Jeep-ი Mahindra-ს ახალი სუვის დიზაინის გამო სასამართლოში უჩივის
Aa
Aa

Jeep-ი Mahindra-ს ახალი სუვის დიზაინის გამო სასამართლოში უჩივის

Jeep-ი და Mahindra ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ, ოღონდ ამჯერად ავსტრალიაში.

Jeep-ის ადვოკატებს სურთ, რომ Mahindra-მ ავსტრალიაში Thar-ის გაყიდვაზე უარი თქვას, რადგან ავტომობილი ძალიან ჰგავს Wrangler-ს. როცა ამ ორ ავტომობილს უყურებთ, ძნელია მსგავსება ვერ შენიშნოთ.

Mahindra-ს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კომპანია ავსტრალიაში Thar-ს არ ჰყიდის. თუმცა, Jeep-ის ადვოკატებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც Mahindra ავსტრალიაში შეკვეთებს იღებს. მსურველებმა მსგავსი ტიპის შეტყობინება მიიღეს: მადლობა, რომ Mahindra Thar-ის შეძენით დაინტერესდით. როცა ავსტრალიაში ამ ამაღელვებელი ახალი ავტომობილის გაყიდვას დავიწყებთ, ელექტრონული ფოსტით დაგიკავშირდებით“.

სასამართლო მოსმენის დროს Jeep-ის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ Mahindra-მ ავსტრალიაში ამ ავტომობილის შეყვანის შესახებ 90 დღით ადრე გააფრთხილოს. Mahindra კი მხოლოდ 45 დღეზეა თანახმა. როგორც ჩანს, მას Jeep-ის ადვოკატებისთვის საქმეზე სამუშაო დროის შეზღუდვა სურთ.

2021 წლის Mahindra Thar-ის დებიუტი 2020 წელს შედგა. ავტომობილის ექსტერიერი კი Wrangler-ს ძალიან ჰგავს. ეს ინდოეთში პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან იქ კომპანიას CJ Jeep Wrangler-ის გაყიდვის უფლება აქვს. ავტომობილი 2.0-ლიტრიანი, 150-ცხენისძალიანი ან 2.2-ლიტრიანი 130-ცხენისძალიანი ძრავითაა ხელმისაწვდომი. მსურველებს არჩევანის გაკეთება 6-სიჩქარიანი მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორის შეუძლიათ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 21 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები