რა არის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა?
Aa
Aa

რა არის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა?

ჩვენს სტატიებში ხშირად ვწერთ იმის თაობაზე, რომელი უსაფრთხოების სისტემა აქვს ამა თუ იმ ავტომობილს. ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ახალი ავტომობილების უმეტესობას აქვს. მუხრუჭის წამით გვიან დაჭერამაც კი ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა მძიმე ავარია გამოიწვიოს. ეს ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ავტომწარმოებლებმა კი გადაწყვიტეს, რომ ეს პრობლემა თავად მოაგვარონ და, ამიტომ ავტომატური დამუხრუჭების სისტემა შექმნეს. 2022 წლიდან ეს სისტემა ყველა ავტომობილისთვის სტანდარტული, სავალდებულო ფუნქცია იქნება.

რა არის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა?

ავტომატური დამუხრუჭების სისტემა აქტიური უსაფრთხოების სისტემაა. წინა კამერების და რადარების გამოყენებით სისტემა აფრთხილებს მძღოლს მოსალოდნელი შეჯახების შესახებ სხვა მანქანასთან, ქვეითთან ან ნებისმიერ ობიექტთან, შემდეგ კი მძღოლის ნაცვლად ამუხრუჭებს. მძღოლის რეაგირების შემთხვევაში კი დაჭერის ძალას ზრდის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძღოლი უნდა მოდუნდეს. ამ სისტემას ბოლომდე არ უნდა დავეყრდნოთ. ზოგი სისტემა მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე მუშაობს, მაშინ, როცა უფრო განვითარებული სისტემები ძალიან მაღალ სიჩქარეებზეც ოპერირებს.

რა არის წინა შეჯახებაზე გაფრთხილება?

ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, როგორც წესი, წინა შეჯახებაზე გაფრთხილებასთან ერთად მუშაობს. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის მსგავსად, ეს სისტემაც იყენებს რადარს, კამერებს ან ორივეს, იმისთვის, რომ თვალი ადევნოს შენელების ან გაჩერების მოძრაობას. ეს სისტემა მძღოლს შეჯახების შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს.

რა არის უკუსვლის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა?

პასუხი მარტივია. უკუსვლის დროს, შეჯახების საშიშროების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად ამუხრუჭებს. ეს უფრო ფუფუნებაა, ვიდრე უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის გვეხმარება თავიდან ავიცილოთ პარკირების დროს დაბალ სიჩქარეზე შეჯახებები. ხშირად ეს სისტემა უკანა შეჯახებაზე გაფრთხილების სისტემასთან თანამშრომლობს.

მოქმედებს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ფეხით მოსიარულეებზე?

ზოგიერთი სისტემა მხოლოდ ავტომობილებზე მუშაობს და არა ქვეითებზე. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს პრობლემა თითქმის ყველა ავტომობილზე გვარდება. IIHS ახლა ავტომობილებს ამოწმებს, როგორც სხვა ავტომობილთან შეჯახებაზე, ასევე ბავშვების და ზრდასრულების შემჩნევაზე.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სისტემა ყველა ავტომობილს აქვს. შესაძლოა, ავტომობილს მხოლოდ სხვა ავტომობილების შემჩნევის სისტემა ჰქონდეს.

ავტომატური დამუხრუჭების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ავტომატურ დამუხრუჭების სისტემას აშკარა დადებითი მხარე აქვს. მას შეუძლია უბედური შემთხვევები თავიდან აგვაცილოს. თუმცა, გასათვალისწინებელია უარყოფითი მხარეც. შესაძლოა სისტემა არასაჭირო დროს ამოქმედდეს. გააჩეროს იქ, სადაც არ იყო საჭირო გაჩერება და ამით პანიკა გამოიწვიოს. ანდაც უკანა მხრიდან სხვა ავტომობილთან შეჯახება. ასევე, ხშირ შემთხვევაში მძღოლის ყურადღების მოდუნებასაც იწვევს.

შესაძლებელია ამ სისტემის გამორთვა?

ზოგ მძღოლს ურჩევნია, რომ ავტომობილს თავიდან ბოლომდე თავად აკონტროლებდეს. ავტომობილების უმეტესობა ამ სისტემის გამორთვის საშუალებას იძლევა. ზოგი კი რეგულირების, მაგალითად, რამდენად მგრძნობიარე შეიძლება იყოს სისტემა. ზოგ შემთხვევაში კი ამ სისტემის გამორთვა შეუძლებელია.

 

ამ სისტემას უკვე თითქმის ყველა ავტომწარმოებელი გვთავაზობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მალე ის სავალდებულოც გახდება. თუმცა, ყველა ავტომწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა, რომ არ შეიძლება ამ სისტემებზე ბოლომდე ნდობა და ყურადღების მოდუნება. შესაძლოა ავტომატურმა დამუხრუჭებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნას, თუმცა, ამავე დროს საფრთხის მიზეზიც კი გახდეს.

მსგავსი სიახლეები