Top 10 დიდძრავიანი ავტომობილი
თანამედროვე სამყარო ჰიბრიდული ტექნოლოგიითა და ძრავების ზომის შემცირებითაა შეპყრობილი. ჩვენ კი გადავწყვიტეთ დიდ ძრავებს პატივი მივაგოთ! ამ სტატიაში ვერ შეხვდებით ვერც ერთ ავტომობილს, რომელსაც 6.0-ლიტრიანზე პატარა ძრავა აქვს. ყველა მათგანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა გამოშვებული.
1993 წლის McLaren F1 – 6.1-ლიტრიანი V12
F1 ჩვენს ტოპებში სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ მომხვდარა. თანაც ის ყოველთვის მოწინავე ადგილებს იკავებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ BMW S70/2 ძრავა შთამბეჭდავი არ არის.
627 ცხენის ძალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ავტომობილი თავის დროში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გამხდარიყო. მისი ძრავის ადგილი მოოქროვილი ჩარჩოთი იყო შემოფარგლული, რაც ამ ავტომობილს უფრო ძვირფასს ხდიდა.
2012 წლის Audi A8 L - 6.3-ლიტრიანი W12
Audi A8 ალბათ ამ სიაში ყველაზე მოკრძალებული ავტომობილია. მიუხედავად ამისა, მას საკმაოდ დიდი ძალა აქვს. მესამე თაობის სალონში 6.3-ლიტრიანი W12 ძრავაა.
თვლების გრძელბაზიან ვერსიაში ეს ძრავა 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავას შეჯავშნულ A8 L ვერსიაშიც შეხვდებით.
2020 წლის Bentley Mulsanne – 6.75-ლიტრიანი V8
ამ ავტომობილს ფესვები 1959 წლიდან იწყება. 6.75-ლიტრიანი ძრავა პირველად 1968 წელს გამოჩნდა. ათწლეულების შემდეგ კი მას ბევრ Rolls-Royce-სა და Bentley-ში შევხვდებით.
2020 წლის მოდელი ამ ძრავის ბოლო გაჩერებაა. Mulsanne ბოლო Bentley იქნება, რომელიც ამ ძრავით გამოვიდა. მიმდინარე მოდელის შემთხვევაში ეს ძრავა 530 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავას, როგორც „6 მთელ 3 მეოთხედს“ მოიხსენებენ და არა როგორც „6 მთელ 75-ს“.
2000 წლის Ford Excursion – 6.8-ლიტრიანი V10
Ford Excursion-ი ამერიკული სტანდარტებითაც კი უზარმაზარი სუვია. ის პლატფორმას F-250 Super Duty პიკაპთან იზიარებს. მისი წონა 3 300კგ-ია. მასში სულ მცირე 9 ადამიანი ეტევა.
მას შესაფერისი ძრავაც ჰქონდა. 6.8-ლიტრიანი Triton V10. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი საშინლად არაეკონომიური იყო, რამაც 310-ცხენისძალიანი სუვის წარმოება 2005 წელს დაასრულა.
1975 წლის Mercedes-Benz 450SEL – 6.9-ლიტრიანი V8
1975 წელს ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობების Mercedes-Benz-ი იყო. ის S Class-ის თვლების გრძელბაზიან ვერსიაზე იყო დაფუძნებული. მას ძველი 300SEL-იდან 6.3-ლიტრიანი ძრავის გაზრდილი ვერსია - 6.9-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა.
282 ცხენის ძალა დღეისთვის შესაძლოა ცოტად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ დროს ეს შესანიშნავი იყო. 0-100კმ/სთ-მდე 7 წამში აღწევდა. ეს იყო პირველი Mercedes-ი, რომელსაც ჰიდროპნევმატიკური, ავტომატურად დარეგულირებადი დაკიდების სისტემა ჰქონდა. მძღოლს კლირენსის დადაბლება სალონიდან შეეძლო.
1993 წლის Lister Storm – 7.0-ლიტრიანი V12
ეს ავტომობილი ამ სიაში ალბათ ყველაზე ნაკლებად ცნობილია, მაგრამ 1993 წელს, როცა მისი დებიუტი შედგა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მისი Jaguar-ის ძრავა Le Mans-ის ბოლიდიდან იყო. თანაც ის იყო ყველაზე დიდი V12 ძრავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც სერიულ ავტომობილში მოათავსეს.
