ყველაზე უცნაური საჭის დიზაინები რაც ოდესმე შექმნილა
საჭის დიზაინის შექმნა პირველი ავტომობილების აწყობიდან, მე-19 საუკუნეში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საჭეები უფრო მეტად კომპლექსური ღილაკებმა და სხვადასხვა ფუნქციონალებმა აქცია, ზოგადი იდეა იგივე დარჩა.
თუმცა, წლების განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მწარმოებლებს ახალი ტიპის საჭის გამოგონება სურდათ. ქვემოთ კი სწორედ ასეთი მცდელობების ყველაზე საინტერესო მაგალითებს წარმოგიდგენთ.
Citroen ID19 (1959)
ფრანგული კომპანია, დიზაინერული კუთხით, ჩარჩოებს მიღმა მიდგომებით სულ გამოირჩეოდა. წლების განმავლობაში „სიტროენმა“ ერთქიმიანი საჭის რამდენიმე მაგალითი გვაჩვენა, თუმცა სურათზე ნაჩვენები მოდელი მართლაც განსაკუთრებული და ავანგარდულია.
Ford Wrist Twist (1965)
გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლები ის პერიოდი გახლდათ, როდესაც მწარმოებლები უცნაური დიზაინის შექმნას არ ერიდებოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დიზაინის მქონე მანქანა Ford Wrist Twist-ი გახლდათ. აქ ავტომობილი შეხებით იმართებოდა. ყველაფერი ელექტრონულად მუშაობდა, რაც თეორიულად გამარტივებულ მანევრს გულისხმობდა, თუმცა ფაქტია, რომ სერიულ წარმოებად ის ვერ დამკვიდრდა.
Lamborghini Athon (1980)
ამ კონკრეტული საჭით ჩვენც დაინტრიგებული ვართ, რადგან ვერ ვხედავთ როგორ მუშაობს ის. ვიცით, რომ საჭე კოკპიტზეა მიმაგრებული, მაგრამ საინტერესოა რის ირგვლივ ტრიალებს, როდესაც მილისი არ ჩანს. Athon-ი კონცეპტუალური ავტომობილი იყო და შესაძლოა ამ საჭეს არც უნდა ემუშავა.
Italdesign Orca (1982)
ალბათ პირველივე შეხედვით ხვდებით, რომ Italdesign Orca 1980-იანი წლების შვილია. მას ციფრული მონიტორი და საჭეზე უამრავი ღილაკი აქვს. ზოგჯერ ჩვენ თანამედროვე ავტომობილებში გადატვირთული კოკპიტი არ მოგვწონს, თუმცა ასეთი დამაბნეველი სალონის დიზაინის გახსენება ნამდვილად გაგვიჭირდება.
Mazda MX-03 (1985)
ეს შუა 80-იანების კონცეპტუალური ავტომობილი თავისი ციფრული მაჩვენებელთა დაფითა და „საჭით“ საბრძოლო თვითმფრინავს მოგვაგონებს. საინტერესოა ეყოფა თუ არა გამბედაობა რომელიმე ავტომწარმოებელს, რომ მომვალში ასეთი დიზაინის საჭე შემოგვთავაზოს.
Oldsmobile Incas (1986)
შესაძლოა სიაში 1980-იანი წლების კონცეპტუალური ავტომობილის ეს რაოდენობა არ უნდა იყოს, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ისინი განსაცვიფრებელნი არიან. ჩვენი აზრით, Oldsmobile Incas-ს საჭე F15-ისთვის დაამზადეს, შემდეგ კი, როგორღაც ავტომობილში მოხვდა.
Maserati Boomerang (1971)
ქართველებს გვიყვარს ერთი ასეთი შეკითხვა - "რას ეწევით ასეთს?" - და ალბათ, ამ საჭის დანახვისას ბევრი თქვენგანი გულში სწორედ ამას გაიფიქრებს. ჩვენი აზრით, ამ საჭეს ესთეტიკურობა არ გააჩნია, ხოლო მის შიგნით ფუნქციონალები უფრო არაესთეტიკურადაა განაწილებული. კარგად დააკვირდით მაშუქებისა და საქარე მინის საწმენდის ბერკეტებს. როგორ წარმოგიდგენიათ მათ ოპერირება?
Mercedes F200 (1996)
მაშინ, როდესაც Mercedes F200 გამოვიდა, Saab 9000 Prometheus-ის პროექტი უკვე დაკონსერვებული იყო, მაგრამ Mercedes-სთვის, იმავე იდეის განსახორციელებლად, ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. რა თქმა უნდა F200-ის დიზაინიც ვერ დამკვიდრდა, თუმცა სრული სიგანის ციფრული მონიტორის ხილვა მართლაც შთამბეჭდავი იყო.
BMW Z22 (1999)
BMW-მ Rover Group-ი 1994 წელს შეიძინა და ხუთი წლის შემდეგ Z22 კონცეპტი ვიხილეთ. Rover-ის კატალოგის ნაწილი კი Austin Allegro იყო. დამთხვევა? ვფიქრობთ, რომ არა. Z22-ის თითქმის ოთხკუთხედი საჭე ამ ყველაფერს გვაფიქრებინებს. ამ უკანასკნელს საკმაოდ ბევრი ღილაკი, ფუტურისტული ვიზუალი და განუმეორებელი შეგრძნება
ჰქონდა.
Saab 9000 Prometheus (1993)
Saab-ი ჩარჩოს მიღმა ფიქრის უნარით მუდმივად გამოირჩეოდა. მწარმოებელი მუდმივად ცდილობდა, რომ თავისი ავტომობილები გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიემსგავსებნა. ეს საჭეც, სავარაუდოდ, ამ იდეის ქვეშ შეიქმნა. Saab-მა გადაწყვიტა, რომ საჭის რგოლური დიზაინი მოძველებული იყო და ის "ჯოისტიკით" შეცვალა. საბოლოო ჯამში ამ ინოვაციას მოუხერხებლობა ახასიათებდა, რის გამოც მასობრივი დამკვიდრება ვერ ჰპოვა.
Spyker C8 Spyder (2000)
Spyker C8 საავტომობილო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დიზაინის ავტომობილი იყო. C8-ს მოდელების ნაწილს ჩვეულებრივი, ხოლო მეორე ნაწილს ალუმინისგან დამზადებული და საოცარი ხარისხის მქონე საჭე ამშვენებდა.
Pagani Zonda R (2009)
მულტიფუნქციური საჭეები ახალი არ არის, განსაკუთრებით ავტოსპორტის სამყაროში. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ტრეკისთვის შექმნილ Pagani Zonda R-ს საჭე მაინც გამორჩეულია. მას შუაში ტაქომეტრი აქვს განთავსებული. სამწუხაროდ, ვერ გაგვირკვევია ეს საოცრად გენიალური იდეა თუ უბრალოდ არაპრაქტიკული სიგიჟეა.