Aa Aa
29 მაისი 2021  |  15:12

როგორ გავწმინდოთ მაშუქები ისე, რომ ახალივით ბრწყინავდეს

დროთა განმავლობაში, პლასტმასი, რომელიც მაშუქებს ფარავს, ხუნდება და ჭუჭყი უჯდება. თუ თქვენი მაშუქები ისე აღარ გამოიყურება, როგორც ახალი, მაშინ სწორ ადგილას ხართ.

მაშუქები ის დეტალია, რომლის სისუფთავეც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მძლავრი ნათურები არამარტო გზას გინათებთ, არამედ სხვა მძღოლებსაც აძლევს თქვენი დანახვის საშუალებას.


მაშუქების უმეტესობას პოლიკარბონატის პლასტმასი ფარავს. ეს ძლიერი მასალა საგზაო პირობებისთვის იდეალურია, თუმცა მზის სხივებთან გამკლავება უჭირს. ავტომწარმოებლები ლინზებს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფირით ფარავენ. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში დამცავიც ფუჭდება და პლასტმასზე მზე დაუცველად ხვდება.

თუ თქვენი მაშუქები მოყვითალო შეფერილობას იღებს, მაშინ აშკარაა, რომ ჟანგვის პროცესი დაწყებულია. თუმცა არ იღელვოთ. მაშუქებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. მიიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და თქვენს ავტომობილს ძველებური გამოხედვა აუცილებლად დაუბრუნდება.

პირველი ნაბიჯი: შეიძინეთ საჭირო ნივთები

დარწმუნდით, რომ საჭირო აქსესუარები და ნივთები შეძენილი გაქვთ. ყველაზე მარტივი გამოსავალი მაშუქების რესტავრაციის კომპლექტის შეძენაა, რომელიც ყველა საჭირო ნივთს მოიცავს.

შესაძლებელია კონკრეტული პროდუქტის ინდივიდუალური შეძენაც, რაც მოსახერხებელია მათთვის, ვისაც გარკვეული ნივთები უკვე შეძენილი აქვს. არსებითად, თქვენ სხვადასხვა სისქის ზუმფარას ქაღალდი (1000-იანი, 2000-იანი და 3000-იანი უსაფრთხოდ ითვლება), გამაპრიალებელი ხსნარი და UV-ი სხივებისგან დამცავი გჭირდებათ. ლურჯი წებოვანი ლენტი და მიკრობოჭკოვანი საწმენდიც გვერდში უნდა გქონდეთ.

მეორე ნაბიჯი: გაწმინდეთ მაშუქები

პირველი ნაბიჯი მაშუქის ლიზების საფუძვლიანი გაწმენდვაა. ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე საპნითა და სუფთა წყლით უნდა შეასრულოთ. გარდა ამისა, გაასუფთავეთ ლინზის მიდამოებიც, რადგან მოგვიანებით იქ ლენტი უნდა დააკრათ.

მესამე ნაბიჯი: შემოსაზღვრეთ ლენტით ლინზის კონტურები


სანამ ზუმფარას ქაღალდით გახეხვას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია, რომ ლინზის მიდამოები ლენტით დაფაროთ. საღებავის ან რომელიმე დეტალის დაზიანება არამგონია ვინმეს სურდეს. ხეხვისას შესაძლოა ხელი გაგისრიალდეთ და ზუმფარას ქაღალდი ავტომობილის სხვა ნაწილზე მოგიხვდეთ. სწორედ ამიტომ, ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.

მეოთხე ნაბიჯი: დაიწყეთ ხეხვა


და აი ცენტრალურ საკითხზეც გადავედით - გახეხვა.

