ფორმულა 1-ს გზამკვლევი დამწყებთათვის
რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ამ სპორტის მოძულეებმა, ფორმულა 1 მხოლოდ წრეებზე სიარული არ არის. ეს არის სპორტი, რომელიც თავს ადვილად შეგაყვარებთ. როგორც დამწყებს, შესაძლოა ცოტათი რთული მოგეჩვენოთ. წესები ყოველ წელს უფრო რთულად გასაგები ხდება. თავს მარტო სულად გრძნობთ, როცა თქვენი მეგობრები გრან პრიზე, პილოტებსა და ბოლიდებზე საუბრობენ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
ფორმულა 1 მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტოსპორტია. ეს კი გზამკვლევია დამწყებთათვის...
რა არის ფორმულა 1?
ფორმულა 1 რბოლების სერიაა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმართება. რბოლა ღიასაბურავიანი, ღიაკაბინიანი, ერთ ადგილიანი ავტომობილებით იმართება. ერთ დროს ფორმულა 1-ში 6-თვლიანი ბოლიდებიც მონაწილეობდა.
სიტყვა „ფორმულა“ იმას გულისხმობს, რომ კონსტრუქტორებმა და მექანიკოსებმა ბოლიდის აწყობისას მკაცრი წესები უნდა დაიცვან.
როცა ავტორბოლები დაიწყო ძრავისა და მანქანის ზომის რეგულაციები არ არსებობდა. რბოლები არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. ზოგიერთი პილოტი სასიკვდილოდაც კი შავდებოდა.
როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რბოლები განახლდა, ამ სპორტის მმართველმა ორგანიზაციამ FIA-მ ახალი რეგულაციები დააწესა. ამან გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. კონსტრუქტორებს რეგულაციებისთვის ფეხის ასაწყობად უფრო მეტი შრომა უწევდათ. პილოტების როლიც გაიზარდა.
სიტყვა „ერთი“ FIA-ს მიერ კლასიფიცირებული სარბოლო ტრასების, ბოლიდებისა და შესაბამისი ლიცენზიის მქონე პილოტებისგან მომდინარეობს. ასევე ფორმულას რბოლაში უმაღლეს საფეხურს აღნიშნავს.
ფორმულა ერთს Federation Internationale de l’Automobile (FIA) მართავს. ეს ორგანიზაცია 1904 წლის 20 ივნისს დაარსდა. ორგანიზაცია ცვლის წესებსა და რეგულაციებს. უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიან გარემოს.
ფორმულა 1-ს ბოლიდები
ფორმულა 1-ს ბოლიდები ინჟინერიის შედევრია და მათ აწყობაში დიდი ძალისხმევა და ფული იხარჯება. სწორედ ამიტომ, გარდა ინდივიდუალური ჩემპიონატისა, იმავდროულად გუნდების ორივე პილოტის ქულები იკრიბება და კონსტრუქტორთა ჩემპიონატიც ტარდება.
70+ წლის განმავლობაში ფორმულა 1-ს ბოლიდი მრავალმხრივ განვითარდა. ახლა ის ბევრად უსაფრთხო და უკეთ მანევრირებადია.
ფორმულა 1-ს ბოლიდის აეროდინამიკის კომპლექსურობა ამ ბოლო დროს რბოლის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ახალი აეროდინამიკული ელემენტები სულ უფრო მეტ დაბინძურებულ ჰაერს ქმნის და მის უკან მიმავალ ავტომობილებს მიმჭერ ძალას აკარგვინებს. 2022 წლის სეზონისთვის ახალი აეროდინამიკული რეგულაციები წარმოადგინეს, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ამ ჭუჭყიანი ჰაერის შემცირებაა.
F1 ამბობს, რომ ახლანდელი ბოლიდები მიმჭერი ძალის 35%-ს კარგავს მაშინ, როცა წინა ბოლიდს სამი კორპუსით ჩამორჩება. დანაკარგი 47%-ია, როცა დაშორება ერთი კორპუსია. ახალი რეგულაციებით ეს დანაკარგი 4 და 18 პროცენტით უნდა შემცირდეს. გარდაქმნილი წინა ფრთა ახლა უფრო მარტივია.
კიდევ ერთი დიდი ცვლილება ბოლიდის ძირია. ამჟამინდელ ბოლიდებში პრობლემა ბოლიდის ბრტყელი ფსკერია. 2022 წლის მოდელს ე.წ. „ვენტურის“ მილი ექნება, რომელიც შედგება კონფუზისგან (განყოფილება, სადაც ჰაერის არხის მონაკვეთი მცირდება) და დიფუზორისგან. სწორედ მანქანის ამ ნაწილში უნდა წარმოიქმნას მიმჭერი ძალის დიდი წილი.
