ცხელთავიანი კოლუმბიელი: ადამიანი, რომელმაც ავტომოყვარულებს თავი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშეც დაამახსოვრა. ფორმულა 1, ინდი 500, ნასკარი, დაიტონას 24 საათი... ეს იმ რბოლების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ხუან პაბლო მონტოია მონაწილეობდა.
ტრასის გარეთ, მან გულშემატკივრებს თავი პირდაპირობით შეაყვარა. ხასიათით მისი შედარება მხოლოდ კიმი რაიკონენთან შეიძლება, თუმცა მონტოია ფინელივით სიტყვაძუნწი არ არის. თავის აზრს ყოველთვის თამამად აფიქსირებს და არ ერიდება კრიტიკას.
მაშ ასე, როგორ მოახერხა კოლუმბიელმა ბიჭუნამ ავტოსამყაროში სახელის მოხვეჭა? ამას დღეს ჩვენ მოგიყვებით.
ხუან პაბლო მონტოია 1975 წლის 20 სექტემბერს ბოგოტაში, კოლუმბიაში დაიბადა. ავტომობილების მიმართ სიყვარული მამამ, პაბლო მონტოიამ გაუღვიძა, რომელიც არქიტექტორი და ავტოსპორტის ენთუზიასტი იყო. მისი პირველი სარბოლო ავტომობილი კარტი იყო.
„არ მახსოვს, როგორი იყო პირველი პირველი გამარჯვება, მაგრამ მახსოვს, როგორ წავაგე პირველად. საშინელება იყო. ეს იყო კარტინგებში და მე 6 წლის ვიყავი“. - იხსენებს ხუან პაბლო მონტოია.
მონტოია რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო რბოლაში მონაწილეობდა, სადაც თავის შესაძლებლობებს საუკეთესოდ აჩვენებდა. შემდეგ კი ფორმულა 3000-ში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა.
1997 RSM Marko-ს გუნდში მოხვდა, რომელიც ფორმულა 3000-ის საერთაშორისო რბოლებში მონაწილეობდა. მონტოიამ სამი გამარჯვება და სამი პოლ პოზიცია მოიპოვა. საერთო ჯამში კი მეორე ადგილზე გავიდა. სწორედ მაშინ შენიშნა უილიამსმა ახალგაზრდა კოლუმბიელის დიდი ნიჭი. მონტოია ტესტირებებზე, ბარსელონაში დაპატიჟეს. მან საუკეთესო შედეგი აჩვენა. ის მაქს უილსონთან ერთად, WilliamsF1-ის სატესტო პილოტად აიყვანეს.
სატესტო პილოტის მოვალეობასთან ერთად, 1998 წელს F3000-ში რბოლას აგრძელებდა, რომელშიც რამდენიმე რეკორდი მოხსნა. მან პირველ ოთხ რბოლაში პოლ პოზიცია მოიპოვა. ასევე, ის გახდა პირველი პილოტი, რომელმაც ყველა სხვა პილოტი მთელ წრეზე ჩამოიტოვა. მან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში McLaren-ის პილოტი ნიკ ჰაიდფელდი დაამარცხა. სეზონი პირველი ადგილით დაასრულა.
1999 წელს ფრენკ უილიამსი იძულებული გახდა, რომ კონტრაქტი CART-თან გაეფორმებინა. შეთანხმების თანახმად, ფორმულა 1-ში ალესანდრო ძანარდი უნდა დაბრუნებულიყო. ამერიკულ სერიებში კი მისი ადგილი მონტოიას უნდა დაეკავებინა.
ძანარდის ფორმულა 1-ში წარუმატებელი წელი ჰქონდა. მონტოიამ კი ამერიკული სერიები შტურმით აიღო. კოლუმბიელი გახდა CART FedEx Championship Series Champion-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი 24 წლის ასაკში.
