2022 წლის Mercedes-Benz EQS: მდიდრულობის ახლებური სტანდარტი
Aa
Aa

2022 წლის Mercedes-Benz EQS: მდიდრულობის ახლებური სტანდარტი

ის ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ ტიპური Mercedes-ივით დადის.

როდესაც Mercedes-Benz-ის მოდელზე S-ის ნიშანს დაინახავთ თქვენი მოლოდინები იზრდება. AMG-ს მოდელების შემთხვევაში წარწერა მაღალ წარმადობასა და აგრესიულ დიზაინს გულისხმობს. S580, GLS-ი და ა.შ. კი კომფორტულობასა და მდიდრულობას უსვამს ხაზს. ახლა კი 2022 წლის Mercedes-Benz EQS-ი გამოვიდა, რომელსაც ინგლისური ანბანის მე-19 ასო ამშვენებს. ამართლებს თუ არა ის შესაბამის მოლოდინებს? აქ სწორედ ამის გასარკვევად ვართ.

ახალი EV-ის ფლაგმანი აშშ-ში უკანა წამყვანი EQS 450+-სა და სრულად ამძრავი EQS 580 4Maric-ის სახით გამოჩნდება. EQS-ს სრულად ახალი დიზაინი აქვს და ის 107.8-კილოვატსაათიანი ბატარეითაა აღჭურვილი. ასეთი სიმძლავრის ბატარეას ორივე, 450 და 580 მოდელები მიიღებს. WLTP-ის შეფასებით, სრული დამუხტვით ავტომობილი 780კმ-ს გაივლის. სხვათა შორის, თუ 450-ის სახელთან პლუსმა დაგაფიქრათ გეტყვით, რომ ეს ბატარეებისა და სვლის მარაგის გაზრდის რაოდენობას ნიშნავს.

ექსტერიერის დიზაინი


ამ ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის შეფასება პირველ შთაბეჭდილებაზეა დამოკიდებული. ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს მიმზიდველი ავტომობილი არ არის. სახურავს თაღისებრი ფორმა აქვს, ძრავის ხუფის განყოფილება მოლუსკის ნიჟარას წააგავს და საერთო ჯამში ის იდეას, რომლის მიხედვითადაც ელექტრო მობილი შიგაწვისძრავიან ავტომობილს არ უნდა ჰგავდეს, გადაჭარბებულად ატარებს. რა პრობლემაა ეს? ყველა ჩვენგანი ასეთი ნახტომისთვის მზად არ არის. გარდა ამისა, არ ვართ დარწმუნებული იმაშიც, რომ ასეთი დიზაინი მეტ პრაქტიკულობას ნიშნავს. მაგალითად, „ძრავის ხუფის“ ადგილას, სათავსო არ გვაქვს, ხოლო მძღოლის წინ შესამჩნევად დიდი ადგილია.

მიუხედავად ყველაფრისა, EQS-ის ექსტერიერის დიზაინში გამაღიზიანებლად არაფერი გამოიყურება. მცირე დაკვირვებისას შეამჩნევთ, რომ დეტალებზე ყურადღებაა გამახვილებული. ცხაურაზე ვარსკვლავის ფორმის გაფორმებაა დატანილი, მაშუქებიდან წამოსული ხაზები ერთმანეთს უერთდება, ხოლო საჰაეროების ჭრილები ესთეტიკურადაა გამოყვანილი. უკანა მხარეს ულამაზესი გადაბმული მაშუქები ამშვენებს, რომლის შიგნითაც საინტერესო ფორმის ნათურები ანათებს.

EQS-ის პროფილზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა არ გვითქვამს, რომ ავტომობილის ეს ფორმა მას საშუალებას აძლევს თრევის კოეფიციენტი 0.20-ზე დაწიოს. ამ მაჩვენებლით კი ის ინდუსტრიაში საუკეთესოა. გარდა ამისა, მოდელის სიგრძე მიუთითებს იმაზეც, რომ ავტომობილი ნამდვილი ფლაგმანია.

ინტერიერის დიზაინი

EQS-ის სალონი დავის საგანი ვერასდროს იქნება. თუ თქვენ Hyperscreen-ს შეუკვეთავთ ის სამ ინდივიდუალურ ეკრანს გააერთიანებს, რომელიც მომრგვალებული ფორმის კოკპიტზე იქნება განაწილებული. მძღოლის წინ 12.3-ინჩიანი მაჩვენებელთა დაფაა, ხოლო შუაში 17.7-ინჩიანი OLED ეკრანი, რომელშიც მულტიმედიაა განთავსებული. ახალ MBUX სისტემა საშუალებას იძლევა, რომ მასზე აუდიო მაკონტოლებელი იყოს ჩაშენებული, რაც ნიშნავს, რომ ღილაკები თითქმის არ გვაქვს. 12.3-ინჩიანი მესამე ეკრანი კი მგზავრისთვისაა განკუთვნილი. მისი დახმარებით მძღოლის გვერდით მჯდომი ადამიანი დანიშნულების ადგილს დააკვირდება, კლიმატკონტროლს, სავარძელსა და სხვა ფუნქციონალებს მოირგებს. გარდა ამისა, ინდივიდუალურად შეძლებს Bluetooth ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას.

დროთა განმავლობაში სისტემა თქვენს ყოველდღიურ რუტინას შეისწავლის, შემდეგ კი ზარების განხორციელებას ან მარშრუტს განრიგის მიხედვით გიკარნახებთ.