546 ცხენის ძალით, ის იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფი 4-კარიანი ავტომობილი. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ. Storm-ი 4 ეგზემპლარად აიწყო. ის Le Mans-სა და FIA GT Championship-ზეც გამოჩნდა.
2003 წლის Pagani Zonda S Roadster – 7.3-ლიტრიანი V12
Pagani Mercedes-ის ძრავებით სარგებლობს. მიმდინარე მოდელ Huayra-ს 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ძრავა წილად უფრო ძველ მოდელ Zonda S-ს ერგო.
2002 წლის მოდელის, 7.3-ლიტრიანი, ატმოსფერული M120 AMG ძრავა 547 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2003 წელს როდსტერი გამოვიდა, რომელიც V12 ძრავის ხმით უკეთ ტკბობის საშუალებას იძლევა.
1997 წლის Dodge Ram 2500 – 8.0-ლიტრიანი V10
1997 წელს თუ Dodge Ram_ით მძიმე ტვირთის ბუქსირებას აპირებდით და დიზელის ძრავა არ მოგწონდათ, მაშინ Magnum V10 თქვენს დასახმარებლად მზად იყო. ის 2500 და ვერსიებში გვხვდებოდა. 8.0-ლიტრიანი აგრეგატი 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
იქნებ, დღევანდელი დიზელოფობიის დამარცხება უზარმაზარი 10-ცილინდრიანი ძრავებითაა შესაძლებელი?
2021 წლის Bugatti Chiron Pur Sport – 8.0-ლიტრიანი W16
ამ შემთხვევაში 8.0 და W18 ძრავაზე მეტად ყურადღებას მისი წარმოუდგენელი შესაძლებლობები იპყრობს. 4-ტურბოკომპრესორი და 1500 ცხენის ძალა შთამბეჭდავია.
ეს ჩვენს სიაში ყველაზე დიდძრავიანი ევროპული ავტომობილია და გვიჩვენებს რამხელა უპირატესობა აქვს დიდ ძრავებს ჩაბერვით.
2001 წლის Chevrolet Suburban 2500 – 8.1-ლიტრიანი V8
თუ გეგონათ, რომ ჩვენს სიაში Ford Excursion-ი ყველაზე დიდი და ძლიერი სუვი იყო, მაშინ თქვენ ცდებით. Excursion-ის მსგავსად, Suburban-იც პიკაპის, ამ შემთხვევაში Chevy Silverado-ს პლატფორმაზეა.
8.1-ლიტრიანი Vortec ძრავა 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იმის ცოდნა, რომ მსგავსი ძრავა U-Haul სატვირთოებსა და შეჯავშნულ ავტომობილებში გამოიყენება, სასიამოვნოა. თანაც, ის ყოველდღიურობისთვისაც გამოსადეგია.
2015 წლის Dodge Viper SRT – 8.4-ლიტრიანი V10
როგორც ჩანს, SRT-ს ინჟინრები 2008 წელს ძველი ძალებით უკმაყოფილო იყვნენ. მათ ძრავიდან მეტი ამოიღეს. მეხუთე და უკანასკნელ თაობაში 8.4-ლიტრიანი ძრავა 645 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე 335კმ/სთ. Viper-ი ისტორიას ჩაბარდა და ალბათ ასეთ დიდძრავიან სერიულ ავტომობილს ვეღარც ვნახავთ.
2003 წლის Cadillac Sixteen Concept – 13.6-ლიტრიანი V16
ჩვენ ცოტათი ჩვენს წესებს გადავუხვიეთ, როცა სიაში 1000-ცხენისძალიანი 13.6-ლიტრიანი Sixteen კონცეპტი მოვახვედრეთ. ჩვენს დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ Cadillac-მა სამუშაო ვერსია ააწყო, რომელიც Top Gear-ში გამოჩნდა.
I1930-იანებში კი კომპანია სერიულად V16-ძრავიან ავტომობილებს უშვებდა. მათი მოცულობა 7. 4 ლიტრი იყო. საწვავის დასაზოგად, Sixteen-ს თორმეტ ან 8 ცილინდრზე მუშაობა შეეძლო.