საბეჭდი მანქანებიდან BMW-მდე: Alpina-ს ისტორია
Aa Aa

საბეჭდი მანქანებიდან BMW-მდე: Alpina-ს ისტორია

მსოფლიოში ბევრი ტიუნინგ ატელიე არსებობს. თუმცა, Alpina ყველასგან გამორჩეულია. მისი ისტორია 1962 წელს დაიწყო, როცა ინჟინერიის სტუდენტმა ბურკარდ ბოვენზიპენმა Weber-ის ორმაგი კარბიურატორი BMW 1500-ში ჩასვა. კარბიურატორის სისტემა მამამისის ქარხანაში იყო აწყობილი. ამ ნაწილმა ავტომობილის შესაძლებლობები იმდენად შეცვალა, რომ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა.

„ავტომობილებით ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი. არასდროს მქონია სურვილი ჩემი მშობლების საბეჭდი მანქანების ბიზნესი გამეგრძელებინა. მამაჩემი დავარწმუნე, რომ ქარხნის პატარა ნაწილი ჩემთვის დაეთმო და ჩემი პირველი BMW 1500 ავაწყე. მასში მხოლოდ ერთი, Solex-ის პატარა კარბიურატორი იდო, მე კი Weber-ის ორმაგი კარბიურატორი დავუმატე. 0-100კმ/სთ-მდე 13 წამში აღწევდა, რაც 3 წამით უფრო სწრაფი იყო, ვიდრე საბაზისო მოდელის მაჩვენებელი“. - იხსენებს ბოვენზიპენი.

Alpina თავდაპირველად საბეჭდი მანქანების მწარმოებელი იყო. შემდეგ ტექსტილის წარმოებაში გადასვლა სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. ბურკარდ ბოვენზიპენის ქმნილებები კი იმ დროინდელი ავტოჟურნალისტების ყურადღებას იპყრობდა და, რაც მთავარია, BMW-ს ყურადღებაც მიიპყრო.

BMW-ს გაყიდვების ხელმძღვანელი პოლ ჰანემანი ბურკარდის ნამუშევრებით დაინტერესდა. საბოლოოდ, კი ბავარიულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ Alpina-ს გაუმჯობესებული BMW-ებისთვის ქარხნული გარანტია მიეცა. ასე დაარსდა 1965 წელს Alpina Burkard Bovensiepen KG კომპანია ბავარიულ ქალაქ კაუფოირენში. იმ დროისთვის კომპანიას მხოლოდ 8 თანამშრომელი ჰყავდა.

სამი წლის შემდეგ Alpina რბოლებზე გამოჩნდა. 1968-1973 წლებში ტუნინგ ატელიეს ავტოსპორტში შესანიშნავი მიღწევები ჰქონდა. მისი ავტომობილების საჭესთან ისხდნენ დერეკ ბელი, ჰერალდ ერტლი, ჯეიმს ჰანტი, ჯეკი იკიქსი, ნიკი ლაუდა და ჰანს შტუკი. 1970 წელს კი Alpina-მ ევროპული ტურინგ ქარების ჩემპიონატი, სპას 24 საათი და სხვა გერმანული შეჯიბრებები მოიგო.

BMW-სთან კავშირები 1970-იან წლებში გამყარდა. ავტომწარმოებელმა ატელიეს მსუბუქწონიანი 3.0CS-ის აწყობა სთხოვა და ასე შეიქმნა 3.0 CSL. Alpina-ს ვერსია 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 100კმ/სთ-მდე 6.7 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 243კმ/სთ. ეს ნაჭედი დგუშებით, Weber-ის სამი კარბიურატორით, ახალი მანაწილებელი ლილვით და მაყუჩის მილით შეძლეს.

Alpin 1973 წელს საწვავის კრიზისს თანამშრომლების დანაკარგის გარეშე გადაურჩა. 1975 წელს ის BMW-ს დილერებს გერმანიაში საკუთარი ქსელის შესაქმნელად დაუკავშირდა. დაუკავშირდა იმპორტიორებს ინგლისსა და შვეიცარიაში, მოგვიანებით კი იაპონიაში.