მონტოია და მისი გუნდელი ჯიმი ვასერი იყვნენ CART-ის გუნდის პირველი პილოტები, რომლებიც 1996 წლის შემდეგ ინდი 500-ში იღებდნენ მონაწილეობას. მონტოიამ პირველივე ცდაზე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ის იყო ფორმულა 1-ს პირველი პილოტი გრემ ჰილის შემდეგ, რომელმაც 1966 წელს გაიმარჯვა და ასევე პირველი კოლუმბიელი პილოტი, რომელმაც ამ რბოლებში გაიმარჯვა.
მისი შრომა დაფასდა და 2000 წელს კოლუმბიელი ფორმულა 1-ის გუნდში მოხვდა. ამერიკის გრან პრიზე Williams-BMW-მ განაცხადა, რომ 2021 წლიდან მონტოია რალფ შუმახერის გუნდელი იქნებოდა. პირველი სეზონი მისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა. თუმცა, მისი უნარები შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. შუმახერთან მისი პაექრობა სანახაობრივი იყო. ასე იხსენებს კოლუმბიელი 2001 წელს ინტერლაგოსზე რბოლას:
„კარგი გასწრება იყო. ტელევიზიისთვისაც კარგად გამოიყურებოდა. გავერთეთ. კარგი ბოლიდი გვყავდა. BMW-ს ძალიან ძლიერი ძრავა ჰქონდა. დამუხრუჭების ზონაში ვიყავი. ბევრჯერ ვცადე გასწრება. ვიცოდი, რომ ადრე დაამუხრუჭებდა. ასეც მოხდა. სულ უფრო ვუახლოვდებოდი. ვფიქრობდი, გთხოვ, ადრე დაამუხრუჭე... გთხოვ, ადრე დაამუხრუჭე და მან დაამუხრუჭა“.
2002 წლის სეზონში კი „ფერარი“ ისევ დაუმარცხებელი იყო. შუმახერმა და ბარიკელომ 17 რბოლიდან 15 მოიგეს. მესამე ადგილი კი მონტოიამ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდელისგან განსხვავებით, რბოლა არ მოუგია, მისი დაპირისპირება შუმახერთან ისევ საინტერესო სანახავი იყო. იმ სეზონში კოლუმბიელმა 7 პოლ პოზიცია მოიპოვა! იტალიის გრან პრის კვალიფიკაციაზე, მონცაზე ყველაზე სწრაფი საშუალო სიჩქარე 259,83კმ/სთ დააფიქსირა.
2003 წელს კოლუმბიელი ტიტულისთვის იბრძოდა. გერმანიის გრან პრიზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, Williams-BMW-მ ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო. „ფერარის“ განახლებებმა და საბურავების რეგულაციების ცვლილებამ კოლუმბიელს ხელი შეუშალა. გუნდს დისკვალიფიკაციის თავიდან ასარიდებლად ბოლიდისთვის ახალი დიზაინის შექმნა მოუხდა. ამერიკის გრან პრიზე ბარიკელოსთან შეჯახებისთვის მიღებულმა ჯარიმამ მისთვის ჩემპიონობაზე ოცნება დაასრულა. 2003 წელს მონტოია კვლავ მესამე ადგილს დასჯერდა.
შემდეგი წელი კი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი ურთიერთობა გუნდთან ძალიან დაიძაბა. პილოტმაც და გუნდმაც იცოდა, რომ შემდეგი სეზონიდან კოლუმბიელი „მაკლარენის“ გუნდში გადადიოდა. „უილიამსს“ კი იმ სეზონში ტემპი აკლდა. გუნდის ორივე პილოტს ქულების ზონაში მოხვედრა უჭირდა. შუმახერთან კოლუმბიელის დაპირისპირება იმ სეზონშიც საინტერესო სანახავი იყო. სან მარინოს გრან პრიზე შეჯახების შემდეგ, შუმახერმა თქვა, რომ მონტოიას ბოლიდს იქ არ ელოდა და ვერ დაინახა.
