1965 წელს „დაიმლერ-ბენცმა“ გადაწყვიტა რბოლებში მონაწილეობა აღარ მიეღო. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული AMG-ს ისტორია.
მოზარდი გერმანელი ჰანს ვერნერ აუფრეხტი ბავშვობიდან ოცნებობდა, შეექმნა სპორტული სარბოლო ძრავები Mercedes-ისთვის. მისი ოცნება ნაწილობრივ მაშინ ახდა, როდესაც 1960 წელს მუშაობა Daimler-Benz-ის სარბოლო განყოფილებაში დაიწყო.
ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის შემდეგ ჰანსმა ექსპერიმენტების ჩატარება თავისი ხელით შექმნილ ძრავებზე დაიწყო. ახალგაზრდა გერმანელი ცდილობდა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით ძრავასგან მეტი სიძლიერე გამოემუშავებინა.
ამ დროს Daimler-ის სპორტული განყოფილება Mercedes-Benz 300SE სარბოლო ძრავზე მუშაობდა. ხელმძღვანელების პირდაპირი დავალება იყო, რომ ყველა შექმნილი ძრავა შეემოწმებინათ.
სწორედ ამ დროს მიხვდა ჰანსი, რომ ეს იყო მომენტი, როცა მას თავის გამოჩენა შეეძლო. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ჰანსს უწევდა შეემოწმებინა ძრავა, რომელიც სტანდარტული Mercedes-ისთვის მზადდებოდა. მას კი სულ სხვა რამის გაკეთება სურდა – შეექმნა ძრავის ტუნინგ ვერსია, რომელზეც იგი თავის კოლეგასთან მანფრედ შიკთან ერთად მუშაობდა.
მანფილდი ასევე „მერსედესის“ გუნდის მრბოლელი იყო. ისინი უბრალოდ ვერ შეაჩერებდნენ თავის პროექტს, რადგან 300SE უკვე ნაყიდი ჰქონდათ.
მიზანი ერთი იყო – ჩაედგათ ახალი ფორსირებული ძრავა და გასულიყვნენ ასპარეზზე.
მეგობრებმა რბოლისთვის მზადება დაიწყეს და მანქანიდან ყველა არასასურველი მასა ამოიღეს. დონორი 300SL-იდან ამოიღეს. ეს იყო ხელოვნების ნიმუში, რომელიც 238 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მაბრუნი მომენტი წუთში 7 200-ს აღწევდა.
ძრავის შეფრქვევის სისტემის დახვეწისა და გამართვის შემდეგ ავტომობილი German Touring Car Championship (გერმანული ტურინგ ქარების ჩემპიონატში) მონაწილეობისთვის უკვე მზად იყო. 1965 წლის რბოლაში ავტომობილმა 8 რბოლიდან 6-ში გამარჯვება მოიპოვა.
სწორედ ამ რბოლების შემდეგ გადაწყვიტეს, „დაიმლერში“ გაეკეთებინათ Mercedes Benz-ის დატუნინგებული ვერსიები, რომლებსაც კომპანია წარმატების შემთხვევაში წარმოებაში ჩაუშვებდა.
ჰანს ვერნერ აუფრეხტმა და ერჰარდ მელხერმა 1967 წლის 1 ივნისს AMG-ს ფირმა დაარსეს. AMG შემდეგნაირად იშიფრება:
A – Aufrecht (აუფრეხტ) (ჰანსის გვარი)
M – Melcher (მელხერ) (ერჰარდის გვარი)
G – Grobaspach (გრობაშფახ) (ჰანსის დაბადების ადგილი)
Mercedes–ის გუნდმა გაიაზრა, რომ დიდძრავიანი ავტომობილები იმ დროისთვის ძალზედ მოთხოვნადი იყო.
1968 წელს კომპანიამ გამოუშვა 300SEL, რომელიც აღჭურვილი იყო 6.3-ლიტრიანი აგრეგატით და 247 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
რა თქმა უნდა, AMG ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეექმნა საუკეთესო ძრავა, რომელიც ყველა ენთუზიასტს დააკმაყოფილებდა.
სამწუხაროდ, ზუსტად 1 წელიწადში 300SEL-ის ძრავას გარკვეული ხარვეზები გაუჩნდა, რის გამოც წარმოება დროებით შეწყდა.
პატარა კომპანიამ ხარვეზი მაინც აღმოფხვრა და ახალი მონსტრით წარსდგა. AMG-მ 6.3-ლიტრიანის მაგივრად გამოუშვა 6.8-ლიტრიანი ძრავა, რომელიც 247 ცხენისძალის მაგივრად 428 ცხენს გამოიმუშავებდა.
1971 წელი AMG-სთვის წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს გახდა კომპანია საქვეყნოდ ცნობილი. სპას 24-საათიან რბოლაში (SPA 24 Hours) AMG მკვეთრი წითელი ფერის 300 SEL-ით წარსდგა, რომელიც 6.8-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი.
საბოლოოდ, AMG საერთო შეფასების სისტემით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო თავისი კლასის შეფასების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა.
წითელმა SEL-მა, როგორც წესი, ნომრით (№ 35) მალე ზედმეტსახელი „წითელი ღორი“ მიიღო.
სპა-ს 24-საათიან რბოლაზე წარმატების მიღწევის შემდეგ კომპანიამ Mercedes Benz-თან კავშირი მნიშვნელოვნად გაამყარა. 1990 წელს კი მათი თანამშრომლობა ოფიციალური გახდა.
მყიდველს უკვე შეეძლო „მერსედესის“ ოფიციალურ დილერთან AMG-ის ნებისმიერი მოდელი შეეკვეთა.
AMG-ს პირველი ოფიციალური მოდელი 1993 წელს გამოვიდა – Mercedes C36 AMG.
2010 წელს Mercedes Benz-მა 300 SEL–ის ლეგენდარული „წითელი ღორის“ ახალი ვერსია S63 AMG წარადგინა. მას ვიზუალურადაც ისეთივე მახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, როგორიც 1971 წლის მოდელს.
ეს იყო იდეალური ვარიანტი იმისთვის, რომ სპას 24-საათიან რბოლაში დაგვენახა ძველის და ახლის საუცხოო შეზავება.