სასარგებლო ინფო, რჩევები
Aa
Aa

10 ძირითადი საკითხი, რაც ავტომობილის ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს

21-ე საუკუნეში ავტომობილის  შეძენა რთული პროცესი აღარაა. შედარებით რთულია მანქანის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება, რაც აუცილებელია როგორც ავტომობილის, ასევე თქვენი უსაფრთხოებისთვის. მანქანის მოვლის წესები მისი მარკის და მოდელის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა არსებობს 10 ძირითადი საკითხი, რომლებიც ავტომობილის მფლობელს არასდროს უნდა დაავიწყდეს:

მანქანის ზეთი

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მანქანის ზეთი მას საწვავის წვაში ეხმარება, მაშინ, როცა ზეთი იმისთვისაა, რომ გაპოხოს, გააგრილოს და გაწმინდოს ძრავა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მანქანაში საკმარისი რაოდენობის ზეთი არაა, მას შესაძლოა შემდეგი სამი რამ დაემართოს: თერმული დეგრადაცია (ნახშირჟანგის დალექვა), დაჟანგება (საღებავის დაზიანება), გადახურება (ბოლქვი და კუპრი გროვდება იმ ადგილას, სადაც ზეთს უნდა გაევლო). როცა ეს მოხდება, ზეთი დაიწყებს იმის საპირისპიროდ ქმედებას, რაც სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა. გააცხელებს ძრავას, ცილინდრის კედლებს, ღერძებს და ა.შ., რაც მეტ ნალექს წარმოქმნის და შედეგად უფრო ჭუჭყიან ძრავას მივიღებთ.

 საქარე მინის საწმენდი

გიტარებიათ მანქანა წვიმაში საქარე მინის საწმენდების გარეშე? არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებაა, არა? მის საჭიროებას უმეტესობა მხოლოდ გვიან აანალიზებს. იმისთვის, რომ საქარე მინის საწმენდებმა კარგად იმუშაოს, დარწმუნდით, რომ მათი პირები კარგ მდგომარეობაშია.  ისინი 6 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

ავტომობილის სითხეები

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც მანქანის მფლობელს არ უნდა დაავიწყდეს არის სითხეები. ისინი სისტემატურად უნდა შეამოწმოთ. ამის გაკეთება რთული არაა. თქვენს ავტომობილში 5 მნიშვნელოვანი სითხეა:

  • ზეთი
  • ძრავის გამაგრილებელი სითხე
  • საჭის გამაძლიერებელი სითხე
  • სამუხრუჭე სითხე
  • საქარე მინის საწმენდი სითხე

დამატებითი საბურავი

დამატებითი საბურავი მანქანის ლამაზი დიზაინისთვის არ არის შექმნილი. ის იმ შემთხვევისთვისაა თუ საბურავი გაგისკდათ. დარწმუნდით იმაში, რომ ყოველთვის თან გაქვთ საბურავის გამოცვლისთვის საჭირო ხელსაწყოები. ეს იმისთვის, რომ მათი ძებნა კრიტიკულ მომენტში არ მოგიწიოთ. როგორც წესი დამატებითი საბურავი საბარგულის ქვედა განყოფილებაშია. საბურავის ადგილმდებარეობა ძირითადად მანქანის მოდელზეა დამოკიდებული. უმჯობესი იქნება თუ მის მდგომარეობას მანქანის გამოყენების დაწყებამდე შეამოწმებთ, რათა გამოცვლის შემდეგ არ აღმოაჩინოთ, რომ დამატებითი საბურავიც გამოუსადეგარია.

საბურავის გამოცვლა რთული არ არის. შედარებით რთულია მანქანის წონასწორობის შენარჩუნება, სანამ ამას აკეთებთ. ამაში მანქანის ამწე მოწყობილობა დაგეხმარებათ. პირველად შესაძლოა გაგიჭირდეთ მისი გამოყენება, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევით.

საბურავების წნევა

შეიძლება იფიქროთ, რომ საბურავის წნევა მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ თქვენ ცდებით. სინამდვილეში ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა საბურავებში წნევა დაბალია, მისი ზედაპირის მიწასთან შეხება იზრდება.  საბურავები უფრო მალე ცვდება. ასევე შესაძლოა ამან პროტექტორის განცალკევება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ სახიფათო ავარიას მიზეზი გახდეს. 

