რომელს შეუძლია უკეთესი SUV-ის აწყობა: 2020 Mercedes-Benz GLC300 vs. 2019 BMW X3
Aa
Aa

რომელს შეუძლია უკეთესი SUV-ის აწყობა: 2020 Mercedes-Benz GLC300 vs. 2019 BMW X3

ეს ძვირადღირებული და პოპულარული სუვები თავისი ბრენდების გაყიდვების სიის სათავეში მოიქცნენ.

მთელ მსოფლიოში სუვების გაყიდვების ბუმია. უმეტესობა 4-კარიანი სედანების ნაცვლად იმავე კლასის 5-კარიანი სუვების საყიდლად მიემართებიან, რადგან უფრო სივრცული სალონი აქვთ, უკეთესი გამავლობა და ყოველდღიურ მოხმარებაში მეტად პრაქტიკულია. როდესაც საშუალო ზომის გერმანულ სედანებზე იწყებთ ფიქრს, ალბათ „მერსედესის“ C-კლასი და BMW-ს მე-3 სერია გახსენდებათ. გასაკვირიც არაა, რადგან XXI საუკუნის დასაწყისში ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. ბევრს გერმანიიდან საქართველოში ზუსტად ამ კლასის მოდელები გასაყიდად ჩამოჰყავდა, სანამ იაპონიის მარჯვენასაჭიანი იაფიანი მეორადი მანქანების ბაზარზე შემოსევა არ დაიწყო. ცუდი არც ეს არის, რადგან ქართველმა მომხმარებელმა ნახა, რა არის იაპონური ხარისხი და გერმანულ ანალოგებთან პარალელების გავლის საშუალება მიეცათ.

ეს ტყუილად არ ვახსენე. საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვით: რას შეიძენდით - იაპონურ სედანს, როგორებიც Toyota Corolla, Honda Civic და Mazda 3 არიან თუ იმავე ბრენდების შესაბამისი კლასის სუვებს, მაგალითად Toyota RAV4, Honda CR-V და Mazda CX5?

იაპონურ სუვებში ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებები და კომპლექტაციები არსებობს, მაგრამ ჩამოთვლილთაგან ყველა კომპაქტური სუვების კლასს მიეკუთვნება. მათთვის, ვისაც მეტი კომფორტი და ხარისხი უნდათ, ძვირადღირებული კომპაქტური სუვების კლასი არსებობს, რომელშიც ჩვენი დღევანდელი ნომინანტები შედიან.

2016 წლიდან GLC მოძველებული GLK-კლასი ჩაანაცვლა, რაც „მერსედესის“ სამოდელო რიგი უფრო მარტივად გასაგები გახადა. 2020 წლისთვის GLC-მ რიგი სერიოზული განახლებები მიიღო, რომელთაგან აღსანიშნია განახლებული დიზაინი და GLC300-ის ახალი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავა. BMW-ს შემთხვევაში X3-ის ბოლო განახლება 2018 წელს შედგა და მას შემდეგ რადიკალურად არაფერი შეცვლილა. „მერსედესის“ მსგავსად, X3 30i 2-ლიტრიანი მწკრიული განლაგების ტურბო ძრავით არის აღჭურვილი.

ფასი

გამარჯვებული: 2019 BMW X3 xDrive30i

Mercedes-Benz GLC300 და BMW X3 სუვების ფასი შესაბამისად 43 645$ და 45 495$-ს შეადგენს. ორივე ავტომობილის საბაზო კომპლექტაცია უკანაწამყვანია, ხოლო 2000$-ის დამატებით თქვენ უკვე 4Matic ან xDrive ოთხივეწამყვანი ვერსიების მფლობელი გახდებით. საინტერესოა ის, რომ ანალოგიურ კომპლექტაციებში ამ გერმანულ ბრენდებს შორის დაახლოებით 2000$ ფასის სხვაობაა, მსგავსი აღჭურვილობის მქონე უმაღლესი კომპლექტაციებიც რომ აირჩიოთ, BMW-ს ფასი, „მერსედესთან“ შედარებით ნაკლებია.

აჩქარება

გამარჯვებული: 2019 BMW X3 xDrive30i

მიუხედავად იმისა, რომ „მერსედესის“ საჯინიბეში ცხენების რაოდენობა მომრავლდა და 2-ლიტრიანი ტურბო-კომპრესორის მქონე ძრავა ახლა 255 ცხენისძალას აწარმოებს, BMW-ს 248-ცხენისძალიან ანალოგიურ ძრავას მუშაობაში ვერ შეედრება, რადგან მუშაობისას მეტ ვიბრაციას გამოსცემს.

GLC300 4Matic-ი 0-დან 100-მდე 5,4 წამში ჩქარდება, რაც 0,7 წამით სწრაფია, ვიდრე 79 კილოგრამით მძიმე X3 xDrive30i, მაგრამ ციფრები სიმართლეს არასდროს გაგიმხილავენ. მონაცემებით, „მერსედესი“ იგებს, მაგრამ როდესაც საქმე ქალაქში მოძრაობას ეხება X3 მეტად სასიამოვნო სამართავია და ამის დამსახურება BMW-ს ZF 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, რომელსაც „მერსედესის“ 9-სიჩქარიან ტრანსმისიასთან შედარებით სიჩქარეებში უფრო სხარტად გადააქვს.

