Model S-ის ახალი კონკურენტი: 600-ცხენისძალიანი Mercedes-AMG EQS
ამბობენ, რომ ეს AMG S63-ის ელექტროძრავიანი ექვივალენტი იქნება.
„მერსედესს“ EQS-ის წარმოებაში ჩასაშვები ვერსია არ წარუდგენია, თუმცა ინტერნეტში EQS-ის კომუფლიაჟიანი პროტოტიპის სურათები გავრცელდა და ჭორების დონეზე ცნობილია, რომ ახალი EQS ბენზინზე მომუშავე AMG-ის ანალოგზე უფრო სწრაფი იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ „მერსედესის“ ფლაგმანურ ელექტრომობილს Tesla Model S-ის თითოეული კომპლექტაციის შესაბამის ვერსიას შეუქმნიან, მაგრამ „ტესლას“ ყველა მონაცემით უნდა აჯობოს.
როგორც კომპანიის ჩვეულებრივი EQS-ები, რომლებიც Benz-ის სახელს ატარებს, AMG ვერსიებიც „მერსედესის“ ელექტრომობილების ახალ პლატფორმაზე შემუშავებული იქნება და დაახლოებით ბოლო CLS-ის ზომების იქნება.
EQS 550 4Matic Mercedes-Benz-ის მარკით იწარმოება და 470 ცხენის ძალა და 759 ნმ მაბრუნი მომენტი ექნება, მაშინ როდესაც Mercedes-AMG EQS 600-ზე მეტ ცხენის ძალას და 900 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. ეს მაჩვენებელი ორი დიდი ელექტროძრავით იქნება განპირობებული და ოთხივე წამყვან თვალს შორის სრულიად ახალი სისტემით გადანაწილდება.
ელექტროძრავიანი AMG EQS 0-დან 100კმ/სთ-მდე 4 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება და მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 250 კმ/სთ-მდეა შეზღუდული. 100 კილოვატ საათში ტევადობის ბატარეები ავტომობილს 650-ზე მეტი კილომეტრის მანძილის გავლის საშუალებას აძლევს და 350 კილოვატიანი სწრაფი დატენვით 80%-მდე სულ რაღაც 20 წუთში ადის.
EQS-ის გამოშვებას რაც შეეხება, ლოგიკური იქნება, რომ მისი გამოშვება შემდეგი თაობის S-კლასის გამოშვების მომდევნო წელს მოხდება, ახალი თაობის S-კლასს კი წელს მოგვიანებით ვიხილავთ. „მერსედესის“ ელექტრომობილების მოდელებს დიდი რაოდენობით 2022 წლამდე არ ვიხილავთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ყველა კლასის ბენზინზე მომუშავე მოდელების სრულიად ელექტრო ანალოგები გამოჩნდება. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამტკიცებს, რომ EQE სედანის და EQG-ის (ელექტრო G-კლასის უფრო სწრაფი ვერსიის) პროექტები უკვე დამტკიცებულია.