ასევე ცუდია ზედმეტი წნევაც. ამ შემთხვევაში საბურავი იმაზე ნაკლებად ეხება მიწის ზედაპირს, ვიდრე საჭიროა და მანქანა იწყებს ხტუნვას. რა თქმა უნდა, ნაკლები წნევის ქონას, სჯობს მეტი გქონდეთ, მაგრამ თუ გსურთ ავტომობილი და მისი საბურავები იდეალურ ფორმაში შეინარჩუნოთ, აკონტროლეთ, რომ  წნევა საბურავებში თქვენი მანქანისთვის რეკომენდებულ დონეზე იყოს.

მაშუქები

წინა და უკანა მაშუქები რაღაც დროის შემდეგ ისე კარგად ვეღარ ანათებს, როგორც თავიდან. ისინი დროდადრო შემოწმებას საჭიროებს. მათი შემოწმების მიზეზი მეტია, ვიდრე უსაფრთხოების წესების დაცვა.  თუ მაშუქები გამართულად არ მუშაობს, შესაძლოა პატრულმა გაგაჩეროთ. შეცვლა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.

ავტომობილის ტექნიკური  მომსახურება

მომსახურების ჩატარების პერიოდი განსხვავებულია. მანქანისთვის ტექნიკური მომსახურების ჩატარება ძვირია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. დასაწყისისთვის კარგი იქნება მანქანის სახელმძღვანელოს წაკითხვა. იქ იპოვით რჩევას, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაუტაროთ თქვენს მანქანას მომსახურება.

 ამორტიზატორები

დროდადრო ქანაობს თქვენი მანქანა? გესმით უჩვეულო ხმაური? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ამორტიზატორები გაცვეთილია. ძველ ავტომობილებში ეს ძირითადად ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

ჰაერის ფილტრები

ძრავის ჰაერის ფილტრის გამოცვლა 6 თვეში ერთხელაა საჭირო. როცა ძრავა ჭუჭყიანდება, ისინი შესაძლოა დაბინძურდეს და ჩაიკეტოს. ეს აძნელებს ძრავის მუშაობას და იწვევს საწვავის გადაჭარბებულ ხარჯვას. ასევე ყურადღება მიაქციეთ სალონის ჰაერის ფილტრსაც, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემის ფილტრაციას. გამოყოფილ ჰაერს ჩვენ  დახურულ ინტერიერში ვსუნთქავთ. ფილტრის შეცვლაც რეკომენდებულია იმავე პერიოდში.

გადაუდებელი სასწრაფო დახმარების აღჭურვილობა

არასდროს იცი, როდის გაფუჭდება ავტომობილი. ამიტომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების აღჭურვილობა ყოველთვის თან უნდა გქონდეს:

  • პირველადი დახმარების აღჭურვილობა
  • ცეცხლმაქრი
  • გამაფრთხილებელი ამრეკლავი სამი სამკუთხედი
  • საბურავის დასაბერი
  • საბურავის სპრეი წებო
  • დასაქოქი კაბელი
  • ფანარი
  • დამატებითი ბატარეები
  • ხელთათმანები
  • ტილო
  • სკოჩი
  • საბუქსირე თოკი
  • მრავალფუნქციური მცირე ზომის დანა
  • საწვიმარი
  • სასმელი წყალი
  • თბილი საბანი

მუხრუჭები

გამართული მუხრუჭები უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მანქანის მართვის დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. მერყეობს თქვენი საჭე, როცა მუხრუჭს აჭერთ? თუ ასეა, მაშინ მან შეიძლება თქვენს ანტიბლოკირების სისტემაზე (ABS) ცუდად იმოქმედოს.

იპოვეთ კარგი მექანიკოსი

კარგი მექანიკოსის პოვნა არც თუ ისე ადვილია. ამიტომ, თუ იპოვით, არასდროს გაუშვათ. ჰკითხეთ რჩევა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, წაიკითხეთ ფორუმები და ავტომობილების მექანიკური მიმოხილვები. არ შეარჩიოთ პირველივე შემხვედრი მექანიკოსი მხოლოდ იმიტომ, რომ იაფ მომსახურებას გთავაზობთ. კარგად დაფიქრდით, ვის ანდობთ თქვენი მანქანის და შესაბამისად თქვენს უსაფრთხოებას.

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილის საუკეთესო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ გამართული ავტომობილი თქვენი უსაფრთხოების საწინდარია.

მსგავსი სიახლეები