Audi RS6 Avant Johann ABT Signature Editon-ი 790 ცხენის ძალით დაბრუნდა.
0-დან 100-მდე ის 2.91 წამში ჩქარდება.
Audi RS6 Avant-ი უკვე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალია მსოფლიოში, თუმცა, ABT-მ გადაწყვიტა მოდელი უფრო მეტად გამორჩეული Johann Abt Signature Edition-ის გამოშვებით ექცია. მისი წარმოება 64 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული და ის Abt-ის 125 წლის იუბილეს აღნიშნავს.
RS6 Avant Johan Abt Signature Edition-ი 790 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, ქარხნული RS6 Avant-ის სიმძლავრე 591 ცხენის ძალითა და 800 ნიუტონ მეტრით განისაზღვრება.
Abt-ის მიერ შემუშავებული უნივერსალი 0-დან 100-მდე 2.91 წამში ჩქარდება, რაც ჩვეულებრივ ვერსიაში 3.6 წამს საჭიროებს. მას 200კმ/სთ-ის განვითარება 9.79 წამში, ხოლო 300კმ/სთ-ის მიღწევა 28.35 წამში შეუძლია.
ასეთი სისწრაფისთვის RS6 Avant-ს ABT-მ ახალი ტურბინები, დიდი ზომის „ინტერქულერი“ და ზეთის დამატებითი გამაგრილებელი სისტემა დაუმონტაჟა. ძრავას სპეციალურად დამზადებული კომპიუტერიც აკონტროლებს. ახალ გამშვებს ოთხი 102 მილიმეტრიანი შავი უჟანგავი მეტალით დამზადებული მაყუჩი აქვს. ABT-მ სიმაღლის მარეგულირებელი დაკიდების სისტემაც გააუმჯობესა.
ვიზუალურად წინა სარტყელი და უკან არსებული დეტალები განახლდა, რომელიც კარბონითაა დამზადებული. ავტომობილი 22-იანი დისკებითაა აღჭურვილი. თითოეული მათგანი კი მხოლოდ 3.5 კილოგრამს იწონის.
კარბონის დეტალები სალონშიც უხვად გვხვდება. სავარძლებზე, კარებზე და სხვა დეტალებზე “Since 1896” წარწერაა დატანილი.