წერილის დატოვებიდან 14 წლის შემდეგ, კაცმა Pontiac 6000 შეიძინა
შესანიშნავი ისტორია ავტომობილსა და ორ ადამიანზე, რომლებსაც ის ძალიან უყვარდათ.
ყველა ავტომობილს Ferrari-სა და Mustang-ის სული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ მათგანში არის რაღაც, რაც მას შეგაყვარებს. სიყვარულს ხომ ახნა არ აქვს. უბრალოდ ერთი ავტომობილია, რომელიც ვიღაცისთვის რაღაცას ნიშნავს.
გაიცანით, ჯონ სიმონსი და 1990 წლის Pontiac 6000 SE AWD. დიახ, Pontiac-მა ოთხივეწამყვანი ავტომობილი ააწყო. 2000-იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი სედანი General Motors-ისგან, რომელსაც ოთხივეწამყვანი სისტემა ჰქონდა.
ეს ავტომობილი ეპოქის დასარულიც იყო. მას შემდეგ კომპანიის ავტომობილებზე დეტროიტის ნაცვლად, ევროპის გავლენა იგრძნობა. 1991 წელს 6000-ის წარმოება შეწყდა და მხოლოდ ისტორიას დარჩა.
„ჩემი სიყვარული Pontiac-ების მიმართ 5 წლის ასაკში გაღვივდა. ჩემმა ბებიამ და ბაბუამ 1992 წლის Pontiac Bonneville SSEi შეიძინეს. მიყვარდა ის ავტომობილი. მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ავტოსამყაროს მოყვარულ ბავშვზე დიდი გავლენა მოეხდინა. როცა, 16 წლის გავხდი ის მაჩუქეს. მას შემდეგ Pontiac-ის ბრენდზე უფრო მეტი გავიგე“. - ამბობს სიმონსი.
როცა ელენსბურგში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეზოში 6000 SE AWD დაინახა, თავი ვერ შეიკავა და მის მფლობელს პატარა წერილი დაუტოვა. ასევე მისი მეილი დაუტოვა და სთხოვა, მიეწერა, თუ ავტომობილის გაყიდვას გადაწყვეტდა. ეს 2007 წლის სექტემბერში მოხდა.
„როცა დავინახე, ვიცოდი, რომ იშვიათი ავტომობილი იყო. წერილის დატოვებით არაფერი დაშავდებოდა. ეს უბრალოდ ავტომობილის მფლობელის მიმართ აღფრთოვანების გამოხატვა იყო“.
თითქმის 14 წლის შემდეგ დადგა დღე, როცა სიმონსმა ავტომობილზე შეტყობინება მიიღო. როგორც ჩანს, ეს წერილი ავტომობილის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან დინ როსმა ის გარდაცვალების დრომდე შეინახა. როსი ელენსბურგში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ის 2021 წლის მარტში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. 30 წლის განმავლობაში მექანიკოსად მუშაობდა. დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა.
6000 SE AWD შესანიშნავად გამოიყურება. როგორც ჩანს, მექანიკოსმა მას კარგად მოუარა. ახლა ის სიმონსის მფლობელობაშია და დიდ დროს ავტოფარეხში ატარებს. გამოყენებამდე მას რამდენიმე დეტალის შეკეთება სურს. როსი კი ამაყი იქნებოდა იმით, რომ მისი ავტომობილი კარგ ხელში მოხვდა.