სალონში ხუთი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა. პრაქტიკულობა და მოხერხებულობა ასეთი თვალსაჩინო იშვიათად თუ არის ხოლმე. სურათზე ნაჩვენებ სავარძლებში მოთავსება ისეთივე კომფორტულია, როგორიც S-Class-ში. აქ საკმარისზე მეტი ადგილია ფეხებისთვის და თავისთვის. შუაში განთავსება კი დისკომფორტს არავის შეუქმნის. გარდა ამისა, აღსანიშნავია კარების პანელებში არსებული სათავსოებიც, რაც მოხერხებულობას კიდევ უფრო ზრდის. მწარმოებელი ამბობს, რომ 622-ლიტრიანი საბარგული წინა სათავსოს არსებობის საჭიროებას საერთოდ არ ქმნის.

სალონის მატერიალები და შესრულების ხარისხიც S-Class-ის დონისაა. დეტალები სოლიდურადაა შექმნილი, ტყავის გაფორმება რბილია, ხოლო პლასტმასები მაღალი ხარისხის გახლავთ. ასევე, ინტერიერში ხისა და მეტალის გაფორმებაცაა გამოყენებული.

თუ EQS-ის სალონის მოკლე დახასიათება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ის ბევრად უფრო ხარისხიანადაა შესრულებული, ვიდრე მისი კონკურენტი - Tesla Model S-ი. ასევე, ის Taycan-ზე უფრო პრაქტიკულიცაა. Mercedes-Benz-ის ტრადიციული მყიდველები ამ ავტომობილში თავს უცხოდ ნამდვილად არ იგრძნობენ.

წარმადობა და მართვადობა

EQS 580 4 Matic-ის თითოეულ ღერძთან ელექტრო აგრეგატია დამონტაჟებული, რომლებიც ჯამში 516 ცხენის ძალასა და 855 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილმა 100კმ/სთ 4.1 წამში განავითაროს, რაც ასეთი გრძელი და არა-AMG Mercedes-ისთვის გასაოცარი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი 2 600კგ-ს იწონის ის მოსახვევებიდან სწაფად გამოდის. გარდა მისა, ავტომობილის არასაკმარისი რეაქცია საჭის ბრუნვაზე მინიმუმამდეა დაყვანილი. EQS-ს მართვას უჩინარი ძრავის ხუფი და რეგენერაციის ტექნოლოგიის მქონე მუხრუჭები ვერ გამოარჩევს, მაგრამ ამ მანქანას აღმართის დასაძლევად არავინ გაწურავს.



როდესაც გრძელ გზაზე კრუიზს გადაწყვეტთ Mercedes-ის ეს სედანი თქვენს კომფორტულად მგზავრობაზე იზრუნებს. აღსანიშნავია მძღოლის დამხმარე საშუალებებიც, რაც მოდუნების შესაძლებლობას იძლება. EQS-ს ეს ყველა საჭირო ტექნოლოგია S-Class-ისგან აქვს აღებული. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი იდეალურად მუშაობს და მისი მოხმარება გრძელ გზაზე ნამდვილი მისწრებაა.



200 კილოვატიანი DC-ის სწრაფი დამტენი EQS-ს 10%-დან 80%-მდე 31 წუთში დამუხტავს. 290კმ-იანი სვლის მარაგის შექმნა კი ამავე სატენით 15 წუთში მოხერხდება. მწარმოებელი სახლის კედელზე დასამაგრებელ ბრენდირებულ კედლის საკიდს არ აყოლებს, თუმცა, კომერციული მოხმარების 9.6კვ-იანი AC დამტენი ავტომობილს სრულად 11 საათში და 15 წუთში დამუხტავს.

ფასი

კიდევ ერთი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც EQS-ს მოუწევს მის ფასს ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ საკითხის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. Mercedes-EQ-ს წარმომადგენლების მიხედვით, EQS-ის ფასი S-Class-ის ციფრებთან იქნება ახლოს. შესაბამისად, EQS 450-ის საწყის ფასად 110 000$ შეგვიძლია მოვიაზროთ. EQS 580-ის შეძენა კი რა თქმა უნდა უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. შედარებისთვის, გეტყვით, რომ Tesla Model S Long Range-ის ფასი 84 000$-ს, ხოლო Model S Plaid-ის 129 990$-ს შეადგენს. ეს ორი ავტომობილი უკეთესი წარმადობით გამოირჩევა, თუმცა ნაკლებად ხარისხიანი ინტერიერი აქვს.

Mercedes-ის სავარაუდო ღირებულებასთან Porsche-ს ექვივალენტი Taycan 4S-ია, რომელიც Performance Battery Plus-ით არის აღჭურვილი. Taycan-ი მართვის დაუვიწყარი გამოცდილებით ხასიათდება, რასაც მისი სპორტული პროპორციები განაპირობებს.

EQS-ის უდავო უპირატესობა მწარმოებლის გამოცდილებაა, რომელიც უკვე ათწლეულებია მდიდრულ სედანებს ქმნის. ეს ის შტრიხებია, რომელიც Mercedes-ს გამოარჩევს. EQS-ის ახალი ძალოვანი აგრეგატი და საოცრად კომფორტული სალონი გრძელ გზებზე სასიარულოდ იდეალურ მოწყობას გვთავაზობს.

მსგავსი სიახლეები