„რა თქმა უნდა, ვერ დამინახა. ბრმა ან სულელი უნდა იყო, რომ ვერ დამინახო, მაგრამ არ ვიცი. რბოლა ასეთია“. - უპასუხა უემოციოდ მონტოიამ.
Williams-BMW-ს გუნდში მონტოიას ბოლო გამარჯვება 2004 წლის ბრაზილიის გრან პრი იყო, „მაკლარენის“ გუნდში კი მას კიმი რაიკონენი ელოდა.
როგორც ჩანს, პოპულარობა მასაც კიმივით აღიზიანებდა:
„ხშირად მესმის, გადაიღებ ფოტოს ჩემს შვილთან ერთად? ხელში აიყვან ჩემს შვილს? არ მინდა შენი შვილის ხელში აყვანა! ჩემს შვილს ავიყვან! არ მიყვარს სხვისი ბავშვის ხელში აყვანა! სერიოზულად! არასდროს იცი რა მოხდება. ძალიან უხერხული მდგომარეობა, მე კი ყოველთვის ვპასუხობ „არა, მაპატიეთ“. - ამბობდა მონტოია.
კოლუმბიელს ხშირად მისი ფიზიკურად სუსტი მდგომარეობის გამო აკრიტიკებდნენ. მან „მაკლარენის“ გუნდის მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშის პროგრამა დაიწყო, თუმცა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, როცა მალაიზიის გრან პრის შემდეგ, ტენისის თამაშის დროს მხარი დაიზიანა. საინტერესოა, რომ ამ ტრავმის შესახებ განსხვავებული ხმები დადიოდა. ედრიან ნიუი ამტკიცებდა, რომ მონტოიამ კოჭი მოიტეხა და არა მხარი. მონტოიას ბოლიდის მართვადობა კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე „უილიამსის“ გუნდში. ის პრაქტიკის დროს რამდენჯერმე დაბზრიალდა. დისკვალიფიკაციების, ჯარიმების და სხვა უიღბლობების შემდეგ, მონტოიამ ბრიტანეთის გრან პრიზე „მაკლარენში“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 7 რბოლაში მან 3 გამარჯვება, 5 პოდიუმი და 2 პოლ პოზიცია დაიკავა. საერთო ჩათვლაში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.
2006 წლის სეზონი მონტოისთვის ცუდი ახალი ამბით დაიწყო. მან შეიტყო, რომ „მაკლარენმა“ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს კონტრაქტი გაუფორმა. კიმი რაიკონენი თავისუფალი აგენტი იყო, თუმცა, გუნდი მონტოიაზე მაინც არ აჩერებდა არჩევანს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ფინელი პილოტი 2007 წლიდან „ფერარის“ ბოლიდით იასპარეზებდა.
ეს სეზონიც ავარიებით და უიღბლობით სავსე იყო. მონტოიამ არც თუ ისე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან NASCAR-ის გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რაც მისი ფორმულა 1-ის კარიერის დასასრულს ნიშნავდა. „მაკლარენის“ გუნდმა კი მას სეზონის ნაადრევად დასრულება შესთავაზა. წლების შემდეგ კი მონტოია კითხვაზე გული წყდება თუ არა მის გადაწყვეტილებაზე ასე პასუხობს:
„არა. ერთი წუთითაც არ მინანია. კარგი იქნებოდა, რომ ის სეზონი დამესრულებინა, ახალი დაკიდების სისტემა გვქონდა, რომელიც მე განვავითარე და მერეც დიდ ხანს გამოიყენებოდა. ვფიქრობ, უკეთეს შედეგებს ვაჩვენებდით, მაგრამ ... ყველაფერს აქვს თავისი „მაგრამ“. არა... ნამდვილად არა“.
