პილოტურ სერიოზულ შეცდომებსაც კი უშვებდა, რაც ზღვარზე მოსიარულე მრბოლელისთვის დამახასიათებელია.
ტოივონენი ესპუში დაკრძალეს, სადაც მისი ოჯახი ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა საცხოვრებლად, როცა ტოივონენი ბავშვი იყო. კორსიკაში მისთვის და კრესტოსთვის მიძღვნილი მარმარილოს ფირფიტა იმ მოსახვევშია დადგმული, რომლიდანაც მისი მანქანა გზიდან გადავიდა. მემორიალზე ასევე ყოველთვის დევს გაუხსნელი „მარტინის“ ბოთლი. „მარტინი“ მაშინ „ლანჩას“ გუნდის სპონსორი იყო. ადგილობრივი მაცხოვრებელი ამ მემორიალთან დაკარგული ტალანტის პატივსაცემად ყვავილებს ყოველ დღე დებს.