კიდევ ერთი შესამჩნევი განსხვავება 18-იანი დისკებია, დაბალპროფილიანი საბურავებით. ამჟამინდელ მოდელებს 13-იანი აქვს. ცვლილებების ხარჯზე „მდევარი“ ავტომობილის საბურავების ცვეთა შემცირდება.
განახლება უკანა ფრთამაც მიიღო. მას ახლა უფრო მომრგვალებული ბოლოები აქვს.
2022 წლის ბოლიდები, უფრო დიდი დისკების წყალობით, 5%-ით უფრო მძიმე იქნება. რა თქმა უნდა, F1-ს წარმოდგენილი ბოლიდი მხოლოდ შაბლონია და გუნდებს, რეგულაციების დაცვით, იმპროვიზაცია შეუძლიათ. თუმცა, ახალი დიზაინი იმედისმომცემად გამოიყურება და რბოლაც უფრო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
ფორმულა 1-ს საბურავები
საბურავები ფორმულა 1-ში უდიდეს როლს თამაშობს. FIA-მ Pirelli საბურავების მთავარ მომმარაგებლად შეარჩია. სტანდარტული, ყოველდღიური გამოყენების საბურავებისგან განსხვავებით, ფორმულას საბურავები საშუალოდ 60-120კმ-ს უძლებს.
საბურავების ერთი კომპლექტი მთელი რბოლისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, პილოტებს „პიტ სტოპზე“ საბურავების გამოსაცვლელად შესვლა უწევთ. პიტ სტოპების სტრატეგია და შესრულების სისწრაფე გადამწყვეტ როლს თამაშობს. საბურავებს სიხისტის მიხედვით კატეგორიებად ყოფენ. C1 ყველაზე ხისტია, C5 ყველაზე რბილი.
გუნდები და პილოტები
ფორმულა 1 მხოლოდ ინდივიდუალური ჩემპიონატი არ არის. მასში გუნდები მონაწილეობენ. პირველობისთვის ერთმანეთს 10 გუნდი და 20 პილოტი ეჯიბრება.
- Mercedes AMG Petronas - ლუის ჰამილტონი (7-გზის მსოფლიო ჩემპიონი) და ჯორჯ რასელი
- Red Bull Racing - მაქს ფერსტაპენი (მსოფლიო ჩემპიონი) და სერხიო პერესი
- McLaren - ლანდო ნორისი და დენიელ რიკიარდო
- Aston Martin Racing - სებასტიან ფეტელი (4-გზის მსოფლიო ჩემპიონი) და ლენს სტროლი
- Ferrari - შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი
- Alpine - ესტებან ოკონი და ფერნანდო ალონსო (2-გზის მსოფლიო ჩემპიონი)
- AlphaTauri - პიერ გასლი და იუკი ცუნოდა
- Alfa Romeo Racing - ვალტერი ბოტასი და გუან ჯოუ
- Haas F1 Team - მიკ შუმახერი და კევინ მაგნუსენი
- Williams - ნიკოლას ლატიფი და ალექს ალბონი
Formula 1-ს პილოტები ყოველთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არიან. მათ კარგი რეფლექსები აქვთ. რბოლის დროს მათ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევა აქვთ. ამის გამო ისინი თავის ფიზიკურ ფორმაზე ძალიან ზრუნავენ.
თუ ერთი რბოლა მაინც გინახავთ, მაშინ შეამჩნევდით, რომ რბოლის მერე პილოტები სასწორზე დგებიან. ეს იმიტომ, რომ ისინი რბოლის დროს წონას კარგავენ. მთავარი გამოწვევა კი მაინც მიზიდულობის ძალასთან გამკლავებაა. ეს არის ძალა, რომელსაც პილოტი აჩქარებისას ან მოსახვევებში განიცდის. აჩქარებისას ეს ძალა 2G-ია, მკვეთრ მოსახვევში კი 6G! ეს იმას ნიშნავს, რომ პილოტებზე მათ ზონაზე 6-ჯერ მეტი ძალა მოქმედებს.
კისრის და ფეხების საჭირო პოზიციაში შენარჩუნება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც, ყველაზე ხშირად პილოტები კისრის კუნთების გამაგრებაზე მუშაობენ.
ფორმულა 1-ს ტრასები
როგორც წესი, სეზონი ყოველწლიურად მარტში იწყებდა და დეკემბერში სრულდება. თუმცა, კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა.
რბოლისთვის ტრასებს ლიცენზიას FIA აძლევს. ტრასების უმეტესობა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებას ემთხვევა. ისეთი ტრასები, რომლებიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებას ემთხვევა, პილოტებისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან მიზიდულობის ძალა მათ კისერზე ისე მოქმედებს, როგორც მათი სხეული შეჩვეული ნაკლებადაა.
რბოლის საშუალო დრო 2 საათია. დისტანცია კი 305 კილომეტრი. გასავლელი წრეების რაოდენობა ტრასის სიგრძის მიხედვით ისაზღვრება.
მაგალითისთვის, მონაკო ნელი ტრასაა. მასზე პილოტებს 260 კილომეტრის გავლა უწევთ. ტრასის სიგრძე მხოლოდ 3.34-კმ-ია. ტრასების საშუალო სიგრძე 5 კილომეტრია. Spa-Francorchamps-ის ტრასის სიგრძე 7 კილომეტრია.
ხშირად გამოყენებადი ტერმინები
გუნდები და კომენტატორები ხშირად მიმართავენ ტერმინებს, რომელიც შესაძლოა, ყველასთვის გასაგები არ იყოს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ, ვეცდებით, რომ რამდენიმე განვმარტოთ:
BOX- ბოქსები - ასე მოუწოდებენ პილოტს, რომ პიტ სტოპშე შესვლის შესვლის დროა. სიტყვა Box გერმანული Boxenstopp-ის შემოკლებაა, რაც პიტ სტოპს ნიშნავს.
ჭუჭყიანი ჰაერი - ჭუჭყიანი ჰაერი ტურბულენტური ჰაერია, რომელსაც წინ მიმავალი ბოლიდი ტოვებს. ყველა მდევარი ავტომობილი წინაღობას გრძნობს.
DRS - Drag Reduction System (DRS) - წინაღობის შემცირების სისტემის გამოყენება მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება. ჭუჭყიანი ჰაერი წინაღობას ზრდის და ამცირებს მიმჭერ ძალას. DRS ამცირებს წინაღობას და ზრდის ამ ძალას. ის პილოტს სწორ მონაკვეთზე წინ მიმავალი ავტომობილის გასწრებაში ეხმარება.
Oversteer/Understeer – „ჭარბი მობრუნებადობა“/ „არასაკმარისი მობრუნებადობა“
Oversteer - როცა მოხვევისას უკანა თვლები ჩაჭიდებას დაკარგავს და ზოლიდან გადავა.
Understeer - როცა წინა თვლები ჩაჭიდებას კარგავს და ბოლიდი ისე ვერ ბრუნდება, როგორც პილოტს ჰქონდა განსაზღვრული.
ძალური აგრეგატი - დღევანდელ ბოლიდებს უფრო ძალური აგრეგატი აქვს, ვიდრე უბრალოდ ძრავა. აგრეგატი 6 კომპონენტისგან შედგება: შიგაწვის ძრავა, ტურბო კომპრესორი, მოტორ-გენერატორი, მოტორ გენერატორი - კინეტიკური, ენერგიის შემნახველი და ელექტრონული მართვის ბლოკი.
გრან პრის უიქენდი
რბოლის უიქენდი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. იწყება პარასკევს და სრულდება კვირას. როგორც წესი, პარასკევს ვარჯიშია. ვარჯიშის დროს პილოტები ტრასას ეგუებიან, სხვადასხვა საბურავს ცდიან. შაბათს კვალიფიკაციაა. კვალიფიკაციის შედეგად დგინდება, რომელი პილოტი რომელი პოზიციიდან დაიწყებს კვირას რბოლას. 2021 წელს ზოგიერთ გრან პრიზე სტანდარტული კვალიფიკაციის ნაცვლად სპრინტერული კვალიფიკაცია ტარდება, რომელიც მინი რბოლაა. კვირას კი უკვე მთავარი ღონისძიება - რბოლაა. როგორც წესი, უიქენდის დროს სხვა ღონისძიებებიც მიმდინარეობას. მაგალითად, ტრასაზე გასეირნება, პილოტების მიერ ავტოგრაფების დარიგება და კონცერტები.
ასეთია გზამკვლევი ფორმულა 1-ს სამყაროში დამწყებთათვის. იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ამ სპორტში უკეთ გაერკვევით და ვერავინ დაგარწმუნებთ, რომ ფორმულა 1 მხოლოდ წრეებზე სიარულია.