საწვავის ხარჯი

გამარჯვებული: 2019 BMW X3 xDrive30i

მიუხედავად იმისა, რომ BMW უფრო მძიმეა და ქარხნულად უფრო განიერი 245მმ საბურავებით არის აღჭურვილი, „მერსედესის“ წვას ყველგან აჯობა. ქალაქში X3 100 კილომეტრზე 11-ს, ხოლო GLC 12 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თუ ეს მაჩვენებელი თქვენთვის დიდია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ოთხივეწამყავნი ვერსიების მაჩვენებლებია. ამ გერმანული სუვებს შორის საწვავის მოხმარების საგრძნობი სხვაობა ტრასაზე მოძრაობისას იკვეთება. „მერსედესის“ 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით არ მოტყუვდეთ, მაგისტრალზე საწვავის ხარჯზე ეს დადებითად არ აისახა. ყველა ფაქტორის მიუხედავად იგი 9,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მაშინ, როდესაც BMW-ს ტრასაზე მოძრაობისას 100 კილომეტრისთვის 7,6 ლიტრი დასჭირდება.

სიარული და მართვა

გამარჯვებული: ფრე

როდესაც ორივე ავტომობილს გაატარებთ, მიხვდებით, ეს სუვები რითი განსხვავდება. BMW უფრო ცოცხალი, სპორტული ავტომობილია, რომელიც მოსახვევს ძარის დიდი დახრის გარეშე გაივლის, ხოლო საჭე შედარებით მძიმედ ტრიალებს.

„მერსედესს“ რაც შეეხება, მას „თავადური საქციელი“ ახასიათებს, უფრო რბილი დაკიდების სისტემა აქვს, მძღოლის ავტომობილის მართვის მექანიზმებთან ურთიერთობა ავტომობილის ქცევაში ცოტა დაგვიანევით აისახება. ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ, რომ ავტომობილს არსად ეჩქარება და მძღოლს ამცნობებს, რომ სწრაფი სიარული მას არ უხდება.

ამ კრიტერიუმში ფრე უნდა გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ BMW-ს ან Mercedes-ის ავტომობილის დინამიკის მოწონება, გემოვნების ამბავია, ზოგს X3-ის სპორტულობა და სიხისტე, ზოგს კი GLC-ს სირბილე და სიმშვიდე ურჩევნია.

ორივე ავტომწარმოებელი თავისი ბრენდის დამახასიათებელ თვისებებს არ ღალატობს და ამ სუვებში მათი ოთხკარიანი სედანების ანალოგებთან მსგავსება ნამდვილად იკვეთება.

საბარგულის ტევადობა

გამარჯვებული: 2020 Mercedes-Benz GLC300 4Matic

სუვების პრაქტიკულობა მათი პოპულარობის საწინდარია და საბარგულის ტევადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ყიდვისას მომხმარებელმა ყურადღება შეიძლება მიაქციოს. GLC-ს და X3-ის საბარგულების ტევადობას შორის დიდი სხვაობა არაა, მაგრამ რატომღაც „მერსედესი“ ერთი სამგზავრო ჩანთით მეტს დაიტევს, მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს საბარგულის მოცულობა რამდენიმე ლიტრით მეტია.

ინტერიერი

გამარჯვებული: 2020 Mercedes-Benz GLC300 4Matic

ორივე ავტომობილის სალონში მძღოლი, ოთხ მგზავრთან ერთად, საკმაოდ კარგ დროს გაატარებენ, რადგან ორივე ინტერიერი სასიამოვნოა, საკმაოდ სივრცული, კარგი მასალებისგან და ხარისხიანად აწყობილია. სავარძლების კომფორტი ფაქტობრივად იდენტურია.

ამ გამარჯვებას „მერსედესს“ მივანიჭებთ, იმიტომ რომ ხის პანელები, მაჩვენებელთა დაფის სტილი და დამუშავებული ღილაკები მეტად ძვირადღირებული ავტომობილის შეგრძნებას გიტოვებთ.

ინფორმაციულ-გასართობი სისტემა

გამარჯვებული: 2019 BMW X3 xDrive30i

2020 წლის GLC300-ის განახლებებს შორის ახალი MBUX ინფორმაციულ-გასართობი სისტემა არის, რომელიც სენსორულ ეკრანსა და ცენტრალურ კონსოლში მოთავსებულ ტაჩპადს მოიცავს. ეკრანებზე გამოსახულება ხარისხიანია და ინფორმაციის გარჩევას მზის სხივებიც ხელს ვერ შეუშლის.

„მერსედესის“ ინფორმაციულ-გასართობი სისტემა რაც არ უნდა თანამედროვედ და საინტერესოდ გამოიყურებდეს, ფიზიკურ ღილაკებს, რომლებსაც BMW X3-ის iDrive ინფორმაციულ-გასართობი სისტემა გვთავაზობს, ვერაფერი აჯობებს. სისტემის მართვა უფრო მარტივია, ინტუიტიურია და შესაბამისად გზისგან არ მოგაცდენთ.

გამარჯვებული

2019 BMW X3 xDrive30i

ამ ტესტში გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ რთული იყო, ძალიან თანაბარი და ერთმანეთის მიმართ კონკურენტუნარიანი ავტომობილებია, განსხვავება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მცირე იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც 2019 წლის BMW X3 xDrive30i ვამჯობინეთ. ამის მიზეზი ყოველდღიური მოხმარების ასპექტებია: iDrive ინფორმაციულ-გასართობი სისტემა და მისი ღილაკებით მართვა, უფრო რბილად და თანაბრად მომუშავე ძრავა, ქალაქში მეტად დინამიური სიარული და სულ ბოლოს ფასი. პრაგმატულად რომ შევხედოთ, „მერსედესის“ მეტი ცხენისძალა და 100-მდე აჩქარების უკეთესი დრო ქალაქის პირობებში არც თუ ისე მნიშვნელოვანია და X3 ყოველდღიური მოხმარებისთვის მეტად მორგებულია. 

ავტორი: გერმან ბუხალცევი

 

მსგავსი სიახლეები