ძლიერი ძრავა და საუკეთესო მართვადობა: 2020 წლის BMW 2-Series
Aa
Aa

ძლიერი ძრავა და საუკეთესო მართვადობა: 2020 წლის BMW 2-Series

BMW-ს მყიდველები ამ მარკის მანქანის შეძენისას ყოველთვის ელიან უკვე გამოცდილ, ტრადიციულ მართვის ხარისხს და რაიმე ამაღელვებელს. მეორე სერიის კუპე და კაბრიოლეტი ამ ყველაფერს კარგად ახერხებს. თავისი უმაღლესი დონით Acura ILX-ს, Audi A3-სა და Mercedes-Benz A-class-ს შეგვიძლია შევადაროთ. მეორე სერიის მანქანები იმდენად მდიდრული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არ არის, როგორც მისი კონკურენტები, მაგრამ თავისი დინამიკურობით მანქანების ენთუზიასტების გულში დიდ ადგილს იმკვიდრებს. 2020 წლის მოდელებზე ჯერ ყველა დეტალი ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ძირითადი ასპექტები უკვე ცნობილია.

 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

BMW- მ მეორე სერიის ავტომობილებს ექსტერიერის დეტალების განახლებები დაუმატა. უკანა მაშუქები უფრო მუქია, ვიდრე წინათ. ცხაურას და დისკების დიზაინიც განახლებულია. წვიმაზე მგრძნობიარე საქარე მინის საწმენდები სტანდარტული გახდა. ცისფერი საღებავი ახლა M240i-ზე გამოიყენება. წითელი მეტალიკი და ყავისფერი, სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

 ფასი:

  • 230i: $36,295
  • M240i: $46,795

მიუხედავად იმისა, რომ M240i 230i-ზე 10 000$-ით ძვირი ღირს, უკეთესი არჩევანი მაინც ისაა. მისი 3.0-ლიტრიანი 6 - ცილინდრიანი ძრავა მცირე ზომის მანქანისთვის დიდი ძალაა. ფასის გასამართლებლად მანქანა მეტი თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ვიდრე 230i. ჩვენც ამ სტატიაში ყურადღებას M240i-ზე გავამახვილებთ.

 

ძრავა და მართვადობა

მეორე სერიის BMW-ს ძრავის არჩევისას ვერ შეცდებით. ორივეს ძრავა ხელმისაწვდომია როგორც მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ასევე ავტომატურით. მექანიკური 6-სიჩქარიანია. ავტომატური - 8-სიჩქარიანი.

230i-ს ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც პედალზე ფეხის დაჭერისას მყისიერად რეაგირებს.

M240i კი სულ სხვა საქმეა. ის ელვასავით სწრაფია. 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა „რეაქტიულია“. 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 273კმ/სთ. 0-100კმ/სთ-ამდე 4.8 წამში ჩქარდება. საჭის მუშაობა ზუსტია. ამ მანქანით სიარული ქვაფენილზეც კი არ არის უხერხული. კარგად კონტროლირებადი დაკიდების სისტემა ყველა უსწორმასწორობას უმკლავდება და მგზავრებს იცავს. ადაპტირებადი დაკიდების სისტემა M240i-სთვის სტანდარტულია. ამ ყველაფერს ზაფხულის საბურავებიც ემატება, რაც მართვას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. რაც უფრო დიდხანს მართავ, მით უფრო გიყვარდება.

საწვავის ხარჯვა

ასეთი მძლავრი ძრავებით, გასაკვირი იქნებოდა, რომ ეს მანქანები ეკონომიური ყოფილიყო და მაჩვენებლებსაც ალბათ მაღალს ელოდებით. სინამდვილეში ეს მანქანები სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია. შერეულ რეჟიმი M240i დახლოებით 11.2 ლიტრ საწვავას მოიხმარს.

ექსტერიერი, ინტერიერი და კომფორტი

ექსტერიერის მცირე განახლებებზე უკვე ვისაუბრეთ. მანქანის გარეგნობა დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, ერთი შეხედვით, ის ხიბლი აკლია, რაც BMW-ს აქვს. შესაძლოა ეს ეს ახალი დისკების ბრალია. უფრო ლოგიკური კი ის იქნება, თუ ამას თანამედროვე მანქანების მინიმალისტურ სტილს მივაწერთ.

რამდენად დიდებულიც უნდა იყოს ამ მანქანის ძრავა, სალონზე იმავეს ვერ ვიტყვით. ეს ავტომობილი 4-ადგილიანია. თვითონ სალონის დიზაინი დამაკმაყოფილებელია და წინ ფეხისთვის სივრცეც საკმარისია. უკან კი ძალიან სივიწროეა. ინტერიერის დეტალები ხაზს ამ მანქანის სპორტულობას უსვამს, თუმცა მისი ფასისთვის ყველაფერი უბრალოდ მოგეჩვენებათ. მეორე სერიის ავტომობილებს ბარგისთვის საკმარისი ადგილი აქვს. უკანა სკამების დაკეცვა ტვირთისთვის ადგილს ვერ ამატებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სალონში ნივთებისთვისაც ძალიან მცირე ადგილია. ჭიქების ჩასადებიც საკმაოდ მოუხერხებელია, თუმცა ამ მანქანების მოყვარულთათვის ეს ასპექტები ნაკლებად საყურადღებოა.

 

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

საინფორმაციო-გასართობი სისტემა შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ. ეკრანი მცირე ზომისაა, თუმცა სისტემა კარგადაა ორგანიზებული. ასე რომ, მისი გამოყენება არ გაგიჭირდებათ. ოპერაციებს მბრუნავი ღილაკი ასრულებს. მხოლოდ ერთი USB პორტი არასაკმარისია. არჩევითი Premium პაკეტის შეძენის შემთხვევაში ნავიგაცია, საცობებზე ინფორმაცია და Apple CarPlay ემატება. Android Auto ხელმსისაწვდომი არაა.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

მეორე სერიის ავტომოვბილებს IIHS-სგან სოლიდური რეიტინგი აქვს, თუმცა NHTSA-ს ის ჯერ არ შეუფასებია. მანქანას უსაფრთხოების 6 ბალიში მოყვება. ყველა მოდელს მძღოლის დამხმარე სტანდარტული ფუნქციები აქვს. ძირითადი ფუნქციებია:

  • სტანდარტული წინა შეჯახებაზე გაფრთხილება ავტომატური დამუხრუჭების სისტემით;
  • სტანდარტული წინა და უკანა პარკირების სენსორი;
  • სტანდარტული ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება.

როგორც ხედავთ, მანქანას ძირითადი საჭირო დამხმარე ფუნქციები სტანდარტული აქვს და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვასაც კარგად შეძლებს.

 

შეჯამება

მეორე სერიის BMW არის ავტომობილი ნამდვილი ენთუზიასტებისთვის. მისი ძრავის სიძლიერე გაოცებას იწვევს. თუმცა, მათთვის, ვინც კომფორტს ეძებს ეს მანქანა კარგი არჩევანი ვერ იქნება. მართალია, მანქანას საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, მაგრამ, ყურადღება მართვადობაზეა გამახვილებული და არა სალონში კომფორტზე. ინტერიერი ამ მანქანის ძლიერ მხარედ ვერ ჩაითვლება, თუმცა მათთვის, ვინც ამ ავტომობილს შეიძენს, ინტერიერის დეტალები კი არა, ის ამაღელვებელი ემოციებია მნიშვნელოვანი, რასაც ეს მანქანა იწვევს.

 

მსგავსი სიახლეები