2006-2014 წლებში მონტოია NASCAR-ის რბოლებში მონაწილეობდა და არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, იყო იმედგაცრუებაც. დაიტონა 500-ის დროს ნასკარის ისტორიაში ყველაზე უცნაური ავარია მოხდა, რომელშიც ხუან პაბლო მონტოია მონაწილეობდა. მისი ავტომობილი ტრასის საშრობ სატვირთოს დაეჯახა. სატვირთოს საწვავის ავზი დაზიანდა და ხანძარი ყველაფერს სწრაფად მოედო. სატვირთოს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მას სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებოდა. უვნებელი გადარჩა კოლუმბიელი პილოტიც, თუმცა, მისი ავარიის გამო რბოლა თითქმის ორი საათით შეჩერდა.
„ავტომობილს უცნაური ვიბრაცია ჰქონდა. რამდენჯერაც აქსელერატორს ფეხი დავადგი, იმდენჯერ უცნაური ვიბრაცია ვიგრძენი“. - თქვა მან ავარიის შესახებ, რომლის დროსაც მის ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და საშიში ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
2014 წლიდან კი ინდიქარში გადაინაცვლა. საუკეთესო შედეგი 2015 წელს - მეორე პოზიცია დააფიქსირა. 2016 წლიდან კი IMSA სერიებში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობს.
ფორმულა 1-ში კი კვლავაც აქტიურად ჩართულია და თანამედროვე პილოტების მიმართ კრიტიკულობით გამოირჩევა:
- რომელმა მრბოლელმა გამოცადა თქვენი შესაძლებლობები?
- ყველამ. ძალიან ბევრი ვისწავლე, როცა რალფთან ერთად ვატარებდი. ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ევროპელი პილოტები მენტალურად ძალიან სუსტები არიან. თავში ადვილად ჩაუძვრები. დღესაც იგივე ხდება. როცა ყველაფერი ისეა, როგორც მათ სურთ, ძალიან ძლიერები არიან. მაგალითად, როცა ლუისი იგებს, შეუჩერებელია, მაგრამ თუ რამე ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს, ემოციური ვარდნა აქვს. ბოლიდები სიძლიერით უფრო ახლოს რომ იყოს ერთმანეთთან, ვნახავდით, როგორ იგებენ სხვა პილოტებიც.
განსხვავებული აზრი აქვს მის მთავარ კონკურენტზე, მიხაელ შუმახერზე:
„მიხაელი იმ ცოტა პილოტთაგანია, რომლებიც ნამდვილად ძლიერები იყვნენ. თავში მასაც ჩაუძვრებოდი, მაგრამ ის ნამდვილად ძლიერი იყო. მეორე მხრივ, რალფი სხვა საქმეა. მისი დამარცხება თითქმის შეუძლებელი იყო. ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტეები. უბრალოდ ამ სისუსტეებს პოვნა სჭირდება“.
ხუან პაბლო მონტოია თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტია, რომელმაც მოხსნა რეკორდები, მოიგო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული რბოლები, იყო ყველაზე ცნობილი გუნდების პილოტი და მონაწილეობდა ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში. მიუხედავად ფორმულა 1-ში ხანმოკლე კარიერისა და ავტოსპორტის სხვა სახეობებში უფრო დიდი წარმატებებისა, მას მსოფლიოში მაინც ფორმულა 1-ის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად იცნობენ. მას ყველა დროის საუკეთესო პილოტებთან დაპირისპირება უწევდა და არაერთხელ გაუმარჯვია კიდეც. რომ არა მისი უიღბლობა, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულითაც ვიხილავდით. მისმა სიჯიუტემ, გამბედაობამ, გამჭრიახობამ, პირდაპირობამ, ამ სპორტის მოყვარულების გულები სამუდამოდ მოიგო. ყველა ამ თვისებით, ხუან პაბლო მონტოია ისეთი პილოტია, როგორიც დღეს ფორმულა 1-ის სამყაროს ძალიან აკლია.