რჩევები, ზაფხული
Aa
Aa

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულისთვის

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის. თუმცა, ზაფხულისთვის მზადყოფნა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზამთარში სირთულეს მოყინული გზები და ამინდის ცუდი პირობები წარმოადგენს, ზაფხულს კი ავტომობილზე თავისი უარყოფითი გავლენა აქვს.

მაღალი ტემპერატურა ავტომობილისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ზაფხულში ავტომობილები შორ მანძილზე მოგზაურობებისთვის უფრო აქტიურად გამოიყენება. ამიტომ, ზაფხულში უმანქანოდ დარჩენა არავის სურს. ჩვენც და ჩვენი ავტომობილიც ისევე, როგორც ზამთრისთვის, ასევე ცხელი ზაფხულისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

1. შეამოწმეთ ჰაერის გამაგრილებელი

ზაფხულში სიცხეში მგზავრობა ხშირად არაკომფორტულია. ყველაფერი კიდევ უარესდება, თუ ჰაერის გამაგრილებელი ცუდად მუშაობს. მიაქციეთ ყურადღება ყველა უცნაურ ხმას. სისტემას შესაძლოა გაწმენდა სჭირდებოდეს. როგორც წესი, თუ სისტემა გამართულად მუშაობს, მაშინ ჰაერი სწრაფად უნდა გააგრილოს. თუ ასე არ ხდება, ამის გამომწვევი მიზეზი ხშირად ფრეონის ნაკლებობაა.

2. შეამოწმეთ აკუმულატორი

დიდი სიცხე აკუმულატორში ქიმიურ პროცესებს იწვევს. სიცხე ბატარეის „სიცოცხლეს“ ამცირებს. შეამოწმეთ ყველაფერი, რაც მას უერთდება. გაითვალისწინეთ, რომ აკუმულატორის შემოწმება თქვენი და ავტომობილის უსაფრთხოებისთვის ხშირადაა საჭირო.

თუ აკუმულატორის ვოლტაჟი 12 ვოლტზე ან მაღლა არაა, მაშინ ის ეფექტურად ვეღარ იმუშავებს და გამოცვლაა საჭირო.

3. შეამოწმეთ შუშის საწმენდი სითხე და თვითონ საწმენდები

კარგი ხილვადობა ზაფხულშიც და ზამთარშიც თანაბრად მნიშვნელოვანია. შეამოწმეთ შუშის საწმენდი სითხის რეზერვუარი და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ. შეამოწმეთ თვითონ საწმენდებიც. ცხელ, მშრალ ზაფხულში შესაძლოა მტვრის ნაწილაკები საწმენდებს მიეკრას და გაწმენდის დროს მინა დაკაწროს. გაასუფთავეთ საწმენდები ყოველ დღე.

როგორც წესი, ზაფხულში საწმენდების რეზინი შესაძლოა გამოშრეს. ასეთ შემთხვევაში ზამთრისთვის საწმენდების გამოცვლაა რეკომენდირებული.

4. შეამოწმეთ წნევა საბურავებში

შეცვალეთ ზამთრის საბურავები ზაფხულის ან ყველა სეზონის საბურავებით. რა თქმა უნდა, როგორც ზამთარში, საბურავებში სწორი წნევის შერჩევა ზაფხულშიც მნიშვნელოვანია. სიცხეში ასფალტი ცხელდება, რაც საბურავების ცვეთაზე უარყოფითად აისახება. საბურავები წებოსგან შედგენა. საჭირო არაა იმის ახსნა, რა ემართება წებოს სიცხეში.

საბურავებში რეკომენდირებული წნევის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზე სასარგებლო ინფორმაცია ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ. თუმცა, შეგახსენებთ, რომ რეკომენდირებული წნევა მძღოლის მხარეს კარის შიდა ნაწილზე წერია ხოლმე. საბურავებში წნევა ყოველ მომატებულ 6 გრადუსზე  0,07 ან 0,14 კგ/სმ-ით იმატებს. ზედმეტად დაბერილ საბურავს შესაძლოა ბზარები გაუჩნდეს. შეამოწმეთ საბურავები და დარწმუნდით, რომ ისინი კარგ მდგომარეობაშია.

5. შეამოწმეთ მუხრუჭის სითხე

სამუხრუჭე სითხის შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ რეზერვუარში წყალმა დაიკლო, მაშინ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა არ უნდა შეავსოთ, რადგან წყლის დონე ხშირ შემთხვევაში ხუნდების ცვეთასთან ადაპტირდება. ასევე, წყლის კლება შესაძლოა გაჟონვის გამო იყოს. ავზის შევსება დაზიანების შეკეთების მხოლოდ გადადებაა.

    6. შეამოწმეთ მილები და ქამრები

    კაპოტის ქვეშ მილებისა და ქამრების შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინიც რეზინისაა. შესაბამისად, სიცხე მათზეც ცუდად მოქმედებს. ამისთვის შესაძლოა პროფესიონალს მიმართოთ, ან თავად დააკვირდეთ, ხომ არ შეინიშნება მათზე პატარა ნაკვეთები ან სხვა სახის დაზიანებები. შესაძლოა, მათი შეცვლა დაგჭირდეთ.

    7. შეამოწმეთ ჰაერის ფილტრები

    ჭუჭყიანი ან ბლოკირებული ჰაერის ფილტრები ძრავის ეფექტურობას ამცირებს. თუ შემოწმებისას შეამჩნევთ, რომ ზედმეტად ჭუჭყიანია, მაშინ მისი გამოცვლა აუცილებელია. ზოგადად კი ფილტრების გამოცვლა ყოველ 5 თვეში ერთხელაა რეკომენდირებული. 

    8. საღებავი

    მანქანის საღებავი მზის სხივებთან პირდაპირ კონტაქტშია. ცვილის პასტა მას ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საღებავმა ფერი დაკარგოს ან ბზარები გაუჩნდეს.

    იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაში. გარდა იმისა, რომ ავტომობილის უსაფრთხოება, გამართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრევენცია თანხებსაც დაგიზოგავთ.

    მსგავსი სიახლეები