2022 წლის Opel Astra პირველად გამოჩნდა
Aa
Aa

2022 წლის Opel Astra პირველად გამოჩნდა

უფრო მახვილი გარეგნობის ჰეჩბეკი გერმანიაში აიწყობა.

Peugeot-ის ახალი 308 მოდელის გასაჯაროებიდან 3 თვე გავიდა და ახლა სტელანტისის გერმანული მხარე Opel-ს ასაჯაროებს. ახალი Astra-ს ანონსი მახვილ დიზაინერულ აქცენტებსა და სალონის დეტალებს გვთავაზობს. სურათები მკაფიოდ ასახავს, რომ ეს მოდელი წინამორბედისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ოფიციალური დემონსტრაციიდან ვიგებთ იმასაც, რომ ის ფრანგი ბიძაშვილის უბრალოდ ემბლემა შეცვლილი ვერსია არ არის.

ექსტერიერის სტილი Mokka-ს "ქროსოვერს" მაშუქების მატრიცით მოგვაგონებს. ეს დეტალი პირველად 2018 წლის GT X Experimental Concept-ზე ვიხილეთ. ავტომობილის უკანა მხარეზე ვხედავთ, რომ Astra-ს სახელი ამაყად საბარგულის შუაშია განთავსებული. ამ მხრივ ის VW Golf-ს, Ford Focus-სა და SEAT Leon-ს წააგავს.

სალონში განთავსებული ორმაგი მონიტორი Mokka-ს 12-ინჩიანი სრულად ციფრული მაჩვენებელთა დაფის იდენტურია, რომელიც 10-ინჩიან მულტიმედიის მონიტორთანაა დაკავშირებული. „ქროსოვერის“ მსგავსად, მაჩვენებლები მძღოლისკენაა შეტრიალებული.

საჭე აქ უფრო დახვეწილია, ვიდრე Mokka-ში და ის Peugeot 308-სგანაც განსხვავდება. სავარაუდოდ, მასზე დატანილი შავი ღილაკები სენსორული არ არის და ის ტრადიციულად მუშაობს.

Opel-მა ტექნიკური დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ Astra, 30 წლის განმავლობაში პირველად, ელექტროფიცირებული იქნება. თუ მოდელი 308-ს დაემსგავსება, მაშინ ორ „ფლაგ-ინ“ ჰიბრიდს, წინაწამყვანსა და 81-კილოვატიან ელექტრო აგრეგატს უნდა ველოდოთ. Peugeot-ში საწვავის ძრავა 150 ან 180-ცხენისძალიანია, ჯამური სიმძლავრე კი 225 ცხენისძალას აღწევს. გეტყვით იმასაც, რომ ფრანგული ჰეჩბეკი ნულოვანი გამონაბოლქვის რეჟიმით 60 კილომეტრამდე ფარავს.

„ფლაგ-ინ“ ჰიბრიდი Astra 1.2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავით ან 1.5-ლიტრიანი დიზელის აგრეგატით იქნება აღჭურვილი. მომხმარებლები არჩვევანს 6-სიჩქარიან მექანიკურსა და 8-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფს შორის გააკეთებენ. არსებობს ჭორები მაღალი წარმადობის OPC მოდელზეც, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სიმძლავრეს ოთხივე საბურავზე მიმართავს.

მსგავსი სიახლეები