საწყის ეტაპზე ყველაზე უხეში ზუმფარას ქაღალდის გამოყენებას გირჩევთ. თუ ჩვენს რჩევას დაუჯერეთ და 1000-იანი, 2000-იანი და 3000-იანი შეიძინეთ, მაშინ უმჯობესია 1000-იანით დაიწყოთ (რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო უხეშია ქაღალდი). დაასველეთ ზუმფარას ქაღალდი და ლინზა. ამის შემდეგ ხეხვა დაიწყეთ ჰორიზონტალურად. პროცესის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთი მიმართულებით გახეხოთ და ზედაპირი სველი იყოს. ამ პროცესის ხანგრძლივობა და შედეგი თქვენს ხელზე და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ყველაფერს, დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე დასჭირდება.

თანდათანობით შეცვალეთ ქაღალდი ნაკლებად უხეში ქაღალდით, ჩვენს შემთხვევაში 1000-დან გადადით 2000-იანზე, შემდეგ კი 3000-იანზე. მას შემდეგ, რაც პირველ ზუმფარას ჰორიზონტალური მიმართულებით ხმარობდით, ეცადეთ, რომ მომდევნოები დიაგონალურად იხმაროთ. გახეხვის ბოლო საფეხური კი საპირისპირო დიაგონალზე უნდა შესრულდეს. არ იჩქაროთ და დარწმუნდით, რომ ლინზის ზედაპირი სველია. შესასხურებელი ბოთლი ამ დროს თქვენი საუკეთესო მეგობარია.

მეხუთე ნაბიჯი: გამაპრიალებელი საშუალება და მინერალური ცვილი

გაწმინდეთ და კარგად გააშრეთ მაშუქი. მოიმარჯვეთ გამაპრიალებელი საშუალება და მიკრობოიჭკოვანი საწმენდი. მოუჭირეთ ხელი გამაპარიალებელი საშუალების ბოთს და გონივრული რაოდენობით დაიტანეთ პირსახოცზე. ამის შემდეგ, წრიული მოძრაობით გადადით მაშუქის გაწმენდვაზე. ეს პროცესი უფრო მარტივად შესრულდება თუ ორბიტალურ ბუფერს გამოიყენებთ (მაგრამ ნუ შეიძენთ, თუ სამომავლოდ ამავე საქმიანობისთვის ხშირად არ გამოიყენებთ). რამდენიმე წუთის შემდეგ ლინზა გაასუფთავეთ.

ამის შემდეგ ზედაპირის მინერალური ცვილით დაფარვა იწყება. ეს პროცესი ზუსტად ისე სრულდება, როგორც ავტომობილის საღებავზე. ეს თქვენს მაშუქს საფუძვლიანად გაწმინდავს და დამცავ ფენას შეუქმნის.

მეექვსე ნაბიჯი: გამოიყენეთ ულტრაიისფერი სხივების ჰერმეტიკი.


ულტრაიისფერი სხივების ჰერმეტიკის დატანა აუცილებელია, რადგან ძველი დაჟანგებული ჰერმეტიკი თქვენ გახეხვისას მოაცილეთ. თუ თქვენ ამ ნაბიჯს გამოტოვებთ, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის თქვენს ლინზას დამცავი ფენით დაფარავს და აღარ გაყვითლდება.

ეს ნაბიჯი სველი პირსახოცითა და ჰერმეტიკის წასმით სრულდება. დაიმახსოვრეთ, რომ სრულად დაფარვა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, აუცილებლად გადახედეთ კომპლექტის ინსტრუქციასაც. ძირითად შემთხვევებში ჰერმეტიკის ერთი ფენა საკმარისია. ჰერმეტიკის წასმის შემდეგ ავტომობილი მშრალ ადგილას უნდა გააჩეროთ.

მეშვიდე ნაბიჯი: გამოსცადეთ
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს მიჰყევით, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეთ, მაშინ გირჩევთ, რომ ეს პროცესი ახლიდან მეტი გახეხვით შეასრულოთ. კარგი იქნება თუ პროცესის დაწყებამდე ლინზას სურათს გადაუღებთ, დასრულების შემდეგ კი შედეგს შეადარებთ.

გეტყვით იმასაც, რომ ლინზის მდგომარეობა შესაძლოა პროფესიონალის ჩარევასაც საჭიროებდეს. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ რაღაც არ გამოგივიდათ.

გაზიარება: