როტორული ძრავის აღორძინება: Mazda MX-30
ეს ძრავა ამ მოდელის მანძილის გავლის დიაპაზონს ბატარეების შეუცვლელად გაზრდის.
Mazda MX-30 ელექტრონული კროსოვერია, რომლის გაყიდვები ევროპაში 2021 წლიდან დაიწყება. ავტომწარმოებლის განცხადებით, ამ მოდელს, დიდი ალბათობით, როტორული ძრავა ექნება, როგორც ბატარეების დამტენი გენერატორი. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით „მაზდას“ ინჟინრები ავტომობილის გავლილი მანძილის დიაპაზონის 2-ჯერ გაზრდას ვარაუდობენ. ამისთვის მათ კომპანიის 100-წლიან ისტორიას მიმართეს.
MX-30-ის პირველ გამოშვებას, რომელიც გაყიდვების დაწყებისას ხელმისაწვდომი იქნება, 143-ცხენისძალიანი ელექტროძრავა და 35,5 კილოვატ საათში მოცულობის ბატარეები ექნება. ძალოვანი აგრეგატების ასეთი კომბინაციით მხოლოდ 209 კმ მანძილის გავლას შეძლებს. ელექტრომობილების არსებულ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა და „მაზდა“ დანარჩენ კონკურენტებს საკმაოდ ჩამორჩება. მის კონკურენტებს ერთი სრული დატენვის შემდეგ, ფაქტობრივად, 2-ჯერ მეტი მანძილის გავლა შეუძლიათ.
„მაზდა“ ამ პრობლემას აცნობიერებს და ამიტომაც დიაპაზონის გაზრდის ახალ ხერხებს ეძებს. „მაზდას“ სსურს, რომ MX-30 დაბალბიუჯეტიანი, ხელმისაწვდომი ავტომობილი გამოვიდეს და ბატარეების მოცულობის გაზრდა ამ სურვილის უკუპროპორციულია.
„მაზდას“ ისტორიას რომ გადავხედოთ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, 2013 წელს მათ Mazda 2-ის კონცეპტი გამოუშვეს. კონცეპტის მანძილის დიაპაზონის გაზრდის მიზნით, მას ერთროტორიანი 0,333 ლ მოცულობის ძრავა დაუყენეს. ძრავა 38 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძალოვანი აგრეგატი და საწვავის 9-ლიტრიანი ავზი ავტომობილის საბარგულის იატაკქვეშ ჰორიზონტალურად იყო დამონტაჟებული და 100 კგ-ს იწონიდა. კონცეპტის ასეთი მექანიზმი 20-კილოვატიანი ელექტროაგრეგატის მქონე ავტომობილის მანძილის დიაპაზონს 2-ჯერ ზრდიდა.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ უფრო დიდ MX-30-ში პატარა როტორულ ძრავას ვიხილავთ.
ეს „მაზდას“ პირველი როტორული ძრავა არ არის. ეს ავტომწარმოებელი ზუსტადაც რომ როტორული ძრავების მქონე ავტომობილების წარმოებით არის ცნობილი. ყველაზე პოპულარული კი Mazda RX-7-ია, რომელიც 1978 წლიდან 2002 წლამდე იწარმოებოდა და სამი თაობის განმავლობაში 811 634 ერთეული გამოუშვეს.