1978 წელს Alpina-მ სამი ავტომობილი B6, B7 Turbo და B7 Turbo Coupe წარმოადგინა. ამ ავტომობილებს ინოვაციური, სრულიად ელექტრონული, კომპიუტერიზირებული წვის სისტემა ჰქონდა. 1985 წელს გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ Alpina ავტომწარმოებლად ცნო.

როგორც ჟურნალისტი და მრბოლელი პოლ ფრერე BMW Alpina B10 BiTurbo-ზე ამბობდა, რომ Alpina-მ 535i-თ დაიწყო, მაღალი შესაძლებლობების კიბეზე ავიდა და ძრავა ბოლომდე გაანადგურა იმისთვის, რომ თავიდან აეწყო.

და მაინც... რა იყო ასეთი შთამბეჭდავი? 360 ცხენის ძალა და 6 000 ბრუნი წუთში. კიდევ უფრო გიჟური ისაა, რომ მაბრუნი მომენტის 90% 2500 ბრუნის შემდეგ იხსნებოდა. ამის გამო სტანდარტული გადაცემათა კოლოფის ჩანაცვლება მოუხდათ. Getrag-ის 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და მაღალფრიქციული გადაბმულობა გამოიყენეს.

რაც Alpina-ს სხვა ატელიეებისგან განასხვავებდა იყო მათი ყურადღება არამხოლოდ ძრავაზე, არამედ სხვა ნაწილებზეც.

„იმ დროს სხვა ატელიეები მხოლოდ უფრო ძლიერ ძრავაზე ზრუნავდნენ. სხვა ნაწილები ძრავასთან ჰარმონიაშია არ იყო. Alpina-ს შემთხვევაში ყოველთვის სრული პაკეტი იყო. ჩვენ ავტომობილებს ისე ვაწყობდით რომ ერთდროულად ყოფილიყო ყოველდღიურობისთვის გამოსადეგი და უიქენდის სპორტული ავტომობილი“. - ამბობს ბოვენზიპენი. BMW Alpina B10 BiTurbo ამის საუკეთესო მაგალითი იყო.

1990 წელს Alpina-ს 120 თანამშრომელი ჰყავდა. ინოვაციები ჯერ კიდევ წინ იყო. 1994 წელს კომპანიამ გადაბმულობის ელექტრონული სისტემის კონტროლი განავითარეს. 1993 წელს კი Switch-tronic-ი შექმნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლს სიჩქარეების გადართვა საჭის უკან მოთავსებული ღილაკებიდან შეეძლო. 1995 წელს კი BMW-სთან ერთად ელექტრონულად გათბობადი მეტალის კატალიზატორი წარმოადგინეს.

1999 წელს ჟენევის ავტოშოუზე Alpina D10 BiTurbo-ს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დიზელის სალონის დებიუტი შედგა, 2002 წელს კი BMW Z8-ზე დაფუძნებული V8 ძრავიანი როდსტერი გამოუშვეს. დროისთვის ფეხის ასაწყობად, XD3, კომპანიის პირველი სუვი ააწყეს. მან გზა S და XB7 მოდელებს გაუკვალა.

Alpina-ს 50 წელზე მეტ ისტორიას რომ გადავხედოთ, მისი შეფასება ერთი სიტყვით შეიძლება: თანმიმდევრულობა. კომპანია ეპოქას ყოველთვის ფეხს უწყობდა და იმ სიცარიელეებს ავსებდა, რასაც BMW განზრახ ან უნებლიეთ ტოვებდა ხოლმე.  

დღეს, Alpina წელიწადში დაახლოებით 1 700 ავტომობილს უშვებს. როგორია? თანაც ერთი ბიჭისთვის, რომელსაც თავისთვის მხოლოდ უფრო სწრაფი BMW უნდოდა. 

გაზიარება: